bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Lamentations 1
Lamentations 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 2 →
1
როგორ დაცლილა ერთდროს ხალხმრავალი ქალაქი! ზის როგორც ქვრივი ქალი, ოდესღაც ხალხთა მთავარი და ქვეყნების დედოფალი რომ იყო, დღეს სხვას უნდა ემსახუროს.
2
მწარედ ქვითინებს ის ღამით, და ცრემლი უსველებს ღაწვებს. ნუგეშისმცემელი აღარ ჰყავს, ყველა მეგობარმა, ყველა მოყვასმა უღალატა, ყველა მტრად გაუხდა.
3
გადაიხვეწა იუდეა ჩაგვრისა და ურვისა და მძიმე მონობის გამო, დასახლდა წარმართთა შორის, ვერ ჰპოვა მოსვენება, ვიწროებში წამოეწივნენ მდევრები.
4
დაცარიელდა სიონის გზები, აღარ ჩანან ზეიმზე მომავალნი. დაყრუვდა მისი კარიბჭენი; ოხრავენ მისი მღვდლები, დასევდიანდნენ მისი ქალწულნი და თავადაც გამწარებულია.
5
მისი მეტოქენი თავში მოექცნენ, მისი მტრები ზეიმობენ, რადგან უფალმა დასაჯა იგი მისი უღმრთოების გამო, მის ბავშვებს ტყვეებად მიერეკებიან მტრები.
6
დაკარგა სიონის ასულმა მშვენიერება; მისი მთავარნი იმ ირმებს ჰგვანან, საძოვარი რომ ვერ უპოვიათ და ღონემიხდილნი მარბიელს წინ გაურბიან.
7
გაიხსენა იერუსალიმმა მისი სიგლახაკისა და დევნილობის დღეებში თავისი განძი, ძველთაგან რომ ჰქონდა; გაიხსენა რომ დაეცა მისი ერი მტრის ხელით და არა ჰყავს მშველელი; მისი მტრები შეჰყურებენ და დასცინიან მის შაბათებს.
8
მძიმედ შესცოდა იერუსალიმმა, ამიტომაც გახდა შესაზარი. და ყველამ, ვინც პატივს სცემდა უწინ, შეიძულა იგი, რადგან იხილეს მისი სიშიშვლე. თავად კი ოხრავს და სირცხვილით პირს არიდებს მათ.
9
კალთაწაბილწულმა არ იფიქრა, რა ბოლო ექნებოდა და საარაკოდ დაეცა; არა ჰყავს ნუგეშისმცემელი. მოხედე, უფალო, ჩემს გასაჭირს, რადგან მუმბერაზობს მტერი ჩემზე.
10
მტერმა ხელი მიჰყო მის ყველა საგანძურს, რადგან დაინახა, რომ მის საწმიდარში შევიდნენ წარმართნი, რომელთაც შენ აუკრძალე შენს კრებულში შესვლა.
11
მთელი მისი ერი ოხრავს პურის ძებნაში; ლუკმაპურში აძლევენ თვალ-მარგალიტს, სული რომ მოითქვან! მოიხილე, უფალო, და იხილე, როგორ დავმცირდი!
12
თქვენ გაშოროთ ამგვარი რამ, გზად ჩამვლელნო! შეხედეთ და ნახეთ, თუ არის სალმობა მსგავსი სალმობისა, რომელიც მე მეწია, რომლითაც დამამწუხრა მე უფალმა თავისი მძვინვარე რისხვის დღეს?
13
მაღლიდან გაუჩინა ცეცხლი ჩემს ძვლებს და სძლია მათ. მახე დამიგო ფეხებში, დამცა, დამაგდო ოხრად და სამუდამოდ სნეულად.
14
მძიმეა უღელი ჩემი ცოდვებისა; მისი ხელით დაიწნა ის. ქედზე მაწვება, ძალა წამართვა; უფალმა მათ მიმცა ხელთ, ვისაც ვეღარ წამოვუდექი.
15
მოსპო უფალმა ყოველი ჩემი ძლიერი, რაც კი გამაჩნდა; მოუხმო ჩემს წინააღმდეგ კრებულს, რათა შემუსრონ ჩემი მოყმენი; როგორც საწნახელში ყურძენი, ისე დაწურა უფალმა ქალწული, იუდეის ასული.
16
ამაზე ვტირი მე ასე, და ცრემლად ვიღვრები, რადგან შორსაა ჩემგან ნუგეშისმცემელი, ჩემი სულის მომაბრუნებელი. მიტოვებულნი არიან ძენი ჩემნი, რადგან მტერმა გვძლია.
17
სიონი ხელებს იწვდის, მაგრამ არავინაა ნუგეშისმცემელი; უფალმა ბრძანა, გარშემოდგომოდნენ მას იაკობის მტრები; სიბილწედ შეირაცხა იერუსალიმი მათ თვალში.
18
მართალია უფალი, რადგან არ დავმორჩილდი მის სიტყვას. ისმინეთ, ყველა ხალხებო, და იხილეთ ჩემი სატკივარი: ქალწულნი ჩემნი და ჭაბუკნი ჩემნი ტყვეობაში წავიდნენ.
19
ვუხმობდი ჩემს მახლობელთ, ხოლო მათ მომატყუეს მე; ჩემი მღვდლები და ჩემი უხუცესნი ქალაქში იხოცებიან, რადგან ლუკმა პურს დაეძებენ სულის მოსაბრუნებლად.
20
მომხედე, უფალო, რადგან მიჭირს მე, ნაწლავები მეწვის, გული გადამიბრუნდა მკერდში, რადგან ჯიუტად გეურჩებოდი; გარეთ უშვილო მქნა მახვილმა, და შინაც სიკვდილია.
21
გაიგონეს მათ, რომ ვკვნესი მე და არავინა მყავს ნუგეშისმცემელი. ჩემმა მტრებმა გაიგეს ჩემი უბედურება და ხარობენ, რომ შენ გააკეთე ეს. ნეტავ მოაწევდე შენს დათქმულ დღეს, და ისინიც ჩემსავით გახდნენ.
22
ნეტავ მოაწევდეს მათი ბოროტება შენს წინაშე და მოექცეოდე მათ ისე, როგორც მე მომექეცი მთელი ჩემი ცოდვების გამო, რადგან გამრავლდა სულთქმანი ჩემნი და შემიღონდა გული.
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5