bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Obadiah 1
Obadiah 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
1
ხილვა აბდიასი. ასე ამბობს უფალი ღმერთი ედომზე: ხმა მოგვწვდა უფლისაგან და მაცნე დაეგზავნათ ხალხებს: ადექით, გავიდეთ ედომის წინააღმდეგ საბრძოლველადო! –
2
აჰა, დაგამცირებ ხალხთა შორის და აბუჩად აგიგდებს ყველა!
3
შენმა გულზვაობამ დაგაბრმავა. კლდეთა ნაპრალებში დასახლებულხარ, მაღალზეა შენი სადგომი. გულში ამბობ: ვინ ჩამომაგდებსო ძირს?
4
ორბივით მაღლა აჭრილხარ, მაგრამ ვარსკვლავთა შორისაც რომ დაიბუდო, იქიდანაც ჩამოგაგდებ, – ამბობს უფალი. –
5
ქურდებიც რომ დაგცემოდნენ თავს, ანდა ყაჩაღები ღამით – ასე როგორ გაჩანაგდებოდი?! განა ისინი, მხოლოდ თავის სამყოფს არ მოიპარავდნენ? მერთვლენი რომ შემოგსეოდნენ, ორიოდე კუფხალს ისინიც დაგიტოვებდნენ.
6
როგორ გაძარცულა ესავი, გაუხვეტავთ მისი საგანძურები!
7
გიმუხთლებს ყველა შენი მოკავშირე და საზღვრებს იქით გაგრეკავენ ისინი; შენი მოზავენი გაბატონდებიან შენზე; შენს პურზე გამოზრდილნი დაგიგებენ მახეს. სად არის მისი გონიერება ახლა?
8
განა ეს იმავე დღეს არ მოხდება, – ამბობს უფალი, – როცა ბრძენკაცებს მოვსპობ ედომში და გონიერებას – ესავის მთაზე?
9
შედრკებიან შენი მებრძოლები, თემან, რადგან ხოცვა-ჟლეტით მოვსპობ კაცის სახსენებელს ესავის მთაზე.
10
რადგან უმოწყალოდ მოექეცი შენს ძმას, იაკობს, სირცხვილი დაგფარავს და სამუდამოდ გადაშენდები.
11
იმ დღეს, როცა განზე გაუდექი, მაშინ როცა უცხო თესლი შეიჭრა მის კარიბჭეში და წილი ჰყარა იერუსალიმზე, როცა უცხოტომელებმა ხელთ იგდეს მისი ქონება, შენც ერთი იმათგანი იყავი!
12
არ უნდა გეხარა შენი ძმის უბედურების დღეს; იუდაელი ხალხის დაღუპვის დღეს არ უნდა გეხარა; და არც უნდა გეცინა მათი ჭირ-ვარამის დღეს.
13
არ უნდა შეჭრილიყავი ჩემი ერის კარიბჭეში მისი დაღუპვის დღეს. არ უნდა გემხიარულა მათ ტანჯვაზე მისი დაღუპვის დღეს, ხელი არ უნდა გაგეწოდა მის ქონებაზე მისი დაღუპვის დღეს.
14
დასაღუპად არ უნდა ჩასაფრებოდი მის ლტოლვილებს გზაჯვარედინებზე, და გადარჩენილები მტრის ხელში არ უნდა ჩაგეყარა იმ ჭირ-ვარამის დღეს.
15
აჰა, ახლოა უფლის დღე ყველა ხალხისათვის. როგორც იქცეოდი, ისე მოგექცევიან და შენი ნამოქმედარი შენვე მოგიბრუნდება.
16
რა სასმისიც თქვენ შესვით ჩემს წმიდა მთაზე, იმავეს შესვამს ყოველი ხალხი თქვენს ირგვლივ; შესვამს და შთაინთქმებიან, თითქოს არც ყოფილიყვნენ.
17
მაგრამ, მოვა ხსნა სიონის მთაზე და წმიდა ადგილი იქნება იგი. თავის სამკვიდრებელს დაიმკვიდრებს იაკობის სახლი.
18
იაკობის სახლი ცეცხლი იქნება და იოსების სახლი – ალი, ხოლო ესავის სახლი – ნამჯა. გადასწვავენ და შთანთქავენ მას. ვერავინ გადარჩება ესავის სახლიდან, რადგან უფალმა ბრძანა.
19
ნეგებელნი დაიმკვიდრებენ ესავის მთას, ხოლო შეფელას მკვიდრნი – ფილისტიმელთა ქვეყანას. ისინი დაიმკვიდრებენ ეფრემის მხარეს და სამარიის მხარეს, ხოლო, ბენიამინი – გალაადს.
20
ხალახში მცხოვრებ ისრაელიანთა განთესილი ერი ცარეფათამდე დაიმკვიდრებს ქანაანს, სეფარადში განთესილი იერუსალიმის მკვიდრნი კი ნეგების ქალაქებს დაიმკვიდრებენ.
21
ავლენ გამარჯვებულნი სიონის მთაზე ესავის მთის განსასჯელად და უფლისა იქნება მეფობა.
Jump to:
Chapter 1
All chapters:
1