bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Peter 2
2 Peter 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 3 →
1
იყვნენ ცრუწინასწარმეტყველნიც ხალხში ისევე, როგორც თქვენშიც იქნებიან ცრუმოძღვარნი, რომელნიც შემოიღებენ დამღუპველ მწვალებლობებს, თავიანთ გამომსყიდველ ხელმწიფეს უარყოფენ და სწრაფ დაღუპვას მოიწევენ თავზე.
2
მრავალნი გაჰყვებიან მათ თვითნებობას, და მათ გამო დაიგმობა ჭეშმარიტების გზა.
3
სიხარბით ცრუ სიტყვებით მოგიხელთებენ. დიდი ხანია განსაზღვრულია მათზე სამსჯავრო და მათი დაღუპვა არ თვლემს.
4
რადგან, თუკი ღმერთმა შემცოდე ანგელოზები არ დაინდო, არამედ წყვდიადის ბორკილებში ტარტაროზს გადასცა სამსჯავრომდე შესანახავად,
5
და თუ არც ძველ ქვეყნიერებას მოერიდა, – თუმცა დაიცვა ნოე, სიმართლის ქადაგი, სხვა შვიდ სულთან ერთად, – როცა წარღვნამ მოაღწია უღვთოთა ქვეყანაზე
6
და ქალაქებს: სოდომსა და გომორას განადგურება მიუსაჯა, ფერფლად აქცია ისინი და ამით გამაფრთხილებელი მაგალითი მისცა მომავალ უღვთოებს,
7
და იხსნა მართალი ლოტი, ურჯულოთა თავაშვებული ქცევით შეწუხებული,
8
რადგან ეს მართალი კაცი, რაკი მათ შორის ცხოვრობდა, დღითი დღე იტანჯებოდა თავისი მართალი სულით, მათ უკანონო საქმეებს რომ ხედავდა და ისმენდა, –
9
მაშ იცის უფალმა, როგორ იხსნას განსაცდელისაგან ღვთისმოსავნი, ხოლო განკითხვის დღისათვის დასასჯელად შეინახოს უმართლონი,
10
განსაკუთრებით კი ხორციელ გულისთქმებს ბილწად აყოლილნი, მაღალთა მოძულენი, თავხედნი, ჯიუტნი და უფალთა უშიშრად მგმობნი,
11
მაშინ როცა ანგელოზებსაც კი, რომელნიც უფრო ძლიერნი და ძალმოსილნი არიან, არ მიაქვთ უფლის წინაშე შეურაცხმყოფელი განაჩენი მათ მიმართ.
12
ისინი კი, როგორც უგუნური ცხოველები, ბუნებით დასაჭერად და მოსასპობად გაჩენილნი, მგმობელნი იმისა, რაც არ გაეგებათ, თავიანთ გახრწნილებაში დაიღუპებიან
13
და მიიღებენ უსამართლობის საზღაურს. მათ ყოველდღიური ნებივრობა ნეტარებად მიაჩნიათ. ბინძურნი და მანკიერნი საკუთარი საცთურით ნებივრობენ, როცა ნადიმობენ თქვენთან ერთად.
14
თვალები სავსე აქვთ მრუშობით და განუწყვეტელი ცოდვით. ისინი აცდუნებენ უსუსურ სულებს, გულები გაწვრთნილი აქვთ ანგარებაში. წყევლა-კრულვის შვილნი არიან.
15
მიატოვეს სწორი გზა, დაიბნენ და დაადგნენ ბოსორელის ძის, ბალაამის გზას, რომელმაც უსამართლობის საზღაური შეიყვარა
16
და მხილებულ იქნა თავის უკეთურებაში: უტყვი სახედარი ადამიანის ხმით ალაპარაკდა და ალაგმა წინასწარმეტყველის სიშმაგე.
17
ესენი არიან დამშრალი წყაროები და ქარიშხლისგან დევნილი ღრუბლები. მათთვის უკუნი წყვდიადია გამზადებული.
18
რადგან მაღალფარდოვანი ამაო სიტყვებით ხორციელ გულისთქმებში და გარყვნილებაში ითრევენ მათ, ვინც ეს-ესაა გაშორდა ცდომილებაში მყოფთ.
19
თავისუფლებას აღუთქვამენ მათ, თვითონ კი გახრწნილების მონები არიან, რადგან ვინც ვისგანაა ძლეული, მისივე მონაა.
20
რადგან, თუ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს ცოდნით ქვეყნიერ სიბილწეებს თავდაღწეულნი კვლავ გაეხვევიან მათში და დაიძლევიან, უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება.
21
უმჯობესი იქნებოდა არ შეეცნოთ სიმართლის გზა, ვიდრე შეეცნოთ და უკუქცეულიყვნენ მათთვის გადაცემული წმიდა მცნებისაგან.
22
მათ შეემთხვათ, რაც ჭეშმარიტ იგავშია ნათქვამი: „ძაღლი თავის ნარწყევს უბრუნდება, და გაბანილი ღორი – საგორაო წუმპეს.“
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3