bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Daniel 7
Daniel 7
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 8 →
1
ბაბილონის მეფის, ბელშაცარის, მეფობის პირველ წელს დანიელმა ნახა სიზმარი და ხილვა თავის სარეცელზე. მაშინ ჩაიწერა მან ეს სიზმარი და გადმოსცა მთავარი აზრი.
2
და თქვა დანიელმა: „ღამით ჩემს ხილვაში ვხედავდი, აჰა, ზეცის ოთხი ქარი დიდ ზღვას აწყდებოდა.
3
ზღვიდან ოთხი, ერთიმეორისაგან განსხვავებული, ვეება მხეცი ამოვიდა.
4
პირველი ლომსა ჰგავდა და არწივის ფრთები ჰქონდა. ვუყურებდი, სანამ ფრთები დააწყდებოდა. იგი წამოყენებულ იქნა მიწიდან, ფეხზე დადგა კაცივით და კაცისავე გული მიეცა.
5
აჰა, სხვა მეორე მხეცი, დათვის მსგავსი. იდგა პირველის გვერდით და სამი ნეკნი ეჭირა კბილებით. მას უთხრეს: ‘ადექ, ჭამე ბევრი ხორცი!’
6
ამის შემდეგ ვიხილე ჩემს ღამეულ ხილვაში ავაზას მსგავსი მხეცი, ზურგზე ოთხი ფრთა ჰქონდა, ფრინველისა. ოთხი თავი ჰქონდა ამ მხეცს და ხელმწიფება მიეცა მას.
7
ამის შემდეგ ვიხილე ჩემს ღამეულ ხილვაში მეოთხე მხეცი, საშინელი, საზარელი და ძალზე ღონიერი; რკინის ვეება კბილები ჰქონდა. იგი ნთქავდა, მუსრავდა და ნარჩენებს ფეხით თელავდა. გამოირჩეოდა ყველა წინამორბედი მხეცისგან და ათი რქა ჰქონდა.
8
მე ვაკვირდებოდი ამ რქებს და, აჰა, მათ შორის კიდევ ერთი მომცრო რქა ამოვიდა და სამი პირვანდელი რქა ძირიანად ამოვარდა მის წინაშე. და, აჰა, ამ რქას თვალები კაცის მსგავსი ჰქონდა და პირი – ამპარტავნულად მოლაპარაკე.
9
ვიხილე, რომ ტახტრევნები დაიდგა და დაჯდა დღეებით ძველი. მისი სამოსელი თოვლივით სპეტაკი იყო და მისი თმები – მატყლივით სუფთა. მისი ტახტი ცეცხლის ალი იყო, მისი ეტლის ბორბლები – მოგიზგიზე ცეცხლი.
10
მოედინებოდა ცეცხლის მდინარე და მის წინიდან გამოდიოდა. 1000 ათასეული ემსახურებოდა მას და 10 ათასეული იდგა მის წინაშე. დასხდა სამსჯავრო და გადაიშალა წიგნები.
11
მაშინ ვიხილე: იმ ამპარტავნული სიტყვების გამო, რქა რომ ამბობდა, ჩემს თვალწინ, მოკლულ იქნა ის მხეცი; მისი გვამი კი შეიმუსრა და ცეცხლს მიეცა დასაწველად.
12
დანარჩენ მხეცებს წაერთვათ ძალაუფლება, მაგრამ მათ მიეცათ დრო და ჟამი, თუ ვის რამდენი უნდა ეცოცხლა.
13
ვიხილე ჩემს ღამეულ ხილვაში, აჰა, დავინახე, ცის ღრუბლებზე მოდიოდა ადამიანის ძის მსგავსი; იგი დღეებით ძველთან მოვიდა და წარდგენილ იქნა მის წინაშე.
14
მიეცა მას ხელმწიფება, დიდება და მეფობა, რათა ყველა ხალხები, ტომები და ენები ემსახურონ. მისი ხელმწიფება საუკუნო ხელმწიფებაა, რომელიც არ გადაივლის და მისი სამეფო არ დაიქცევა.
15
მე, დანიელს, შემიწუხდა სული სხეულში და ჩემმა ხილვებმა შემაშფოთეს.
16
მივუახლოვდი ერთ იქ მდგომთაგანს და ვკითხე ყოველივე ამის ნამდვილი მნიშვნელობა. მითხრა მან და გამაგებინა ყოველივეს მნიშვნელობა:
17
‘ის ოთხი ვეება მხეცი ოთხი მეფეა, რომლებიც მიწიდან აღდგებიან.
18
შემდეგ მიიღებენ უზენაესის წმიდა სამეფოს და დაეუფლებიან მას სამუდამოდ, უკუნითი უკუნისამდე.’
19
მაშინ მოვიწადინე სინამდვილის გაგება იმ მეოთხე მხეცზე, რომელიც ყველასგან გამორჩეული და მეტად საზარელი იყო თავისი რკინის კბილებითა და ბრიჯაოს ბრჭყალებით, რომელიც ნთქავდა, მუსრავდა და ნარჩენებს ფეხით თელავდა.
20
და იმ ათ რქაზე, თავზე რომ ჰქონდა, და იმ სხვა რქაზე, რომელიც ამოუვიდა და, რომლის წინაშეც სამი რქა ამოვარდა; ამ რქას ჰქონდა თვალები და პირი ამპარტავნულად მოლაპარაკე, და რომელიც უფრო დიდი იყო, ვიდრე სხვები.
21
ვიხილე ეს რქა, წმიდებს რომ ებრძოდა და მანამდე ჯაბნიდა მათ,
22
სანამ დღეებით ძველი მოვიდოდა. მაშინ ეს სამსჯავრო უზენაესის წმიდებს გადაეცა. მაშინ დადგა ის ჟამი, როდესაც სამეფოს წმიდები დაეუფლნენ.
23
და მან ასე თქვა: ‘მეოთხე მხეცი მეოთხე სამეფო იქნება ქვეყნად. გამორჩეული იქნება ყველა სამეფოსგან და გადაჭამს მთელ ქვეყანას, გაქელავს და შემუსრავს მას.
24
ხოლო ათი რქა ეს არის ათი მეფე, რომლებიც ამ სამეფოდან აღდგებიან. მათ შემდეგ სხვა აღდგება. იგი განსხვავებული იქნება პირველთაგან და სამ მეფეს დაამდაბლებს.
25
უზენაესის წინააღმდეგ სიტყვებს იტყვის და უზენაესის წმიდებს შეავიწროვებს. განიზრახავს დროთა და რჯულის შეცვლას. ისინი ხელში მიეცემიან მას დროის, ორი დროისა და ნახევარი დროის მანძილზე.
26
შემდეგ დასხდება სამსჯავრო და წაართმევს მას ხელმწიფებას, მის ბოლომდე მოსასპობად და დასაღუპად.
27
მეფობა, ხელმწიფება და ცისქვეშეთის ყველა სამეფოს დიდება უზენაესის წმიდების ერს მიეცემა. მისი სამეფო საუკუნო სამეფო იქნება და ყველა ხელმწიფე მას მოემსახურება და მას დაემორჩილება.’
28
აქ არის სიტყვის დასასრული. მე, დანიელი, ჩემმა ფიქრებმა ძალზე შემაშფოთეს და სახეზე ფერი მეცვალა, მაგრამ ეს ამბავი გულში დავიმარხე.“
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 8 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12