bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
John 12
John 12
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 13 →
1
პასექამდე ექვსი დღით ადრე მივიდა იესო ბეთანიაში, სადაც იყო ლაზარე, რომელიც იესომ აღადგინა მკვდრეთით.
2
გაუმართეს მას იქ პურობა და მართა ემსახურებოდა, ლაზარე კი მისი ერთ-ერთი თანამეინახე იყო.
3
მარიამმა აიღო ერთი ლიტრა სუფთა, ძვირად ღირებული ნარდის ნელსაცხებელი, ფეხებზე სცხო იესოს და თავისი თმებით შეუმშრალა ფეხები. სახლი ნელსაცხებლის სურნელებით აივსო.
4
თქვა იუდა ისკარიოტელმა, ერთმა მის მოწაფეთაგანმა, რომელსაც გულში ჰქონდა მისი გაცემა:
5
„რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი სამას დინარად და ღარიბებს არ დაურიგდა?“
6
ეს იმიტომ კი არ თქვა, რომ ღარიბებზე ზრუნავდა, არამედ იმიტომ, რომ ქურდი იყო, ყულაბა მას ებარა და ხანდახან იღებდა თავისთვის შიგ ჩაყრილს.
7
თქვა იესომ: „დაანებე თავი, მან ჩემი დამარხვის დღისთვის გადაინახა ეს.
8
რადგან ღარიბები მუდამ თქვენთან არიან, მე კი ყოველთვის თქვენთან არა ვარ.“
9
იუდეველთაგან ბევრმა გაიგო, რომ ის იქ იყო, და მოვიდნენ არა მარტო იესოს გამო, არამედ ლაზარეს სანახავადაც, რომელიც მან მკვდრეთით აღადგინა.
10
მღვდელმთავრებმა გადაწყვიტეს, რომ ლაზარეც მოეკლათ,
11
რადგან ლაზარეს გამო ბევრი იუდეველი მოდიოდა და ერწმუნებოდა იესოს.
12
მეორე დღეს, დღესასწაულზე მოსულმა მრავალმა ხალხმა რომ გაიგო, იესო იერუსალიმში მიდისო,
13
აიღეს ფინიკის პალმის რტოები, მის შესაგებებლად გამოვიდნენ და იძახდანენ: „ოსანა! კურთხეულ არს უფლის სახელით მომავალი – მეფე ისრაელისა!“
14
იპოვა იესომ ჩოჩორი და ზედ შეჯდა, როგორც დაწერილია:
15
„ნუ გეშინია, სიონის ასულო! აჰა, შენი მეფე მოდის ჩოჩორზე მჯდომარე.“
16
ეს ვერ გაიგეს მოწაფეებმა პირველად, მაგრამ, როდესაც იესო განდიდდა, მაშინ გაიხსენეს, რომ ეს მასზე იყო დაწერილი, და ასე მოექცნენ მას.
17
და მოწმობდა მის შესახებ ის ხალხი, რომელიც მასთან იყო, როდესაც ლაზარეს მოუწოდა სამარხიდან და მკვდრეთით აღადგინა.
18
იმიტომ ეგებებოდა მას ხალხი, რაკი გაგონილი ჰქონდა, რომ ეს სასწაული მოახდინა.
19
ფარისეველებმა კი ერთმანეთს უთხრეს: „ხედავთ, რომ ვეღარაფერს ხდებით? მთელი ქვეყანა მას მიჰყვება.“
20
იყვნენ იქ ბერძნებიც ამოსულთაგან, რომ თაყვანი ეცათ დღესასწაულზე.
21
მივიდნენ ისინი ფილიპესთან, რომელიც გალილეის ბეთსაიდიდან იყო, სთხოვეს და უთხრეს: „ბატონო, იესოს ნახვა გვსურს.“
22
მივიდა ფილიპე და უთხრა ანდრიას. და მივიდნენ ანდრია და ფილიპე და უთხრეს იესოს.
23
იესომ მიუგო მათ და უთხრა: „მოვიდა ჟამი, რომ განდიდდეს კაცის ძე.
24
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ მიწაში ჩავარდნილი ხორბლის მარცვალი არ მოკვდა, მარტო დარჩება; და თუ მოკვდა, ბევრ ნაყოფს გამოიღებს.
25
ვისაც თავისი სამშვინველი უყვარს, დაკარგავს მას; ხოლო ვისაც თავისი სამშვინველი სძულს ამ ქვეყნად, საუკუნო სიცოცხლისათვის შეინახავს მას.
