bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Judges 11
Judges 11
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 12 →
1
იფთახ გალაადელი მამაცი ვაჟკაცი იყო. მეძავი დიაცის ვაჟი იყო ის. გალაადმა შვა იფთახი.
2
და გალაადს სხვა ძენიც ჰყავდა თავისი ცოლისგან. და დაიზარდნენ მისი ცოლის ძენი, და მათ გააძევეს იფთახი და უთხრეს: „შენ არ დაიმკვიდრებ მამაჩვენის სახლს, რადგან სხვა ქალის ძე ხარ.“
3
და გაერიდა იფთახი თავის ძმებს და დამკვიდრდა ტობის ქვეყანაში. ნაძირალებმა მოიყარეს თავი იფთახთან და მისი მეთაურობით თავდასხმებს აწყობდნენ.
4
გამოხდა ხანი და ყამონის ძენი ისრაელს შეებრძოლნენ.
5
და როცა ყამონის ძეთ ომი გაუმართეს ისრაელიანებს, წავიდნენ გალაადის უხუცესები, რათა იფთახი მოეყვანათ ტობის ქვეყნიდან.
6
და უთხრეს იფთახს: „მოდი, გახდი ჩვენი მეთაური და შევებრძოლოთ ყამონის ძეთ.“
7
და უთხრა იფთახმა გალაადის უხუცესებს: „თქვენ ხომ მომიძულეთ და გამომაძევეთ მამაჩემის სახლიდან და ახლა რატომ მომაკითხეთ, როცა გაგიჭირდათ?“
8
და უთხრეს გალაადის უხუცესებმა იფთახს: „ახლა იმიტომ მოვბრუნდით შენთან, რომ წამოგვყვე და შეებრძოლო ყამონის ძეთ, და გალაადის ყველა მკვიდრის მეთაური გახდე.“
9
და უთხრა იფთახმა გალაადის უხუცესებს: „თუ თქვენ დამაბრუნებთ ყამონის ძეებთან საომრად და უფალი ხელში ჩამიგდებს მათ, კვლავაც ვიქნები თქვენი მეთაური?“
10
და უპასუხეს მას გალაადის უხუცესებმა: „უფალი იყოს მოწმე ჩვენს შორის, რომ ისე მოვიქცევით, როგორც შენ იტყვი.“
11
და წავიდა იფთახი გალაადის უხუცესებთან ერთად, და ის დაადგინა ხალხმა თავის მეთაურად და წინამძღვრად. და გაიმეორა იფთახმა ყველა თავისი სიტყვა უფლის წინაშე მიცფაში.
12
და გაუგზავნა იფთახმა მოციქულები ყამონის ძეთა მეფეს და შეუთვალა: „რა გვაქვს მე და შენ გასაყოფი, რომ მომიხდი ჩემს ქვეყანაში საომრად?“
13
და ყამონის ძეთა მეფემ იფთახის მოციქულებს ასე დააბარა: „რადგან ისრაელმა ჩემი ქვეყანა დაიკავა, როცა ეგვიპტიდან გამოვიდა – არნონიდან იაბოკამდე და იორდანემდე – ახლა მშვიდობიანად დამიბრუნე ის და დაგეხსნები.“
14
და კვლავ მიუგზავნა იფთახმა მოციქულები ყამონის ძეთა მეფეს,
15
რათა ეთქვათ: „ასე ამბობს იფთახი: არ დაუკავებია ისრაელს მოაბის ქვეყანა და ყამონის ძეთა ქვეყანა,
16
რადგან ეგვიპტიდან რომ გამოვიდნენ, იარა ისრაელმა უდაბნოში მეწამულ ზღვამდე, და კადეშს მიადგა.
17
მაშინ გაუგზავნა ისრაელმა მოციქულნი ედომის მეფეს და სთხოვა: გამატარეო შენს ქვეყანაზე, მაგრამ არ ისმინა ედომის მეფემ; და აგრეთვე მიუგზავნა მოაბის მეფეს და არც მან ინება; და ისრაელი კადეშში დამკვიდრდა.
18
და წავიდა უდაბნოში და შემოუარა ედომის ქვეყანას და მოაბის ქვეყანას, და მივიდა მოაბის ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვართან; და დაიბანაკა არნონის გაღმა, და ფეხი არ შეუდგამთ მოაბის მიწა-წყალზე, რადგან არნონი იყო მოაბის საზღვარი.
19
და გაუგზავნა ისრაელმა მოციქულნი სიხონს, ამორეველთა მეფეს, ხეშბონის მეფეს, და უთხრა შეუთვალა: გთხოვ, შენს ქვეყანაზე გამატარეო.
20
და სიხონმა არ გაატარა ისრაელი თავის მიწა-წყალზე. და სიხონმა შეკრიბა მთელი თავისი ხალხი, და დაიბანაკეს იაჰცაში, და შეებრძოლნენ ისრაელიანთ.
