bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Joshua 24
Joshua 24
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 23
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
1
და შეჰყარა იესომ ისრაელის ყველა ტომი შექემში, და მოუხმო ისრაელის უხუცესებს, და მის ერისთავებს, და მის მსაჯულებსა და მის მოხელეებს, და ისინი წარდგნენ ღვთის წინაშე.
2
და უთხრა იესომ მთელ ხალხს: „ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: ‘დასაბამიდან მდინარის გაღმა ცხოვრობდნენ თქვენი მამები: თერახი, მამა აბრაამისა და მამა ნახორისა, და ემსახურებოდნენ სხვა ღმერთებს.
3
და წამოვიყვანე თქვენი მამა, აბრაამი, მდინარის გაღმიდან და მოვატარე მთელი ქანაანის ქვეყანა, და გავამრავლე მისი თესლი, და მივეცი მას ისააკი,
4
და ისააკს მივეცი იაკობი და ესავი. და მივეცი ესავს სეყირის მთა დასამკვიდრებლად, ხოლო იაკობი და მისი ძენი ეგვიპტეში ჩავიდნენ.
5
და გავაგზავნე მოსე და აარონი, და ვგვემე ეგვიპტე იმით, რაც მოვიმოქმედე მის შუაგულში, და მერე გამოგიყვანეთ თქვენ.
6
და გამოგიყვანეთ თქვენ და თქვენი მამები ეგვიპტიდან. და როდესაც თქვენ ზღვას მოადექით, და ეგვიპტელნი, უკან რომ დაედევნენ თქვენს მამებს ეტლებითა და მხედრებით, და მეწამულ ზღვასთან რომ წამოეწივნენ,
7
შეჰღაღადეს უფალს თქვენმა მამებმა, და მანაც მოავლინა წყვდიადი თქვენსა და ეგვიპტელებს შუა, და მოაქცია მათზე ზღვა, რომელმაც დაფარა ისინი. და თქვენმა თვალმა იხილა, რაც მოვიმოქმედე მე ეგვიპტეში. და თქვენ დიდხანს ცხოვრობდით უდაბნოში.
8
და მოგიყვანეთ თქვენ ამორეველთა ქვეყანაში, იორდანეს გაღმა რომ იყო; მათ ბრძოლა გაგიმართეს, მაგრამ მე ხელში ჩაგაგდებინეთ ისინი; თქვენ დაიმკვიდრეთ მათი ქვეყანა, და მე აღვგავე ისინი თქვენგან.
9
ადგა მოაბის მეფე ბალაკი, ძე ციფორისა, და შეებრძოლა ისრაელს, და მიავლინა და მოუხმო ბალაამ ბეყორის ძეს თქვენს დასაწყევლად.
10
და არ ვინებე ბალაამის მოსმენა და მან დაგლოცათ. და ასე გიხსენით მე მისი ხელიდან.
11
თქვენ გადალახეთ იორდანე და მიადექით იერიხოს. და ბრძოლა გაგიმართეს თქვენ იერიხოს პატრონებმა: ამორეველებმა, ფერიზელებმა, ქანაანელებმა, ხეთელებმა, გირგაშელებმა, ხიველებმა და იებუსელებმა, და მე ხელში ჩაგიგდე ისინი.
12
კრაზანები გამოვუშვი თქვენს წინ და მათ განდევნეს თქვენგან ორი ამორეველი მეფე – არა შენი მახვილით და არა შენი მშვილდით.
13
და მოგეცით თქვენ ქვეყანა, რომელზეც არ გიშრომიათ, და ქალაქები, რომლებიც თქვენ არ გიშენებიათ, და თქვენ ცხოვრობთ მათში. და საზრდოობთ ვენახებითა და ზეთისხილის ბაღებით, რომლებიც თქვენ არ გაგიშენებიათ.’
14
მაშ გეშინოდეთ უფლისა და ემსახურეთ მას წრფელად და ერთგულად; განიშორეთ ღმერთები, რომელთაც ემსახურებოდნენ თქვენი მამები მდინარის გაღმა და ეგვიპტეში, და ემსახურეთ მხოლოდ უფალს.
15
და თუ ავად მიგაჩნიათ თქვენს თვალში უფლის მსახურება, დღესვე აირჩიეთ, ვის ემსახუროთ: ღმერთებს, ვისაც თქვენი მამები ემსახურებოდნენ მდინარის გაღმა, თუ ამორეველთა ღმერთებს, რომელთა ქვეყანაშიც თქვენ ცხოვრობთ; მე და ჩემი სახლი კი უფალს მოვემსახურებით.“
16
და მიუგო ხალხმა, და თქვა: „ღმერთმა დაგვიფაროს, რომ უფალი მივატოვოთ და სხვა ღმერთებს ვემსახუროთ!
