bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Nehemiah 9
Nehemiah 9
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 10 →
1
ამავე თვის ოცდამეოთხე დღეს შეიკრიბნენ ისრაელიანები, იწყეს მარხვა, ძაძები ჩაიცვეს და თავზე იყრიდნენ მტვერსა და ნაცარს.
2
გამოეყო ისრაელის მოდგმა ყველა სხვა უცხოთესლს და ადგნენ და აღიარეს თავიანთი ცოდვები და თავიანთი მამების უკუღმართობა.
3
და იდგნენ თავიანთ ადგილებზე და კითხულობდნენ ღვთის რჯულის წიგნს მეოთხედი დღე, მეორე მეოთხედი დღე კი აღსარებას ამბობდნენ, და თაყვანსა სცემდნენ უფალს, თავიანთ ღმერთს.
4
და დადგნენ ლევიანთა შემაღლებაზე იესო, ბანი, კადმიელი, შებანია, ბუნი, შერებია, ბანი და ქენანი და შეჰღაღადეს უფალს, თავიანთ ღმერთს.
5
და თქვეს ლევიანებმა – იესომ, კადმიელმა, ბანიმ, ხაშაბნეიამ, შერებიამ, ჰოდიამ, შებანიამ, ფეთახიამ: „ადექით! აკურთხეთ უფალი, ღმერთი თქვენი, უკუნითი უკუნისამდე! კურთხეული იყოს შენი დიდებული სახელი, რომელიც ყველა კურთხევასა და ქებას აღემატება!
6
შენ ხარ უფალი, მხოლოდ შენ; შენ შეჰქმენ ცა და ცანი ცათანი და მთელი მათი ლაშქარი, მიწა და ყოველი, რაც მასზეა, ზღვები და ყოველი, რაც მათშია; ყველას მაცოცხლებელი შენა ხარ, და შენა გცემს თაყვანს ზეცის ლაშქარი.
7
შენა ხარ ის უფალი ღმერთი, აბრამი რომ ამოირჩიე და გამოიყვანე ქალდეველთა ურიდან, და მას სახელად აბრაამი უწოდე.
8
და ჰპოვე მისი გული სარწმუნო, წინაშე შენსა და აღთქმა დაუდე, რომ მის მოდგმას მისცემდი ქვეყანას ქანაანელთა, ხეთელთა და ამორეველთა, ფერიზელთა, იებუსელთა და გირგაშელთა. და შენ შეასრულე შენი სიტყვა, რადგან მართალი ხარ.
9
შენ დაინახე ჩვენი მამების გაჭირვება ეგვიპტეში, და შეისმინე მათი ღაღადი მეწამულ ზღვაზე.
10
შენ მიეცი ნიშნები და სასწაულები ფარაონის, მისი ყველა მსახურისა და მთელი ქვეყნის ხალხის წინააღმდეგ, რადგან იცოდი, რომ კადნიერად ექცეოდნენ მათ, და შენ სახელი გაითქვი დღევანდელ დღემდე.
11
შენ გააპე მათ თვალწინ ზღვა, და მათაც შუა ზღვაში გაიარეს, როგორც ხმელეთზე; მათი მდევრები კი ისე ჩაძირე მორევში, როგორც ლოდი აბობოქრებულ წყლებში.
12
შენ დღისით ღრუბლის სვეტით უძღოდი მათ წინ, და ღამით ცეცხლის სვეტით, იმ გზის გასანათებლად, რომელსაც ისინი ადგნენ.
13
შენ ჩამოხვედი სინაის მთაზე და ზეციდან ელაპარაკე მათ, და მიეცი მათ სწორი სამართალი და ჭეშმარიტი რჯული, კეთილი წესები, და მცნებები.
14
შენ გააცანი მათ შენი წმიდა შაბათი; და შენ მიეცი მათ მცნებები, წესდებები და რჯული, შენი მსახურის, მოსეს, ხელით.
