bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Kings 1
1 Kings 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 2 →
1
როცა მოხუცდა მეფე დავითი და სიბერით გაცვდა, თბილი საბნებიც კი აღარ ათბობდა.
2
და უთხრეს მისმა მსახურებმა: „გამოუძებნონ ჩვენს მეფე-ბატონს ახალგაზრდა ქალწული ქალი, რომ წარდგეს მეფის წინაშე და მოუაროს მას და გვერდში დაუწვეს, ასე თუ გათბება ჩვენი მეფე-ბატონი.“
3
და დაუწყეს ძებნა ლამაზ ყმაწვილ ქალს მთელს ისრაელში და მონახეს შუნამელი აბიშაგი, და მიჰგვარეს მეფეს.
4
ძალზე ლამაზი იყო ყმაწვილი ქალი და გახდა იგი მეფის მომვლელი და ემსახურებოდა მას, მაგრამ მეფეს არ შეუცვნია ის.
5
გამედიდურდა ადონია, ხაგითის შვილი, და ამბობდა: მე უნდა ვიმეფოო. გაიჩინა ეტლები და მხედრები, და 50 მალემსრბოლი.
6
და არ უსაყვედურია მამამისს, ასე რატომ იქცევიო? თვალტანადი ყმაწვილი იყო ის; აბესალომის მომდევნოდ ეყოლა იგი დედამისს.
7
იოაბთან, ცერუიას ძესთან და აბიათარ მღვდელთან ჰქონდა საქმე დაჭერილი და ისინი ეხმარებოდნენ ადონიას.
8
ცადოკ მღვდელი, ბენაია იეჰოიადაყის ძე, ნათან წინასწარმეტყველი, შიმეყი, რეყი და დავითის მოყმენი მხარს არ უჭერდნენ ადონიას.
9
და დახოცა ადონიამ ცხვრები, ხარები, ნასუქალი ხბორები ზოხელეთის ლოდთან, ყენ-როგელის მახლობლად რომ არის, და მოიწვია თავისი ძმები, უფლისწულები და იუდაელი კაცები, მეფის მსახურნი,
10
ხოლო ნათან წინასწარმეტყველი, ბენაია, და მამაცი მოყმენი და სოლომონი, თავისი ძმა, არ მოუწვევია.
11
და უთხრა ნათანმა ბათშებაყს, სოლომონის დედას: „გაიგე, რომ გამეფდა ადონია, ხაგითის ძე, ჩვენმა ბატონმა დავითმა კი არაფერი იცის?
12
ახლა, მოდი, ერთ რამეს გირჩევ: უშველე თავს და სოლომონს, შენს შვილს.
13
წადი, შედი დავით მეფესთან და უთხარი: ‘განა შენ არ იყავი, მეფე-ბატონო, რომ შემომფიცე შენს მხევალს: შენი ვაჟი სოლომონი იმეფებს ჩემს შემდეგ, ის დაჯდებაო ჩემს ტახტზე, მაშ რატომ გამეფდა ადონია?’
14
და აჰა, ვიდრე შენ მეფესთან იმასლაათებ, მეც შემოვალ და სიტყვას შეგაწევ.“
15
და შევიდა ბათშებაყი მეფესთან ოთახში. ძალზე მოხუცი იყო მეფე და შუნამელი აბიშაგი უვლიდა მას.
16
თავი დახარა ბათშებაყმა და თაყვანი სცა მეფეს. და უთხრა მეფემ: „რა გინდა?“
17
და უთხრა: „ჩემო მეფე-ბატონო, ხომ შეჰფიცე შენს მხევალს უფლის, შენი ღმერთის სახელით: სოლომონი, შენი ვაჟი გამეფდება ჩემს შემდეგ და ჩემს ტახტზე ის დაჯდებაო?
18
ახლა, აჰა, ადონია გამეფდა, შენ კი, მეფე-ბატონო, არაფერი გაგიგია.
19
დაკლა მრავლი ხარი, მსუქანი მოზვერი და ცხვარი, და მოიწვია ყველა უფლისწული და აბიათარ მღვდელი და მხედარმთავარი იოაბი; ხოლო შენი მსახური სოლომონი არ მოუწვევია.
