bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Lamentations 2
Lamentations 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 3 →
1
როგორ დააბნელა უფალმა რისხვით სიონის ასული! ზეციდან მიწაზე გადმოაგდო ისრაელის მშვენება და არ გახსენებია თავისი კვარცხლბეკი მისი მრისხანების დღეს.
2
უწყალოდ მოსპო უფალმა იაკობის ყოველი მშვენიერება; გულისწყრომით დააქცია იუდას ასულის ციხესიმაგრენი, მიწასთან გაასწორა; შებღალა სამეფო და მისი მთავარნი.
3
გულისწყრომის რისხვით მოამტვრია რქები ისრაელს; მტერს მოარიდა თავისი მარჯვენა და ცეცხლი ააგიზგიზა იაკობში, როგორც ხანძრის ალი, ირგვლივ ყველაფრის მომჭმელი.
4
მშვილდი მოზიდა, როგორც მტერმა, აღმართა მარჯვენა, როგორც მომხდურმა, და მოსრა ყოველი თვალის საამური ჩემი; სიონის ასულის კარავზე გადმოანთხია თავისი გულისწყრომა, როგორც ცეცხლი.
5
მტრად მექცა უფალი, დააქცია ისრაელი, მოსპო მისი პალატები, დაანგრია მისი ციხესიმაგრენი და გაამრავლა იუდეის ასულის კვნესა და ტირილი.
6
დაანგრია მისი ბაღი და კარავი, დააქცია მისი სადღესასწაულო ადგილი; დაავიწყებინა უფალმა სიონში დღესასწაული და შაბათი, შეიძულა თავის მძვინვარე რისხვაში მეფე და მღვდელი.
7
უარყო უფალმა თავისი სამსხვერპლო, მოიძულა თავისი საწმიდარი, მტერს ჩაუგდო ხელთ თავისი პალატების კედლები; ხმა გაიღეს მათ უფლის სახლში, როგორც დღესასწაულის დღეს.
8
განიზრახა უფალმა სიონის ასულის გალავანთა დანგრევა, ლარი გაჭიმა, ხელი არ აუღია მის მოსპობაზე; და დასცა მიწაყრილი და გალავანი – ერთად შეიმუსრნენ ისინი.
9
მიწაში ჩაეფლნენ მისი კარიბჭენი; მან შემუსრა მისი ურდულები; წარმართებში გადააზღვავა მისი მეფე და მთავრები; აღარ არის რჯული და ვეღარც მისი წინასწარმეტყველნი ხედავენ ხილვებს უფლისაგან.
10
მდუმარედ სხედან მიწაზე სიონის ასულის უხუცესნი, მტვერი და ნაცარი წაიყარეს თავზე, ძაძები შემოირტყეს ტანზე; მიწამდე დაუხრიათ თავი იერუსალიმის ქალწულებს.
11
ცრემლით დამებინდა თვალები, შიგნეული მიშფოთავს, ნაღველი მეწვის ჩემი ერის ასულის უბედურების გამო, როცა ვხედავ შიმშილით გულწასულ ბავშვებსა და ჩვილებს ქალაქის ქუჩებში.
12
დედებს შესტირიან: სად არის პური და ღვინოო? როდესაც გული მისდით ქალაქის ქუჩებში, როგორც მძიმედ დაჭრილებს და სული ამოსდით დედის კალთაზე.
13
რა გიწოდო შენ, რას შეგადარო, იერუსალიმის ასულო? ვის მიგამსგავსო, რომ განუგეშო, ქალწულო, სიონის ასულო, რადგან ზღვასავით დიდია შენი წყლული? ვინ განგკურნოს შენ?
14
შენი წინასწარმეტყველნი ცრუსა და სულელურ ხილვებს გაუწყებდნენ შენ და არ გიმხელდნენ შენს შეცოდებებს, რომ აგცდენოდა ტყვეობა; მხოლოდ ცრუსა და მაცთუნებელ ხილვებს გაუწყებდნენ, რომელთაც დევნულებისაკენ მიჰყავდი შენ.
15
ტაშს შემოჰკრავს ყველა გზად გამვლელი, დაუსტვენს და თავს გააქნევს იერუსალიმის ასულზე: ნუთუ ეს არის ის ქალაქი, რომელზეც ამბობდნენ სრულქმნილი მშვენება არისო, მთელი ქვეყნის სიხარულიაო?
16
დააღო შენზე პირი ყველა შენმა მტერმა, უსტვენენ და კბილებს ახრჭიალებენ, ამბობენ: გადავყლაპეთო ჩვენ იგი, ნამდვილად ეს ის დღეა, რომელსაც ველოდითო, ვიპოვეთ, ვიხილეთო!
17
აღასრულა უფალმა, რაც განიზრახა, აახდინა თავისი ნათქვამი, რომელიც ბრძანა ძველთაგან; დაანგრია და არ შეიბრალა; გაახარა შენზე მტერი, აღამაღლა შენს მაჭირვებელთა რქა.
18
მათი გული უფალს შეჰღაღადებს: სიონის ასულის კედლებო, მდინარესავით ღვარეთ ცრემლი დღედაღამ; ნუ მისცემ შენს თავს მოსვენებას; ცრემლი ნუ შეგაშრება თვალზე.
19
ადექი, შეჰღაღადე ღამის ყოველ გუშაგობაზე, წყალივით გადმოღვარე შენი გული უფლის წინაშე; მისკენ გაიწოდე ხელი შენს ჩვილთა სასიცოცხლოდ, შიმშილით რომ სულს ღაფავენ გზათაგასაყარებზე.
20
მოიხედე, უფალო, და მოიხილე, ვის მოქცევიხარ ასე? სად ყოფილა, რომ დედებს დაეჭამათ ნაყოფი თავისი მუცლისა – ძუძუთა ჩვილები? სად ყოფილა, რომ უფლის საწმიდარში მოეკლათ მღვდელი და წინასწარმეტყველი?
21
ქუჩებში ყრიან ყმაწვილები და მოხუცები, ჩემი ქალწულნი და ჩემი ჭაბუკნი მახვილით დაეცნენ, შენი რისხვის დღეს დახოცე ისინი, შეუბრალებლად დაკალი.
22
როგორც დღესასწაულის დღეს, მოუხმე ყოველი მხრიდან ჩემს მაძიებელთ, და არ იყო უფლის რისხვის დღეს არც გაქცეული და არც გადარჩენილი. ვისაც სათუთად ვანებივრებდი და ვზრდიდი, ჩემმა მტერმა მოუღო ბოლო.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4
5