bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Luke 8
Luke 8
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 9 →
1
ამის შემდეგ დადიოდა ქალაქიდან ქალაქში და სოფლიდან სოფელში, ქადაგებდა და ახარებდა ღვთის სასუფეველს. და თორმეტნიც მასთან იყვნენ,
2
ასევე ზოგი დედაკაციც, რომელნიც განიკურნენ ავი სულებისა და სნეულებებისაგან: მარიამი, მაგდალელად წოდებული, რომლისგანაც შვიდი ეშმაკი გავიდა;
3
იოანა, ჰეროდეს მოურავის ქუზას ცოლი, სუსანა და ბევრი სხვა, რომელნიც ემსახურებოდნენ მას თავიანთი ქონებით.
4
როცა დიდძალი ხალხი მოგროვდა მასთან და ქალაქის ყველა მცხოვრები მიეახლა, მან დაიწყო იგავით ლაპარაკი:
5
„გამოვიდა მთესველი თავისი თესლის დასათესად. და თესვისას ზოგი გზის პირას დაცვივდა, გაითელა და ცის ფრინველებმა აკენკეს.
6
ზოგი კლდოვანზე დაცვივდა, აღმოცენდა და გახმა, ვინაიდან სინოტივე აკლდა.
7
ზოგი ეკლებში ჩაცვივდა, ეკალი გაიზარდა და გააჩანაგა.
8
ზოგი კი კარგ ნიადაგზე დაცვივდა, აღმოცენდა და ასმაგი ნაყოფი გამოიღო.“ ეს თქვა და დაიძახა: „ვისაც ყურები აქვს სასმენად, ისმინოს!“
9
ჰკითხეს მას მისმა მოწაფეებმა, რას ნიშნავდა ეს იგავი.
10
მან თქვა: „თქვენ მოგეცათ, რომ იცოდეთ ღვთის სასუფევლის საიდუმლოებანი, ხოლო სხვებს იგავებით მიეცათ, რომ უყურებდნენ და ვერ ხედავდნენ, ისმენდნენ და ვერ იგებდნენ.
11
ეს იგავი კი ამას ნიშნავს: ის თესლი ღვთის სიტყვაა.
12
გზასთან დაცვენილები კი ისინი არიან, ვისაც ესმით, მერე მოდის ეშმაკი და მიაქვს სიტყვა მათი გულიდან, რომ არ იწამონ და არ გადარჩნენ.
13
ესენი კი, კლდეზე რომ არიან, ისინია, ვინც მოისმენენ სიტყვას და სიხარულით მიიღებენ, მაგრამ ფესვი არა აქვთ და მხოლოდ მცირე ხანს სწამთ, განსაცდელის ჟამს კი განდგებიან.
14
ხოლო ეკლებში ჩაცვენილნი ისინი არიან, ვინც ისმენენ, მაგრამ ცხოვრების გზაზე საზრუნავი, სიმდიდრე და განცხრომანი აჩანაგებენ მათ და ნაყოფი ვეღარ მწიფდება.
15
ხოლო კარგ მიწაზე დაცვენილნი ისინი არიან, ვინც კეთილი და წრფელი გულით ისმენენ სიტყვას, იცავენ და მოთმინებით იძლევიან ნაყოფს.“
16
„არავინ ანთებს სანთელს, რომ ჭურჭელი დაახუროს ზედ ან საწოლ ქვეშ შეედგას, არამედ სასანთლეზე დადებს, რათა შემომსვლელებმა იხილონ ნათელი.
17
ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომელიც ცხადი არ გახდეს, არც დამალული, რომელიც არ გამჟღავნდეს და არ გაცხადდეს.
18
ამიტომ დაუკვირდით, როგორ ისმენთ: ვისაც აქვს, მას მიეცემა. ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც ჰგონია, რომ ექნება.“
19
მივიდნენ მასთან მისი დედა და ძმები და ვერ შეძლეს ახლოს მისვლა ხალხის გამო.
20
შეატყობინეს მას: დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან, შენი ნახვა სურთო.
21
ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: „დედაჩემი და ჩემი ძმები ისინი არიან, ვინც ღვთის სიტყვას ისმენენ და ასრულებენ.“
22
მოხდა ისე, რომ ერთ დღეს იგი ჩაჯდა ნავში თავის მოწაფეებთან ერთად, და უთხრა მათ: „გადავიდეთ ტბის გაღმა,“ და გაცურეს.
23
როცა მიცურავდნენ, მას ჩაეძინა, და ტბაზე ქარიშხალი ამოვარდა. ნავი წყლით ევსებოდათ და საფრთხეში იყვნენ.
24
მივიდნენ, გააღვიძეს და უთხრეს: „მოძღვარო, მოძღვარო, ვიღუპებით.“ და მან, გაღვიძებულმა, შერისხა ქარი და წყლის ღელვა, და დაცხრნენ და ჩამოვარდა მყუდროება.
25
უთხრა მათ: „სად არის თქვენი რწმენა?“ ისინი შიშითა და გაოცებით ეუბნებოდნენ ერთიმეორეს: „ვინ არის ეს, ქარებსაც რომ უბრძანებს და წყალსაც, და ემორჩილებიან მას?“
26
გადაცურეს გერასენელთა ქვეყნისკენ, რომელიც გალილეის გაღმა მხარეს არის.
27
როცა გავიდა ხმელეთზე, წინ შემოხვდა ერთი კაცი ქალაქიდან. მას ეშმაკები დაუფლებოდნენ დიდი ხანის წინ და არც სამოსელს იცვამდა და არც სახლში ცხოვრობდა, არამედ სამარხებში.