20
შენ კი, ჩემო ბატონო, მეფე ხარ, და შენსკენაა მოპყრობილი მთელი ისრაელის თვალი, რომ გამოუცხადო, ვინ ავა ჩემი მეფე-ბატონის ტახტზე მის შემდეგ.
21
თორემ, როცა განისვენებს მეფე-ბატონი თავის მამებთან, დამნაშავენი გამოვალთ მე და ჩემი შვილი სოლომონი.“
22
და აჰა, ვიდრე ელაპარაკებოდა მეფეს, ნათან წინასწარმეტყველიც მოვიდა.
23
მოახსენეს მეფეს და უთხრეს: „აჰა, ნათან წინასწარმეტყველი.“ შევიდა მეფესთან და მდაბლად თაყვანი სცა მას;
24
და თქვა ნათანმა: „მეფე-ბატონო, შენა თქვი, რომ ჩემს შემდეგ ადონია გამეფდეს და ჩემს ტახტზე დაჯდესო?
25
რადგან ჩამოვიდა დღეს, დაკლა მრავალი ხარი, ნასუქალი მოზვერი და ცხვარი, და მოიწვია ყველა უფლისწული, მხედართმთავრები და აბიათარ მღვდელი. ახლა იქ არიან და ჭამენ და სვამენ მის წინაშე. გაჰყვირიან: ‘დღეგრძელობა მეფე ადონიას!’
26
არ მივუწვევივარ არც მე, შენი მსახური, არც ცადოკ მღვდელი, არც ბენაია იეჰოიადაყის ძე, და არც სოლომონი, შენი მსახური.
27
თუ მეფე-ბატონისგან მოდის ეს ბრძანება, რატომ არ მაუწყე შენს მსახურს, თუ ვინ უნდა დამჯდარიყო მეფე-ბატონის ტახტზე მის შემდეგ?“
28
და მიუგო მეფე დავითმა და უთხრა: „ბათშებაყს დამიძახეთ!“ და შევიდა ბათშებაყი მეფესთან და წარუდგა მას.
29
და დაიფიცა მეფემ და თქვა: „მოწმე იყოს უფალი, რომელმაც მიხსნა ყველა გაჭირვებიდან,
30
რომ როგორც შემოგფიცე უფლის, ისრაელის ღმერთის სახელით, შენი ვაჟი სოლომონი გამეფდება ჩემს შემდეგ და ის დაჯდება-მეთქი ჩემს ტახტზე ჩემს ნაცვლად, ასე გავაკეთებ დღეს.“
31
და დაბლა დახარა თავი ბათშებაყმა, და თაყვანი სცა მეფეს და უთხრა: „უკუნისამდე იცოცხლოს ჩემმა მეფე-ბატონმა დავითმა!“
32
და თქვა მეფე დავითმა: „მომიხმეთ ცადოკ მღვდელი, ნათან წინასწარმეტყველი და ბენაია იეჰოიადაყის ძე.“ და ისინიც წარდგნენ მეფის წინაშე.
33
და უთხრა მათ მეფემ: „იახლეთ თქვენი ბატონის მსახურნი, შესვით ჩემი ძე სოლომონი ჩემს ჯორზე და გიხონში ჩაიყვანეთ.
34
და იქ სცხონ იგი ისრაელის მეფედ ცადოკ მღვდელმა და ნათან წინასწარმეტყველმა. და დაჰბერეთ ბუკსა და გამოაცხადეთ: უკუნისამდე ცხონდეს მეფე სოლომონი!
35
და ამოჰყევით მას და მოვა და დაჯდება ჩემს ტახტზე; ის იმეფებს ჩემს ნაცვლად; მას ვუანდერძე მე ისრაელისა და იუდას წინამძღვრობა.“
36
და მიუგო ბენაია იეჰოიადაყის ძემ მეფეს და თქვა: ამინ! ასევე ბრძანოს უფალმა, ჩემი მეფე-ბატონის ღმერთმა!