26
ვინც მე მემსახურება, გამომყვეს მე; და სადაც მე ვარ, ჩემი მსახურიც იქ იქნება. და ვინც მე მემსახურება, მას პატივს მიაგებს მამა.
27
ახლა წუხს ჩემი სული; და რა ვთქვა – მამაო, მიხსენი ამ ჟამისაგან? მაგრამ მე ამისთვის მოვედი ამ ჟამს.
28
მამაო, განადიდე სახელი შენი!“ და მოვიდა ზეციდან ხმა: „განვადიდე და კვლავაც განვადიდებ!“
29
იქ მდგომმა ხალხმა ამის გაგონებაზე თქვა: ქუხილიაო. სხვებმა კი თქვეს: ანგელოზი ელაპარაკებოდაო.
30
მიუგო იესომ და თქვა: „ჩემთვის კი არ იყო ეს ხმა, არამედ თქვენთვის.
31
ახლაა ქვეყნიერების სამსჯავრო; ახლა განიდევნება ქვეყნიერების მთავარი გარეთ.
32
და როდესაც ავმაღლდები დედამიწიდან, ყველას ჩემთან მოვიზიდავ.“
33
ამას იმის მისანიშნებლად ამბობდა, თუ როგორი სიკვდილით აპირებდა სიკვდილს.
34
მიუგო მას ხალხმა: „რჯულიდან გაგვიგონია, რომ ქრისტე უკუნისამდე რჩება. როგორღა ამბობ, კაცის ძე უნდა ამაღლდესო? ვინაა ეს კაცის ძე?“
35
უთხრა მათ იესომ: „კიდევ მცირე ხანს არის თქვენს შორის ნათელი. იარეთ, სანამ ნათელი გაქვთ, რათა ბნელმა არ მოგიცვათ. ბნელში მოარულმა არ იცის, საით მიდის.
36
სანამ ნათელი გაქვთ, იწამეთ ნათელი, რათა იყოთ ძენი ნათლისა.“ ეს თქვა იესომ, და წავიდა და თვალს მიეფარა.
37
ამდენი სასწაული მოახდინა მათ წინაშე და მაინც არ ერწმუნენ მას,
38
რათა აღსრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის სიტყვა, რომელმაც თქვა: „უფალო, ვინ ირწმუნა ჩვენი უწყება და ვის გამოეცხადა უფლის მკლავი?“
39
იმიტომაც ვერ ირწმუნეს, რომ, როგორც კიდევ თქვა ესაიამ:
40
„თვალები დაუბრმავა და გული დაუხშო მათ, რათა თვალით ვერ ეხილათ და გულით ვერ მიმხვდარიყვნენ და არ მოქცეულიყვნენ, რომ განმეკურნა ისინი.“
41
ეს თქვა ესაიამ, რაკი იხილა მისი დიდება, და მასზე ლაპარაკობდა ის.
42
თუმცა ბევრი მთავარიც ერწმუნა მას, მაგრამ ფარისეველთა გამო ვერ აღიარებდნენ, რათა სინაგოგიდან არ მოეკვეთათ.
43
რადგან ადამიანთა დიდება უფრო უყვარდათ, ვიდრე ღმერთის დიდება.
44
იესომ შეღაღადა და თქვა: „ვისაც ჩემი სწამს, ჩემი კი არ სწამს, არამედ მისი, ვინც მე მომავლინა,
45
და ვინც მე მხედავს, ხედავს მას, ვინც მე მომავლინა.
46
მე, ნათელი, მოვედი ქვეყანაზე, რათა არც ერთი ჩემი მორწმუნე ბნელში არ დარჩეს.
47
და თუ ვინმე მოისმენს ჩემს სიტყვებს და არ დაიცავს, მე არ განვსჯი მას, რადგან ქვეყნიერების განსასჯელად კი არ მოვედი, არამედ ქვეყნიერების სახსნელად.
48
ვინც მე უარმყოფს და არ იწყნარებს ჩემს სიტყვებს, ჰყავს განმსჯელი. სიტყვა, რომელიც წარმოვთქვი, განსჯის მას უკანასკნელ დღეს.
49
რადგან მე ჩემგან კი არ მილაპარაკია, არამედ ჩემმა მომავლინებელმა მამამ მომცა მცნება, რა ვთქვა და რა ვილაპარაკო.
50
და მე ვიცი, რომ მისი მცნება საუკუნო სიცოცხლეა. ამიტომ, რასაც ვამბობ, როგორც მამამ მითხრა, ისე ვამბობ.“
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 13 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21