bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Daniel 3
Daniel 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 4 →
1
გააკეთა მეფე ნაბუქოდონოსორმა ოქროს კერპი, 60 წყრთა სიმაღლისა და ექვსი წყრთა სიგანისა. და ბაბილონის ქვეყანაში დადგა იგი, დურას ველზე.
2
ხალხი დაგზავნა ნაბუქოდონოსორმა, რათა სატრაპნი, მთავარნი, მეფისნაცვალნი, მრჩეველნი, მეგანძურენი, მსაჯულნი, რჯულისკაცნი და განმგებელნი შეყრილიყვნენ და მოსულიყვნენ იმ კერპის სატფურებაზე, მეფე ნაბუქოდონოსორმა რომ აღმართა.
3
მაშინ შეიკრიბნენ სატრაპნი, მთავარნი, მეფისნაცვალნი, მრჩეველნი, მეგანძურენი, მსაჯულნი, რჯულისკაცნი და მხარეთა განმგებელნი იმ კერპის სატფურებაზე, რომელიც მეფე ნაბუქოდონოსორმა აღმართა, და დადგნენ ისინი იმ კერპის წინ.
4
მაშინ ქადაგმა რიხიანად დაიძახა: „თქვენ გიცხადებთ, ერებო, ტომებო და სხვადასხვა ენებზე მოლაპარაკე ადამიანებო,
5
როგორც კი საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირის და სხვა საკრავების ხმას გაიგონებთ, პირქვე დაემხეთ და თაყვანი ეცით ამ ოქროს კერპს, მეფე ნაბუქოდონოსორმა რომ აღმართა.
6
ვინც არ დაემხობა და თაყვანს არა სცემს, იმწამსვე ცეცხლით გავარვარებულ ქურაში იქნება ჩაგდებული!“
7
ამიტომ, როგორც კი ერებმა და ტომებმა გაიგონეს საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარისა და სხვა საკრავების ხმა, ყველა ხალხები, ტომები და ენები დაემხნენ და თაყვანი სცეს ოქროს კერპს, რომელიც მეფე ნაბუქოდონოსორმა აღმართა.
8
ამ დროს მოვიდა ზოგიერთი ქალდეველი და ბრალს სდებდა იუდაელთ.
9
მათ უთხრეს ნაბუქოდონოსორ მეფეს: „მეფეო, იცოცხლე უკუნისამდე!
10
მეფეო, შენ განკარგულება გაეცი, რომ ყოველი კაცი, რომელიც კი საყვირის, სალამურის, სამბუკის, ქნარის, სტვირისა და ყველა სხვა საკრავის ხმას გაიგონებდა, დამხობილიყო და ოქროს კერპისთვის ეცა თაყვანი;
11
ხოლო ის, ვინც არ დაემხობოდა და თაყვანს არ სცემდა, ჩაგდებული იქნებოდა ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში.
12
მაგრამ არიან იუდაელნი, რომელთაც შენ ბაბილონის ქვეყნის საქმეები ჩააბარე: შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო. მეფეო, ეს კაცები არ დაემორჩილნენ შენს განკარგულებას. ისინი არც შენს ღმერთებს ემსახურებიან და არც იმ ოქროს კერპს სცემენ თაყვანს, შენ რომ აღმართე.“
13
მაშინ განრისხებულმა ნაბუქოდონოსორმა ბრძანა შადრაქის, მეშაქისა და ყაბედ-ნეგოს მოყვანა. და მოჰგვარეს მეფეს ეს კაცები.
14
ნაბუქოდონოსორმა უთხრა მათ: „შადრაქ, მეშაქ და ყაბედ-ნეგო, ნუთუ განზრახ არ ემსახურებით ჩემს ღმერთებს და თაყვანს არ სცემთ იმ ოქროს კერპს, მე რომ აღვმართე?
15
ახლა კი მოემზადეთ და საყვირის, სალამურის, ბობღნის, სამბუკის, ქნარის, სტვირისა და სხვა ყველანაირი საკრავის ხმის გაგონებაზე, დაემხეთ და თაყვანი ეცით იმ კერპს, მე რომ გავაკეთე, ხოლო თუ თაყვანი არ გიციათ, იმწამსვე ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში იქნებით ჩაყრილი. მაშინ ვნახოთ რომელი ღმერთი დაგიხსნით ჩემი ხელიდან?“
16
შადრაქმა, მეშაქმა და ყაბედ-ნეგომ მიუგეს მეფეს: „ნაბუქოდონოსორ, ჩვენ არ ვსაჭიროებთ, გიპასუხოთ მაგაზე.