37
როგორც ჩემს მეფე-ბატონთან იყო უფალი, ასევე იყოს სოლომონთანაც. ჩემი მეფე-ბატონის, დავითის ტახტზე მეტად აამაღლოს მისი ტახტი.
38
და ჩავიდნენ ცადოკ მღვდელი, ნათან წინასწარმეტყველი, ბენაია, იეჰოიადაყის ძე, ქერეთელნი და ფელეთელნი, და შესვეს სოლომონი მეფე დავითის ჯორზე და გიხონისაკენ წაიყვანეს.
39
და გამოიტანა მღვდელმა ცადოკმა კარვიდან ზეთის რქა და დაასხა სოლომონს. და დაჰბერეს ბუკსა და შესძახა მთელმა ხალხმა: „დღეგრძელი იყოს სოლომონ მეფე!“
40
უკან მოჰყვებოდა მთელი ხალხი სოლომონს, სტვირებს უკრავდნენ და ხარობდნენ დიდი სიხარულით, მიწა ირყეოდა მათი ყიჟინით.
41
ის იყო მორჩნენ პურობას ადონია და მისი სტუმრები, რომ მოესმათ ეს ყიჟინა. და როცა გაიგონა იოაბმა ბუკისცემის ხმა, იკითხა, რა ხმაურიაო ქალაქში?
42
ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, და აჰა, მოვიდა იონათანი, აბიათარ მღვდლის ძე. და თქვა ადონიამ: „შემოდი, რადგან ღირსეული კაცი ხარ და ალბათ, კარგი ამბავიც მოგაქვს.“
43
და მიუგო იონათანმა ადონიას: „ვაგლახ, რომ არა! სოლომონი გაამეფა დავითმა, ჩვენმა მეფე-ბატონმა,
44
და გააყოლა მას მეფემ ცადოკ მღვდელი, ნათან წინასწარმეტყველი, ბენაია იეჰოიადაყის ძე, ქერეთელები და ფელეთელები და შესვეს იგი მეფის ჯორზე,
45
და მეფედ სცხეს იგი ცადოკ მღვდელმა და ნათან წინასწარმეტყველმა გიხონში, და გახარებულნი ამოვიდნენ იქიდან, და შეიძრა ქალაქი, ეს ის ხმა იყო, თქვენ რომ გაიგონეთ.
46
უკვე ზის სოლომონი სამეფო ტახტზე.
47
და მივიდნენ კიდეც და მიულოცეს მეფის მსახურებმა ჩვენს ბატონს, დავით მეფეს, და უთხრეს: ‘ადიდოს ღმერთმა სახელი სოლომონისა, შენი ძისა, შენს სახელზე მეტად, და აღამაღლოს მისი ტახტი შენს ტახტზე მეტად.’ და წამოიწია მეფე თავის საწოლზე და თაყვანი სცა.
48
და ასე თქვა მეფემ: კურთხეულია უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელმაც მომცა დღეს ტახტის მემკვიდრე და ჩემი თვალით მახილვინა.“
49
და შეეშინდათ ადონიას წვეულთ, წამოიშალნენ და თავ-თავისი გზით წავიდნენ.
50
ხოლო ადონიამ სოლომონის შიშით სამსხვერპლოს მიაშურა და მის რქებს მოეჭიდა.
51
ეს შეატყობინეს სოლომონს და უთხრეს: „აჰა, შეეშინდა ადონიას სოლომონ მეფის, და აჰა, სამსხვერპლოს რქებს მოეჭიდა და ამბობს: ‘შემომფიცოს დღეს მეფე სოლომონმა, რომ მახვილით არ მომკლავსო მის მსახურს.’“
52
და თქვა სოლომონმა: „თუ წრფელად მოიქცევა, მისი ერთი ბეწვიც არ დავარდება მიწაზე, მაგრამ თუ მზაკვრობა გაივლო გულში, მოკვდება.“
53
და გაგზავნა სოლომონ მეფემ ხალხი და ჩამოიყვანეს იგი სამსხვერპლოდან. და როცა მოვიდა, თაყვანი სცა მეფე სოლომონს. და უთხრა სოლომონმა: წადიო შენს სახლში.
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22