bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Philemon 1
Philemon 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
1
პავლე, ქრისტე იესოს პატიმარი, და ძმა ტიმოთე, ფილიმონს – ჩვენს საყვარელ ძმასა და თანამშრომელს,
2
და აფიას, საყვარელ დას, და არქიპოსს, ჩვენს თანამებრძოლს, და ეკლესიას შენს სახლში.
3
მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალი იესო ქრისტესაგან.
4
ყოველთვის ვმადლობ ჩემს ღმერთს, როდესაც გიხსენებ ჩემს ლოცვებში,
5
რადგან მესმის შენი სიყვარულისა და რწმენის შესახებ, რომელიც გაქვს უფალი იესოსა და ყველა წმიდის მიმართ,
6
ვლოცულობ, რომ შენი თანაზიარება რწმენაში ქმედითი იყოს ყოველი იმ სიკეთის შეცნობისათვის, რომელიც ჩვენშია ქრისტესათვის,
7
რადგან ბევრი სიხარული და ნუგეში მომანიჭა შენმა სიყვარულმა, რადგან შენით მიეცათ შვება წმიდათა გულებს, საყვარელო ძმაო.
8
ამიტომ, თუმცა ქრისტეში მაქვს უფლება მოგთხოვო იმის გაკეთება, რაც გევალება,
9
ამის ნაცვლად სიყვარულით გთხოვ მე, პავლე, მოხუცებული, ახლა კი ქრისტე იესოსთვის პატიმარიც,
10
ჩემს შვილზე, რომელიც ვშვი ჩემს ბორკილებში, ონისიმეზე,
11
ოდესღაც გამოუსადეგარი რომ იყო შენთვის, ახლა კი სასარგებლოა შენთვისაც და ჩემთვისაც,
12
რომელსაც გიგზავნი უკან და ჩემი გულია იგი.
13
ვფიქრობდი, ჩემთან მყოლოდა იგი, რათა შენს მაგივრად ემსახურა ჩემთვის სახარების ბორკილებში,
14
მაგრამ შენი თანხმობის გარეშე არაფრის გაკეთება არ ვინდომე, რათა შენი კეთილი საქმე ნაძალადევი კი არ ყოფილიყო, არამედ ნებაყოფლობითი.
15
რადგან, იქნებ იმიტომ დაგშორდა დროებით, რომ სამუდამოდ მიგეღო იგი,
16
უკვე არა როგორც მონა, არამედ მონაზე მეტი, საყვარელი ძმა, განსაკუთრებით ჩემთვის და, მით უმეტეს, შენთვის ხორციელადაც და უფალშიც.
17
მაშ, თუ თანამოზიარე ვარ შენი, მიიღე იგი, როგორც მე მიმიღებდი.
18
თუ რამე გაწყენინა ან მართებს, მე მომკითხე.
19
მე, პავლე, ვწერ ამას ჩემი ხელით. მე გადავიხდი, არ ვამბობ არაფერს იმაზე, რომ შენ შენი თავი გმართებს ჩემი.
20
და ასე, ძმაო, მეც მიბოძე სიხარული უფალში. მიეცი შვება ჩემს გულს ქრისტეში!
21
შენი მორჩილების იმედით მოგწერე და ვიცი, რომ იმაზე მეტსაც გააკეთებ, ვიდრე ვამბობ.
22
ამასობაში გამიმზადე სასტუმრო ბინაც, რადგან იმედი მაქვს, რომ თქვენი ლოცვების მეშვეობით უკან დაგიბრუნდებით.
23
მოგიკითხავს ეპაფრასი, ჩემი თანატყვე ქრისტე იესოში,
24
მარკოზი, არისტარქე, დემა, ლუკა – ჩემი თანამშრომლები.
25
უფალი იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენს სულთან.
Jump to:
Chapter 1
All chapters:
1