bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Ecclesiastes 2
Ecclesiastes 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 3 →
1
ვუთხარი ჩემს თავს: „მოდი, გამოვცდი სიამეს, რათა გავიგო, რა მოაქვს მას.“ მაგრამ ესეც ამაოება იყო.
2
სიცილზე ვთქვი: „სისულელეა.“ და სიამეზე: „რის მაქნისია?“
3
ვიფიქრე, ღვინით გამეხალისებინა ჩემი სხეული, გონებას კი სიბრძნით ეფხიზლა; უგუნურებაც გამომეცადა, რათა მეხილა, რისი კეთება არის სასიკეთო კაცთათვის ცისქვეშეთში მათი სიცოცხლის დათვლილ დღეებში.
4
დიდი საქმენი ვქმენ: ავიგე სახლები და გავაშენე ვაზი;
5
გავიშენე ბაღები და წალკოტები და დავრგე იქ ყოველგვარი ხეხილი.
6
მოვაწყვე წყალსატევები ნორჩი ტევრების მოსარწყავად.
7
შევიძინე მონა-მხევალნი და შინ შობილი მონაც მრავლად მყავდა. ცხვარ-ძროხა უფრო მეტი მყავდა, ვიდრე მათ, ვისაც ჩემზე წინ უმეფია იერუსალიმში.
8
მოვიხვეჭე ოქრო და ვერცხლი და უამრავი განძი ყოველთა მეფეთაგან და მხარეთა. გავიჩინე მგალობლები, კაცნი და ქალნი, და სიამენი ხორციელნი – მშვენიერი ხარჭანი.
9
და განვდიდდი და გავმდიდრდი, გადავაჭარბე ყველას, ჩემზე ადრე მყოფს იერუსალიმში; და ჩემი სიბრძნეც არ მტოვებდა მე.
10
და რასაც თვალი მომთხოვდა, არაფერზე ვიხევდი უკან; არცერთი სიამე არ მოვაკელი ჩემს გულს, რადგან ხარობდა იგი ჩემი ნაღვაწით, და ეს იყო საზღაური ჩემი შრომისა.
11
და გადავხედე ყველა ჩემს საქმეს, რაც გააკეთეს ჩემმა ხელებმა, ყველეფერს, რაც შრომით შევქმენი, და ყოველივე ამაოება და ქარის დევნა იყო, და სარგებელი ვერაფერი დავინახე მზისქვეშეთში.
12
და ვიწყე განსჯა სიბრძნისა, სიშლეგისა და უგუნურებისა. რა უნდა გააკეთოს კაცმა, ვინც მოვა მეფის შემდგომ? მხოლოდ ის, რაც უკვე გაკეთებულია.
13
და დავინახე, რომ უპირატესობა აქვს სიბრძნეს სიბრიყვესთან, ისევე როგორც სინათლეს – სიბნელესთან.
14
ბრძენის თვალი მხედველია, ბრიყვი კი სიბნელეში დაეცეცება; თუმცა იმასაც მივხვდი, რომ ერთი ბოლო აქვთ ერთსაც და მეორესაც.
15
და ვუთხარი ჩემს გულს: „რაც ბრიყვს მოელის, მეც იგივე მელის, მაშ რიღასათვის ვიყავი ბრძენი?“ და გულსავე ვუთხარ, რომ ესეც ამაოება ყოფილა;
16
რადგან მარადიული არ იქნება ხსოვნა ბრძენისა, ისევე როგორც ხსოვნა ბრიყვისა; მომავლის დღენი ყველაფერს დავიწყებას აძლევენ. ვაგლახ, რომ ერთნაირად კვდებიან ბრიყვიც და ბრძენიც!
17
და შევიძულე ცხოვრება, რადგან მწუხარე აღმოჩნდა ყველა საქმე, რაც მზისქვეშეთში ხდება, რადგან ყოველივე ამაოებაა და დევნა ქარისა.
18
და შემძულდა მთელი ჩემი ნაღვაწი, რაც ვიღვაწე მზისქვეშეთში, რადგან უნდა დავუტოვო კაცს, რომელიც ჩემს შემდეგ მოვა.
19
ვინ იცის, ბრძენი იქნება ის თუ უგუნური, რომელიც დაეპატრონება მთელ ჩემს ნაღვაწს, ჩემი შრომითა და სიბრძნით რომ მოვიპოვე მზისქვეშეთში. და აჰა, ესეც ამაოებაა.
20
და გულგატეხილად შევაქციე ზურგი მთელ ჩემს ნაღვაწს მზისქვეშეთში.
21
რადგან ისე ხდება, რომ ადამიანი შრომობს ბრძნულად, ცოდნით და ნიჭიერებით, და ნაღვაწი კი სხვას ხვდება წილად, რომელსაც ამაზე არ უშრომია. და ესეც ამაოებაა და დიდი ბოროტება.
22
რადგან რა რჩება ადამიანს მთელი თავისი შრომიდან და თვისი გულისსწრაფვიდან, მზისქვეშეთში რომ იღწვის იგი?
23
დღენი მისნი ტანჯვითაა სავსე, საზრუნავი მისი – წუხილია; ღამითაც არ ისვენებს, უშფოთავს გული. აჰა, ესეც ამაოებაა.
24
განა უკეთესი არ არის კაცისთვის, რომ ჭამოს და სვას და დაიტკბოს სული თავისი შრომით? და დავინახე, რომ ესეც ღვთის ხელთაა;
25
რადგან ვის შეუძლია ჭამოს და დატკბეს მის გარეშე?
26
რადგან ადამიანს, რომელიც კეთილია მის წინაშე, აძლევს ის სიბრძნეს, ცოდნას და სიხარულს; ცოდვილს კი აძლევს საზრუნავს – შეკრიბოს და მოაგროვოს, რათა მისცეს მას, ვინც კეთილია უფლის წინაშე. ესეც ამაოებაა და ქარის დევნა.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12