21
და უფალმა, ისრაელის ღმერთმა, სიხონი და მთელი მისი ხალხი ხელში ჩაუგდო ისრაელს, და მოსრეს ისინი. და დაიმკვიდრა ისრაელმა ამორეველთა მთელი ქვეყანა;
22
და დაიმკვიდრეს ამორეველთა მთელი მიწა-წყალი არნონიდან იაბოკამდე და უდაბნოდან იორდანემდე.
23
და უფალმა, ისრაელის ღმერთმა, ასე აჰყარა ამორეველები თავისი ხალხის, ისრაელის, პირისაგან და შენ გინდა დაიმკვიდრო იგი?
24
განა იმას არა ფლობ, რაც ქემოშმა, შენმა ღმერთმა, დაგიმკვიდრა? ჩვენც ვფლობთ ყველაფერს, რაც უფალს, ჩვენს ღმერთს, დაუმკვიდრებია ჩვენთვის.
25
და ახლა, რითი სჯობიხარ ბალაკ ციფორის ძეს, მოაბის მეფეს? მას ხომ ისრაელთან არც პაექრობით უპაექრია და არც ბრძოლით უბრძოლია?
26
უკვე სამასი წელია, რაც ისრაელი მკვიდრობს ხეშბონში და მის სოფლებში, ყაროყერში და მის სოფლებში, და ყველა ქალაქში, არნონის გაღმა-გამოღმა, იმხანადვე რატომ არ დაიბრუნე ისინი?
27
მე შენთვის არ შემიცოდავს, შენ კი ბოროტებას მიკეთებ, ჩემზე რომ მოდიხარ საომრად. განსაჯოს უფალმა, მსაჯულმა ისრაელის ძეთა და ყამონის ძეთა შორის!“
28
და არ მოისმინა ყამონის ძეთა მეფემ იფთახის სიტყვა, რომელიც მან შეუთვალა.
29
და იყო იფთახზე სული უფლისა, და გაიარა იფთახმა გალაადი და მანაშე, და გაიარა გალაადის მიცფე, და გალაადის მიცფედან წავიდა ყამონის ძეთა წინააღმდეგ.
30
და აღუთქვა იფთახმა აღთქმა უფალს, და თქვა: „თუ ყამონის ძეთ ხელში ჩამიგდებ,
31
მაშინ ასე იქნება: ვინც ჩემი სახლის კართან პირველი გამომეგებება, როდესაც ყამონის ძეთაგან გამარჯვებული დავბრუნდები, უფლისა იყოს იგი და აღვავლენ მას სრულადდასაწველ მსხვერპლად.“
32
და მივიდა იფთახი ყამონის ძეებთან საომრად, და ხელში ჩააგდებინა ისინი უფალმა.
33
და მოსრა ისინი ყაროყერიდან, ვიდრე მინითის შესასვლელამდე, 20 ქალაქი, და ვიდრე აბელ-ქერამიმამდე, ძალზე დიდი მოსვრით; და დამორჩილებულ იქნენ ყამონის ძენი ისრაელის ძეთა წინაშე.
34
და მივიდა იფთახი მიცფას, თავის სახლში. და აჰა, მისი ასული გამოეგება სიმღერითა და როკვით; მხოლოდ ის ერთი ჰყავდა მას, იფთახს მის გარდა არც ვაჟი ჰყოლია არც ასული.
35
და მის დანახვაზე იფთახმა შემოიხია სამოსელი და თქვა: „ვაიმე, ჩემო ასულო! უბედურებით გამაუბედურე; და შენ იქმენ ჩემს მჭუნვარებად; და ბაგე გავხსენი უფლის წინაშე და ვეღარ გადავთქვამ!“
36
და ასულმა უთხრა მას: „მამაჩემო, შენ თუ უფლის წინაშე ბაგე გახსენი, მიყავ, როგორც შენმა ბაგემ წარმოთქვა, რადგან უფალმა შური გაძიებინა შენს მტრებზე, ყამონის ძეებზე.“
37
და უთხრა მამამისს: „ეს ერთი რამ შემისრულე: გამიშვი ორი თვით; წავალ და მთებში ავალ, რათა ჩემს დობილებთან ერთად გამოვიტირო ჩემი ქალწულობა.“
38
და უთხრა მას იფთახმა: „წადი.“ და გაუშვა იგი ორი თვით. და წავიდა ის თავის დობილებთან და დასტიროდა მთაში თავის ქალწულობას.
39
და ორი თვის ბოლოს დაბრუნდა თავის მამასთან, და ისიც იმ აღთქმისამებრ მოიქცა, რომელიც აღთქმული ჰქონდა. და მას მამაკაცი არ შეუცვნია. ეს წესად დაიდო ისრაელში:
40
წლიდან წლამდე ისრაელის ძეთა ასულნი მიდიოდნენ, რათა დაეტირებინათ იფთახ გალაადელის ასული, წელიწადში ოთხ დღეს.
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 12 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21