17
რადგან უფალი არის ჩვენი ღმერთი, მან გამოგვიყვანა ჩვენ და ჩვენი მამები ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან, და ჩვენს თვალწინ მოიმოქმედა დიდი სასწაულები, და გვიცავდა მთელ გზაზე, რომელზეც დავდიოდით, და ყველა ხალხებში, რომელთა შორისაც ჩვენ გავიარეთ.
18
და განდევნა უფალმა ჩვენგან ყველა ხალხი და ამორეველებიც, ამ ქვეყნის მკვიდრნი. ჩვენც უნდა ვემსახუროთ უფალს, რადგან ის არის ჩვენი ღმერთი.“
19
და უთხრა იესომ ხალხს: „ვერ შეძლებთ უფლის მომსახურებას, რადგან წმიდა ღმერთია იგი, შურისმგებელი ღმერთია იგი, არ გაპატიებთ თქვენს დანაშაულსა და ცოდვებს.
20
თუ მიატოვებთ უფალს და მოემსახურებით უცხო ღმერთებს, კვლავ ბოროტებას დაგათევთ თავს უფალი. და მოგსპობთ, მას შემდეგ, რაც სიკეთე გიყოთ.“
21
და მიუგო ხალხმა იესოს: არა, რადგან უფალს უნდა ვემსახუროთო.
22
და უთხრა იესომ ხალხს: „მოწმენი ხართ თქვენი თავისა, რომ თქვენ თვითონ ირჩევთ უფალს, რათა ემსახუროთ მას?“ და თქვეს: „მოწმენი ვართ!“
23
„მაშ განიშორეთ უცხო ღმერთები, რომლებიც ჯერ კიდევ თქვენთვის გყავთ, და მიაბრუნეთ თქვენი გული უფლის, ისრაელის ღმერთისაკენ.“
24
და უთხრა ხალხმა იესოს: „უფლის, ჩვენი ღმერთის, მსახურებაში ვიქნებით და ყურს დავუგდებთ მის ხმას.“
25
ასე დადო იესომ აღთქმა იმ დღეს ხალხთან, და წესი და სამართალი მისცა მათ შექემში.
26
და ჩაწერა იესომ ეს სიტყვები ღვთის რჯულის წიგნში, და აიღო დიდი ლოდი და აღმართა იქ, მუხის ქვეშ, უფლის საწმიდართან რომ იდგა.
27
და უთხრა იესომ მთელ ხალხს: „აჰა, ეს ლოდი იყოს ჩვენს მოწმედ, რადგან მან მოისმინა ყველა სიტყვა, რომელიც უფალმა გვითხრა ჩვენ; და იქნება ის თქვენს წინააღმდეგ მოწმედ, თუ უარყოფთ თქვენს ღმერთს.“
28
და გაისტუმრა იესომ ხალხი, თითოეული თავის სამკვიდროში.
29
და ამ ამბის შემდეგ მოკვდა იესო ნავეს ძე, უფლის მსახური, ას ათი წლისა.
30
და დამარხეს იგი მის სამკვიდრო მიწაზე, თიმნათ-სერახში, ეფრემის მთაზე რომ არის, გაყაშის მთის ჩრდილოეთით.
31
და ემსახურებოდა ისრაელი უფალს იესოს მთელს დღეებში და უხუცესთა მთელს დღეებში, რომელნიც ცხოვრობდნენ იესოს მერეც და, რომელთაც იხილეს უფლის ყოველი საქმე, რაც ისრაელისთვის მოიმოქმედა.
32
და იოსების ძვლები, ისრაელის ძეებმა რომ ამოიტანეს ეგვიპტიდან, დაკრძალეს შექემში, იმ მინდვრის ნაკვეთზე, რომელიც ნაყიდი ჰქონდა იაკობს შექემის მამის, ხამორის ძეთაგან, ას კესიტად, და ერგო იოსების ძეთ სამკვიდროდ.
33
და მოკვდა ელეაზარი, აარონის ძე, და დამარხეს იგი მისი ძის, ფინეხასის ბორცვზე, რომელიც მიეცა მას ეფრემის მთაში.
← Chapter 23
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24