17
მეფეო, ჩვენს ღმერთს, რომელსაც ვემსახურებით, შესწევს ძალი, რომ ცეცხლით გავარვარებული ღუმლიდანაც კი გადაგვარჩინოს და შენი ხელიდანაც დაგვიხსნას.
18
და თუ ასეც არ მოხდება, იცოდე, მეფეო, ჩვენ მაინც არ მოვემსახურებით შენს ღმერთებს და თაყვანს არა ვცემთ იმ ოქროს კერპს, შენ რომ აღმართე.“
19
მაშინ ნაბუქოდონოსორი გულისწყრომით აღივსო, შადრაქზე, მეშაქზე და ყაბედ-ნეგოზე გაბრაზებულს სახე შეეცვალა და ბრძანება გასცა, ღუმელი შვიდჯერ უფრო მეტად გაეხურებინათ, ვიდრე ჩვეულებრივ ახურებდნენ.
20
და უბრძანა თავის საუკეთესო მხედრებს, შეეკრათ შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო და ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში ჩაეყარათ.
21
მაშინ ეს კაცები შეკრეს ისევე ჩაცმულები და თავსაბურველითა და სხვა სამოსლითურთ და ცეცხლით გახურებულ ღუმელში ჩაყარეს.
22
რაკი მკაცრი იყო მეფის ბრძანება და ღუმელი მეტისმეტად იყო გახურებული, ის კაცები, რომლებიც შადრაქს, მეშაქსა და ყაბედ-ნეგოს ყრიდნენ ღუმელში, ცეცხლის ალმა დახოცა.
23
ხოლო ის სამნი: შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო გავარვარებულ ღუმელში შებოჭილნი ჩაცვივდნენ...
24
მაშინ გაოცებული ნაბუქოდონოსორი ფეხზე წამოიჭრა და უთხრა თავის მრჩეველთ: „განა ჩვენ სამი შეკრული კაცი არ ჩავაგდეთ ცეცხლში?“ მათ პასუხად მიუგეს მეფეს: „ჭეშმარიტად ასეა, მეფეო!“
25
მიუგო მეფემ და თქვა: „აჰა, ოთხ ხელ-ფეხ გახსნილ კაცს ვხედავ, შუაგულ ცეცხლში რომ მიმოდიან უვნებლად. მეოთხე შესახედაობით ღვთის შვილსა ჰგავს.“
26
მაშინ მიდგა ნაბუქოდონოსორი გავარვარებული ღუმლის კართან და შესძახა: „შადრაქ, მეშაქ და ყაბედ-ნეგო, მაღალი ღმერთის მსახურნო, გამოდით და აქ მოდით!“ მაშინ შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო გამოვიდნენ შუა ცეცხლიდან.
27
შემოიკრიბნენ სატრაპნი, მთავარნი, მეფისნაცვალნი და მრჩეველნი და ნახეს, რომ ამ კაცების ტანზე ცეცხლს თავისი ძალა ვერ მიეტანა: თავზე თმებიც კი არ შეტრუსოდათ, სამოსელიც არ ალანძოდათ და ნატისუსალიც კი არ ასდიოდათ.
28
მაშინ ნაბუქოდონოსორმა შესძახა: „კურთხეულია ღმერთი შადრაქისა, მეშაქისა და ყაბედ-ნეგოსი, რომელმაც მოავლინა თავისი ანგელოზი და იხსნა თავისი მსახურნი, რომლებიც მას მიენდვნენ, არ დაემორჩილნენ მეფის ბრძანებას და საკუთარი სხეული ცეცხლს მისცეს, რათა თავიანთი ღმერთის გარდა, სხვა ღმერთისთვის არ ეცათ თაყვანი!
29
ამიტომ ვბრძანებ: ყოველი ხალხი, ტომი ან ენა, რომელიც შადრაქის, მეშაქის და ყაბედ-ნეგოს ღმერთზე აუგს იტყვის, ასო-ასო აიკუწოს, მისი სახლი კი ნანგრევებად იქცეს. რადგან არ არსებობს სხვა ღმერთი, ასე რომ შეეძლოს ხსნა.“
30
მაშინ მეფემ კვლავ აღამაღლა ბაბილონის ქვეყანაში შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო.
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12