bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Daniel 2
Daniel 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 3 →
1
თავისი მეფობის მეორე წელს ნაბუქოდონოსორმა სიზმარი ნახა, სული აუფორიაქდა და ძილი გაუკრთა.
2
მოახმობინა მეფემ გრძნეულები, ჯადოქრები, მისნები და ქალდეველნი, რათა მათ მისთვის აეხსნათ მისი სიზმარი. მოვიდნენ ისინი და წარსდგნენ მეფის წინაშე.
3
უთხრა მათ მეფემ: „სიზმარი ვნახე და სული ამიფორიაქდა, მინდა ამ სიზმრის ახსნა.“
4
ქალდეველებმა მეფეს არამეულად მიუგეს: „მეფეო, იცოცხლე უკუნისამდე! უამბე შენი სიზმარი შენს მსახურთ და აგიხსნით მის აზრს.“
5
მიუგო მეფემ და უთხრა ქალდეველთ: „ის სიტყვა დამეკარგა. თუ იმ სიზმარს არ გამახსენებთ და არ ამიხსნით, ასო-ასო აიკუწებით და თქვენი სახლები ნანგრევებად იქცევა.
6
ხოლო თუკი სიზმარსა და მის ახსნას მეტყვით, საჩუქრებს, ჯილდოსა და დიდ პატივს მიიღებთ ჩემგან. ამიტომ მომაგონეთ ის სიზმარი და ამიხსენით.“
7
მათ კვლავ მიუგეს და უთხრეს: „უბრძანოს მეფემ მის მსახურთ თავისი სიზმარი და ჩვენც ვეტყვით მის მნიშვნელობას.“
8
მიუგო მეფემ და თქვა: „ნამდვილად ვიცი, დროის მოგება გინდათ, რაკი ხედავთ, რომ სიტყვა გამშორდა.
9
რაკი სიზმარი არ გინდათ გამახსენოთ, ერთი ზრახვა გქონიათ: გინდათ, რომ ცრუ და საზიანო სიტყვა მითხრათ დროის გასაყვანად. ამიტომ მომიყევით სიზმარი და მეც დავიჯერებ, რომ მისი ახსნა შეგიძლიათ.“
10
მიუგეს ქალდეველებმა მას და უთხრეს: „ქვეყანაზე არ მოიძებნება ისეთი კაცი, მეფისათვის ამ ბრძანების შესრულება რომ შეეძლოს, რადგან არც ერთ მეფეს, არც დიდებულს, ან განმგებელს მსგავსი არაფერი მოუთხოვია რომელიმე გრძნეულისაგან, ჯადოქრისაგან თუ ქალდეველისაგან.
11
საქმე, მეფე რომ ითხოვს, იმდენად ძნელია, რომ ვერავინ შეუსრულებს მას იმ ღმერთების მეტი, რომლებიც ძე-ხორციელთა შორის არ მკვიდრობენ.“
12
ამან აღაშფოთა მეფე და ძლიერ განარისხა. ბრძანება გასცა, ყველა ბაბილონელი ბრძენი მოეკლათ.
13
როცა ბრძანება გამოვიდა ბრძენკაცთა გასაჟლეტად, დანიელს და მის მეგობრებსაც დაუწყეს ძებნა დასახოცად.
14
მაშინ დანიელმა საზრიანი და ბრძნული პასუხი გასცა არიოქს, მეფის ქონდაქართუხუცესს, რომელიც ბაბილონელ ბრძენკაცთა დასახოცად იყო გამოსული.
15
და ჰკითხა არიოქს, მეფის მოხელეს: „რა მიზეზით გასცა მეფემ ასეთი მკაცრი ბრძანება?“ მაშინ ყველაფერი აუწყა არიოქმა დანიელს.
16
წავიდა დანიელი მეფესთან და დრო მოსთხოვა, სიზმრის ასახსნელად.
17
მერე შინ დაბრუნდა დანიელი და თავის ამხანაგებს: ხანანიას, მიშაელსა და ყაზარიას გააგებინა ეს ამბავი,
18
რომ ზეციერი ღმერთისთვის გამოეთხოვათ წყალობა ამ საიდუმლოს გასაგებად, რათა დანიელი და მისი მეგობრები დანარჩენ ბაბილონელ ბრძენკაცებთან ერთად არ დაეხოცათ.