15
შენ აძლევდი მათ პურს ზეციდან შიმშილის მოსაკლავად, შენ გადმოუდინე მათ წყალი კლდიდან წყურვილის დასაცხრობად. და უთხარი, რომ იმ ქვეყნის დასამკვიდრებლად წასულიყვნენ, რომელზეც შენ აღმართე ხელი და ფიცით აღუთქვი, რომ მათ მისცემდი.
16
მაგრამ ჩვენი მამები გაკადნიერდნენ, გაიფიცხეს ქედი და ყური არ ათხოვეს შენს მცნებებს.
17
და არც გაგონება ინებეს და არც შენი საოცარი საქმეები გაიხსენეს, მათ შორის რომ მოახდინე. გაიფიცხეს ქედი, დაიყენეს ბელადი, რათა მონობას დაბრუნებოდნენ ამბოხებით. მაგრამ შენა ხარ ღმერთი შემნდობი, მოწყალე და შემბრალე. ნელი რისხვაში და უხვი სიყვარულში, ამიტომ შენ არ მიგიტოვებია ისინი.
18
თუმცა მათ ხბო ჩამოასხეს და თქვეს: ესაა შენი ღმერთი, რომელმაც ამოგიყვანაო ეგვიპტიდან. დიდი საგმობი საქმეები ჩაიდინეს მათ.
19
მაგრამ შენი დიდი სიბრალულის გამო არ მიატოვე ისინი უდაბნოში: დღისით ღრუბლის სვეტი არ შორდებოდათ გზაზე საწინამძღვროდ და ღამით ცეცხლის სვეტი იმ გზის გასანათებლად, რომელსაც ისინი ადგნენ.
20
და შენი კეთილი სული მიანიჭე მათ შესაგონებლად, და შენი მანანა არ მოგიშორებია მათი პირისათვის, და წყალს აძლევდი წყურვილის მოსაკლავად.
21
და ორმოც წელიწადს არჩენდი მათ უდაბნოში, – არ აკლდათ არაფერი; სამოსელი არ გასცვეთიათ და ფეხები არ დასიებიათ.
22
და მიეცი მათ სამეფოები და ხალხები, და დაუნაწილე მათ ყველა კუთხე და ისინიც დაეპატრონენ სიხონის ქვეყანას, ხეშბონის მეფის ქვეყანას და ბაშანის მეფის, ყოგის, ქვეყანას.
23
შენ გაამრავლე ცის ვარსკვლავებივით მათი ძენი და მოიყვანე ისინი ქვეყანაში, რომელზეც ნათქვამი გქონდა მათი მამებისათვის, რომ მიიყვანდი მის დასაპატრონებლად.
24
და მოვიდნენ ძენი, და დაეპატრონენ ქვეყანას. და შენ დაუმორჩილე მათ იმ ქვეყნის მკვიდრნი, ქანაანელნი, და ხელში ჩაუგდე მეფეებიანად და იმ ქვეყნის ხალხებიანად, რათა მათ თავიანთ ნებაზე მოქცეოდნენ.
25
და დაიპყრეს მათ ციხე-ქალაქები, პოხიერი მიწა, დაეპატრონენ ყოველგვარი სიკეთით სავსე სახლებს, კლდეში ამოკვეთილ ჭებს, ვენახებს, ზეთისხილითა და ხეხილით სავსე ბაღებს. მრავლად; და ჭამეს და გაძღნენ, და გასუქდნენ, და მიეცნენ განცხრომას შენი დიდი სიკეთის წყალობით.
26
და მაინც ურჩობდნენ და ამბოხიც კი მოგიწყვეს, შენი რჯული ზურგს უკან მოისროლეს, და დახოცეს ის შენი წინასწარმეტყველები, რომელნიც აფრთხილებდნენ მათ, რომ შენკენ მოქცეულიყვნენ, მაგრამ ისინი შენს წინაშე დიდად საგმობ საქმეებს ჩადიოდნენ.