28
როგორც კი დაინახა იესო, დაიკივლა, მის წინ დაეცა და ხმამაღლა იყვირა: „რა გინდა ჩემგან, იესო, ძეო მაღალი ღვთისა? გევედრები, ნუ მტანჯავ.“
29
ვინაიდან უბრძანა არაწმიდა სულს ამ კაცისგან გამოსულიყო (ვინაიდან დიდ ხანს სტანჯავდა მას, ჰკრავდნენ ჯაჭვებით და ბორკილებით, რომ დაეკავებინათ იგი. მაგრამ ის წყვეტდა ბორკილებს და იდევნებოდა ეშმაკის მიერ უდაბნოებში).
30
ჰკითხა მას იესომ: „რა არის შენი სახელი?“ მან უთხრა: „ლეგიონი,“ ვინაიდან ბევრი ეშმაკი იყო მასში შესული.
31
და ევედრებოდნენ იესოს, რომ არ ებრძანებინა მათთვის უფსკრულში ჩასვლა.
32
იქ იყო ღორების დიდი კოლტი, რომელიც მთაზე ძოვდა. ეშმაკები შეევედრნენ იესოს, რომ ნება დაერთო შესულიყვნენ მათში, და მან დართო ნება.
33
გამოვიდნენ ეშმაკები იმ კაციდან და შევიდნენ ღორებში. კოლტი კბოდედან გადაეშვა ტბაში და ჩაიხრჩო.
34
ეს ამბავი რომ დაინახეს მწყემსებმა, გაიქცნენ და შეატყობინეს ქალაქსა და სოფლებს.
35
გამოვიდნენ მომხდარის სანახავად. მოვიდნენ იესოსთან და ნახეს კაცი, რომლისგანაც გავიდნენ ეშმაკები. იგი შემოსილი და გონსმოგებული იჯდა იესოს ფერხთით, და შეეშინდათ.
36
მხილველებმა უამბეს, როგორ გადარჩა ეშმაკეული.
37
ევედრებოდა გერასენელთა სანახების მთელი ხალხი, რათა გასცლოდა მათ, ვინაიდან დიდმა შიშმა მოიცვა ისინი. ისიც ჩაჯდა ნავში და გაბრუნდა.
38
ის კაცი, რომლისგანაც ეშმაკები გავიდნენ, შეევედრა იესოს, თავისთან დაეტოვებინა, მაგრამ მან გაუშვა და უთხრა:
39
„დაბრუნდი შინ და უამბე, რაც გიყო ღმერთმა.“ ისიც წავიდა და მთელ ქალაქს ამცნობდა, რა გაუკეთა იესომ.
40
როცა იესო დაბრუნდა, ხალხმა მიიღო იგი, ვინაიდან ყველანი ელოდნენ მას.
41
და აჰა, მოვიდა კაცი სახელად იაიროსი, რომელიც სინაგოგის მთავარი იყო. დაემხო იესოს ფერხთით და ევედრებოდა, შინ გაჰყოლოდა.
42
ვინაიდან ერთადერთი ასული ჰყავდა, თორმეტი წლისა, და უკვდებოდა. იესო რომ მიდიოდა, ხალხი ზედ აწყდებოდა მას.
43
იყო ერთი ქალი, რომელიც თორმეტი წელი სისხლის დენით იტანჯებოდა, მთელი ქონება ექიმებს დაახარჯა და ვერავინ განკურნა.
44
უკნიდან მიეპარა და მისი ტანსაცმლის კალთას შეეხო. იმწამსვე შეუწყდა სისხლის დენა.
45
თქვა იესომ: „ვინ შემეხო?“ როცა ყველამ იუარა, პეტრემ და მასთან მყოფებმა უთხრეს: „მოძღვარო, ხალხი გარს გახვევია და ზედ გაწყდება, შენ კი ამბობ, ვინ შემეხოო?“
46
ხოლო იესომ თქვა: „ვიღაც შემეხო მე, რადგან ვგრძნობ, რომ ძალა გავიდა ჩემგან.“
47
ქალმა, რაკი დაინახა, რომ ვერ დაიმალა, მიუახლოვდა ძრწოლით, დაემხო მის წინაშე და საჯაროდ განაცხადა, რა მიზეზითაც შეეხო და როგორ უცბად განიკურნა.
48
უთხრა მას: „ასულო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა. წადი მშვიდობით!“
49
ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ ვიღაც მოვიდა სინაგოგის მთავრის სახლიდან და უთხრა: „შენი ასული მოკვდა. ნუღარ შეაწუხებ მოძღვარს.“
50
იესომ, ეს რომ მოისმინა, მიუგო მას: „ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე და განიკურნება.“
51
სახლში რომ მივიდნენ, არავის დართო ნება შესულიყო, პეტრეს, იაკობის, იოანეს და გოგონას დედ-მამის გარდა.
52
ყველა მოთქვამდა და დასტიროდა მას, მან კი უთხრა: „ნუ სტირით. ის არ მომკვდარა, სძინავს მხოლოდ.“
53
ისინი კი დასცინოდნენ მას, ვინაიდან იცოდნენ, რომ მკვდარი იყო.
54
ხელი ხელში ჩასჭიდა, შესძახა და თქვა: „გოგონავ, ადექ!“
55
და დაუბრუნდა სული. უცებ წამოდგა იგი და მან ბრძანა, საჭმელი მიეცათ გოგონასთვის.
56
და გაუკვირდათ მის მშობლებს. მან უბრძანა მათ, არავისთვის ეთქვათ მომხდარის შესახებ.
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 9 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24