19
დანიელს ღამის ხილვაში გაეხსნა საიდუმლო და აკურთხა მან ზეციერი ღმერთი.
20
და დანიელმა თქვა: „კურთხეულ იყოს ღვთის სახელი უკუნითი უკუნისამდე! რადგან მისია სიბრძნე და ძალი;
21
იგი ცვლის დრო-ჟამს, იგი ამხობს მეფეებს და იგივე აღაზევებს მათ; ბრძენთ სიბრძნეს აძლევს და გონიერთ – ცოდნას;
22
ააშკარავებს ღრმასა და დაფარულს, იცის, რა იმალება წყვდიადში, და ნათელი მასთანაა დავანებული.
23
ჩემი მამების ღმერთო, გაქებ და გადიდებ! შენ მომეცი სიბრძნე და ძალი, შენ გამიხსენი ის, რასაც ჩვენ გევედრებოდით შენ, რადგან შენ გაგვიხსენი მეფის ამბავი!“
24
ამის შემდეგ მივიდა დანიელი არიოქთან, ვისაც მეფემ ბაბილონელ ბრძენკაცთა დასჯა დაავალა. მიეახლა მას და ასე უთხრა: „ნუღარ დახოცავ ბაბილონელ ბრძენკაცებს, მეფესთან წამიყვანე და მე ავუხსნი სიზმარს.“
25
მაშინ არიოქმა დაუყოვნებლივ მიჰგვარა დანიელი მეფეს და უთხრა: „აჰა, ვნახე კაცი ტყვედწამოსხმულ იუდაელთა შორის, რომელსაც შეუძლია აუხსნას მეფეს სიზმარი.“
26
მიუგო მეფემ და უთხრა დანიელს, ბელტეშაცარად წოდებულს: „მართლა შეგიძლია მითხრა სიზმარი, მე რომ ვნახე, და ამიხსნა?“
27
მიუგო დანიელმა მეფეს და უთხრა: „ბრძენთ, შემლოცველთ, მისნებს და გრძნეულთ არ შეუძლიათ იმ საიდუმლოს ახსნა, რასაც მეფე ითხოვს,
28
მაგრამ არის ზეცაში საიდუმლოთა განმცხადებელი ღმერთი; სწორედ მან ამცნო მეფე ნაბუქოდონოსორს, რაც იქნება უკანასკნელ დღეებში. აჰა, შენი სიზმარი და შენი ხილვა, რომელიც შენს სარეცელზე იხილე:
29
მეფეო, შენს სარეცელზე შენ ფიქრობდი, თუ რა იქნებოდა მომავალში, და ღმერთმა, რომელმაც ყოველივე უწყის, სიზმარში ის გიჩვენა, რაც იქნება მომავალში.
30
ხოლო მე ეს საიდუმლო იმიტომ კი არ განმეცხადა, რომ მე ყველაზე ბრძენი ვარ ცოცხალთა შორის, არამედ იმიტომ, რომ მეფეს მისცემოდა ახსნა და გაეგო თავისი გულის ზრახვანი.
31
აჰა, მეფეო, შენ ასეთი ხილვა გქონდა: აჰა, რაღაც დიდი კერპია; უზარმაზარი იყო ის კერპი და უცხოდ გაბრწყინებული იდგა შენს წინაშე და საშინელი შესახედავი იყო.
32
ამ კერპს თავი წმიდა ოქროსი ჰქონდა, მკერდი და ხელები – ვერცხლისა, მუცელი და ბარკლები – ბრიჯაოსი,
33
წვივები – რკინისა, ტერფები – ნაწილობრივ რკინის, ნაწილობრივ თიხისა.
34
შენ დაინახე, რომ ხელისუკვრელად ადგილიდან მოწყდა ერთი ლოდი, დაეცა კერპს, რკინისა და თიხის ფეხებზე შემდგარს, და შემუსრა იგი.
