bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Kings 3
1 Kings 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 4 →
1
დაუმოყვრდა სოლომონი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს და ცოლად მოიყვანა მისი ასული, და შეიყვანა დავითის ქალაქში, ვიდრე დაასრულებდა თავის სახლს, უფლის ტაძარს და ზღუდეს იერუსალიმის ირგვლივ.
2
ოღონდ ჯერ კიდევ გორაკებზე სწირავდა ხალხი მსხვერპლს, რადგან იმ ხანობამდე ჯერ კიდევ არ იყო აშენებული სახლი უფლის სახელზე.
3
და შეიყვარა სოლომონმა უფალი, და მამამისის – დავითის წესზე დადიოდა; ოღონდ ისიც გორაკებზე სწირავდა მსხვერპლს და აკმევდა საკმეველს.
4
და წავიდა მეფე გიბეონს, რათა მსხვერპლი შეეწირა იქ, რადგან იქ იყო მთავარი გორაკი. ათასი სული სრულადდასაწველი შესწირა მეფემ ამ სამსხვერპლოზე.
5
და გამოეცხადა გიბეონში უფალი სოლომონს ღამით სიზმრად და უთხრა ღმერთმა: „მთხოვე, რაც გინდა, რომ მოგცე.“
6
და უთხრა სოლომონმა: „დიდად სწყალობდი შენს მსახურს, მამაჩემს დავითს, რადგან ჭეშმარიტებით, სიმართლითა და შენდამი წრფელი გულით დადიოდა იგი შენს წინაშე. და შეუნარჩუნე კიდეც ეს დიდი წყალობა და მიეცი ვაჟი, რომელიც ზის დღეს მის ტახტზე.
7
ახლა, უფალო, ღმერთო ჩემო, შენ გაამეფე მამაჩემის, დავითის ნაცვლად შენი მსახური, თუმცა უასაკო ყმაწვილი ვარ და არ ვიცი გამოსვლა და შესვლა.
8
შენს რჩეულ ხალხს შორის არის შენი მსახური, მრავალრიცხოვან ხალხში, რომელიც არ დაითვლება და არც აღირიცხება სიმრავლის გამო.
9
და მიანიჭე შენს მსახურს გონიერი გული, რათა განაგოს შენი ერი და გაარჩიოს სიკეთე ბოროტებისგან. რადგან ვის შეუძლია განაგოს შენი ერი, ესოდენ მრავალრიცხოვანი?“
10
და ძლიერ მოეწონა უფალს სოლომონის სათხოვარი.
11
და უთხრა მას ღმერთმა: „იმის გამო, რომ მთხოვე ეს და არ მოითხოვე დღეგრძელი სიცოცხლე, არ მოითხოვე სიმდიდრე, არ მოითხოვე შენი მტრების სული, არამედ გონიერება მთხოვე სამართლის გასაკითხად,
12
აჰა, გავაკეთებ შენი სიტყვისამებრ: მომინიჭებია შენთვის ბრძენი და გონიერი გული, ისე რომ, შენი მსგავსი არც შენამდე ყოფილიყოს, და არც შენს შემდეგ გამოჩნდება ვინმე.
13
და რაც არ გითხოვია, იმასაც მოგცემ: სიმდიდრესა და დიდებას; ისე რომ, შენს სიცოცხლეში არავინ იქნება მეფეთა შორის შენი მსგავსი.
14
და თუ ივლი ჩემი გზით და დაიცავ ჩემს წესებსა და ბრძანებებს, როგორც მამაშენი დავითი აკეთებდა, დღეგრძელობასაც მოგცემ.“
15
და გაეღვიძა სოლომონს, და აჰა, ესეც სიზმარი. და მივიდა იერუსალიმში და წარდგა უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე და შესწირა სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლი. მერე ნადიმი გაუმართა თავის მსახურთ.
16
მაშინ მოვიდა მეფესთან ორი მეძავი ქალი და მის წინაშე დადგა.
17
და თქვა ერთმა: „მომისმინე, ბატონო: მე და ეს ქალი ერთ სახლში ვცხოვრობთ; ამ სახლში ვიმშობიარე მის თვალწინ.
18
ჩემი მშობიარობის მესამე დღეს შვა ამ ქალმაც. ერთად ვიყავით, უცხო არავინ ყოფილა იქ. მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით სახლში.
19
და მომკვდარა ღამით ამ ქალის ბავშვი, რადგან ძილში ზედ დასწოლია.
20
ამდგარა შუაღამისას, ჩემი ბავშვი აუცლია გვერდიდან, როცა მე, შენს მხევალს, მეძინა, და თავის უბეში ჩაუწვენია, ხოლო თავისი მკვდარი ბავშვი ჩემს უბეში ჩამოუწვენია.
21
ავდექი ადრიანად, რათა ძუძუ მეწოვებინა ბავშვისთვის, და აჰა, მკვდარი დამხვდა. კარგად დავაკვირდი დილით და მივხვდი, რომ ბავშვი ის არ იყო, რომელიც მე ვშობე.“
22
და თქვა მეორე ქალმა: „არა! ცოცხალია ჩემი შვილი, შენი შვილია მკვდარი!“ ის კი ამბობდა: „არა! შენი შვილია მკვდარი, ჩემი შვილია ცოცხალი!“ ასე დაობდნენ ისინი მეფის თვალწინ.
23
და თქვა მეფემ: „თითოეული თქვენგანი ამტკიცებს, რომ ცოცხალი მისი შვილია, მკვდარი კი მეორისა.“
24
და ბრძანა მეფემ: „მახვილი მომიტანეთ!“ და მიართვეს მახვილი მეფეს.
25
და თქვა მეფემ: „ორად გაჭერით ცოცხალი ბავშვი, ნახევარი ერთ ქალს მიეცით, ნახევარი – მეორეს.“
26
და მიმართა მეფეს იმ ცოცხალი ბავშვის დედამ, რადგან გულ-ღვიძლი დაეწვა თავისი შვილის გამო: „არა, ჩემო ბატონო, ოღონდ ნუ მოკლავთ ბავშვს და დაე, მაგას ჰყავდეს!“ მეორე კი ამბობდა: „რახან ეგრეა, გაჭერით! ნურც მე მერგება და ნურც შენ!“
27
მაშინ თქვა მეფემ პირველ ქალზე: „ამას მიეცით ცოცხალი ბავშვი, ნუ მოკლავთ, ეს არის ცოცხალი ბავშვის დედა!“
28
და გაიგო მთელმა ისრაელმა მეფის მიერ გამოტანილი განაჩენის ამბავი. და ეშინოდათ მეფისა, რადგან დაინახეს, რომ ღვთის სიბრძნე შეეწეოდა მას სამართლის გაჩენაში.
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22