27
ამიტომაც ჩაყარე ისინი მტრების ხელში, რომლებიც ავიწროვებდნენ მათ. თავიანთი შეჭირვების ჟამს ისინი შენ შემოგღაღადებდნენ და შენც ზეციდან უსმენდი და შენი დიდი სიბრალულისამებრ მხსნელებს უგზავნიდი, და ისინიც იხსნიდნენ მათ მათი მტრების ხელიდან.
28
მაგრამ როგორც კი სულს მოითქვამდნენ, ისევ ბოროტის კეთებას იწყებდნენ შენს წინაშე. და შენ კვლავ მტრის ხელში ყრიდი მათ და ისინიც ბატონობდნენ მათზე; და კვლავ შემოგღაღადებდნენ, და შენც ზეციდან ისმენდი და იხსნიდი მათ შენი სიბრალულისამებრ მრავალგზის.
29
და აფრთხილებდი მათ, რათა შენი რჯულისაკენ მოქცეულიყვნენ, მაგრამ ისინი კადნიერად იქცეოდნენ და ყურს არ უგდებდნენ შენს მცნებებს და სცოდავდნენ შენი კანონების წინააღმდეგ, რომელთა აღსრულებითაც უნდა იცოცხლოს კაცმა; აიჩეჩეს ჯიუტი მხრები და გაიფიცხეს ქედი და არაფერს ისმენდნენ.
30
შენ სულგრძელი იყავ მათ მიმართ მრავალი წელი და აფრთხილებდი შენი სულით, შენი წინასწარმეტყველების მეშვეობით მაგრამ მათ ყურად არ იღეს და ამიტომ ჩაყარე ისინი ქვეყნის ხალხების ხელში.
31
და მაინც შენი დიდი სიბრალულის გამო არ მოსპე და არ მიატოვე ისინი, რადგან მოწყალე და შემბრალებელი ღმერთი ხარ.
32
ახლა კი, ღმერთო ჩვენო, ღმერთო დიდო, ძლიერო და შიშის მომგვრელო, აღთქმისა და წყალობის შემნახველო, თვალში ნუ გეცოტავება ის გაჭირვება, რაც ჩვენ, ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მღვდლებს, ჩვენს წინასწარმეტყველებს, ჩვენს მამებს და ჩვენს ხალხს შეემთხვა აშურის მეფეთა დღეთაგან ამ დღემდე.
33
შენ მართალი ხარ ყველაფერში, რაც კი ჩვენზე მოავლინე, რადგან შენ სწორად იქცეოდი, ჩვენ კი ურჯულოებას ვიქმოდით.
34
და ჩვენი მეფენი, ჩვენი მთავარნი, ჩვენი მღვდლები და ჩვენი მამები არ ასრულებდნენ შენს რჯულს და ყურს არ უგდებდნენ შენს მცნებებს და შენს შეგონებებს, რომლებითაც შეაგონებდი მათ.
35
ისინი თავიანთ სამეფოშიც კი, მიუხედავად იმ დიდი სიკეთისა, შენ რომ უწყალობე მათ, მიუხედავად იმ ვრცელი და პოხიერი მიწისა, შენ რომ წინ გადაუშალე, არ გემსახურებოდნენ და უკუღმართი საქმეებისაგან უკან არ იხევდნენ.
36
და, აჰა, დღეს ჩვენ მონები ვართ იმ ქვეყანაში, ჩვენს მამებს რომ უბოძე, რათა მისი ნაყოფითა და მისი დოვლათით ესაზრდოვათ, დამონებული ვართ.
37
მისი უხვი მოსავალი იმ მეფეებისთვისაა, რომლებიც ჩვენ დაგვიდგინე ჩვენი ცოდვების გამო; ისინი ეპატრონებიან ჩვენს სხეულებსაც და ჩვენს პირუტყვსაც, თავიანთ ნებაზე. დიდ გაჭირვებაში ვართ.
38
და ყოველივე ამის გამო ჩვენ ვდებთ მტკიცე აღთქმას წერილობით. ჩვენმა მთავარებმა, ლევიანებმა და მღვდლებმა ბეჭედი დაუსვეს.“
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 10 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13