35
მაშინ ყველაფერი ერთიანად დაიფშვნა. რკინა, თიხა, ბრინჯაო, ვერცხლი და ოქრო ისეთი გახდა, როგორც ბზე ზაფხულის კალოზე. ქარმა წაიღო ისინი და მათი კვალიც კი აღარ დარჩა. ხოლო ის ლოდი, კერპს რომ დაეცა, ვეებერთელა მთად იქცა და მთელი დედამიწა დაფარა.
36
ეს იყო სიზმარი! ახლა კი მის ახსნასაც ვიტყვი მეფის წინაშე.
37
მეფეო, შენ ის მეფეთა მეფე ხარ, რომელსაც ზეციერმა ღმერთმა ხელმწიფება, ძალი და დიდება უბოძა.
38
და ყოველივე, რაც ქვეყნად ცოცხლობს: ძენი კაცთანი, მხეცნი მიწისანი და ფრინველნი ცისანი შენ ჩაგაბარა და მათ ბატონ-პატრონად დაგადგინა. შენ ხარ ის ოქროს თავი!
39
შენს შემდეგ სხვა სამეფო აღდგება, შენს სამეფოზე უდარესი; შემდეგ მესამე სამეფო იქნება – ბრიჯაოსი, რომელიც მთელს ქვეყანაზე იბატონებს.
40
მეოთხე სამეფო რკინასავით მტკიცე იქნება. როგორც რკინა, ყველაფერს რომ ამსხვრევს და აქუცმაცებს, ასევე ისიც შემმუსვრელ რკინასავით ყოველივეს დააქუცმაცებს და შემუსრავს;
41
როგორც იხილე, მას ფეხები და ფეხის თითები ნაწილობრივ მეთუნის თიხისა ჰქონდა, ნაწილობრივ – რკინისა, ასევე ის სამეფოც გაყოფილი იქნება: მასში ნაწილობრივ რკინის სიმტკიცე იქნება, რადგან თავადაც დაინახე მეთუნის თიხასთან შერეული რკინა.
42
როგორც მისი ფეხის თითები ნაწილობრივ რკინისა იყო და ნაწილობრივ თიხისა, ასევე სამეფოც ნაწილობრივ მტკიცე იქნება და ნაწილობრივ – მყიფე.
43
როგორც შენ თიხაში შერეული რკინა იხილე, ისინიც ისე შეერევიან კაცთა მოდგმის ძალით ერთმანეთს, მაგრამ ვერ შეერწყმიან ერთმანეთს, როგორც რკინა არ შეუდუღდება თიხას.
44
და იმ სამეფოთა დღეებში ზეციერი ღმერთი აღადგენს თავის სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაემხობა, და მისი ხელმწიფება სხვა ხალხის ხელთ არ გადავა. იგი შემუსრავს და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე დარჩება,
45
როგორც თავად იხილე – ის ლოდი კაცთა ხელუკვრელად მოსწყდა მთას და ნამსხვრევებად აქცია რკინა, თიხა, ვერცხლი და ოქრო. დიდმა ღმერთმა ასე აუწყა მეფეს, თუ რა მოხდება მის შემდეგ. უტყუარია ეს სიზმარი და სარწმუნოა მისი ახსნა.“
46
მაშინ პირქვე დაემხო მეფე ნაბუქოდონოსორი დანიელის წინაშე, და ბრძანა მისთვის საღვრელი და საკმევლის მსხვერპლის მოტანა.
47
და უთხრა მეფემ დანიელს: „ჭეშმარიტად თქვენი ღმერთი ღმერთთა ღმერთია და მეფეთა უფალი, საიდუმლოთა განმცხადებელი, როგორც შენ შეძელი ამ საიდუმლოს გაცხადება.“
48
მაშინ განადიდა მეფემ დანიელი, ძვირფასი საჩუქრები უბოძა და მთელი ბაბილონის ქვეყნის განმგებლად და ბაბილონის ყველა ბრძენთმთავრად დაადგინა.
49
სთხოვა დანიელმა მეფეს და მეფემ ბაბილონის ქვეყნის საქმეები შადრაქს, მეშაქსა და ყაბედ-ნეგოს ჩააბარა. თავად დანიელი კი მეფის კარზე დარჩა.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12