bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Kings 16
1 Kings 16
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 15
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 17 →
1
იყო უფლის სიტყვა ხანანის ძის, იეჰუს მიმართ ბაყაშაზე:
2
„მიწის მტვრიდან აგამაღლე და ჩემი ერის, ისრაელის წინამძღოლად დაგადგინე, მაგრამ რაკი იერობოყამის გზას მიჰყვები, აცდუნებ ჩემს ერს, ისრაელს, და მაბოროტებ მათი ცოდვებით,
3
აჰა, მოვსპობ ბაყაშას და მის სახლს, და იმავეს დავმართებ შენს სახლს, რაც იერობოყამ ნებატის ძის სახლს დავმართე.
4
ვინც ქალაქში მოუკვდება ბაყაშას, ძაღლები შეჭამენ მას; ვინც ველად მოუკვდება – ცის ფრინველები დაჯიჯგნიან.“
5
ბაყაშას დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, და გმირობანი ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
6
განისვენა ბაყაშამ თავის მამებთან, და დაიმარხა თირცაში; და მისი ძე, ელა გამეფდა მის ნაცვლად.
7
წინასწარმეტყველ იეჰუს, ხანანის ძის პირით გამოცხადდა უფლის სიტყვა ბაყაშასა და მისი სახლის გამო, და ყოველი ბოროტების გამო, რასაც უფლის თვალში აკეთებდა იგი, რომ აბოროტებდა თავისი ხელის ნამოქმედარით უფალს, რომ ბაძავდა იერობოყამის სახლს, რის გამოც მოისპო იგი.
8
იუდას მეფე ასას მეფობის ოცდამეექვსე წელს გამეფდა ელა, ბაყაშას ძე, ისრაელზე თირცაში, და ორ წელს იმეფა.
9
და აუჯანყდა მისი მსახური ზიმრი, ეტლიონის ერთი ნახევრის მეთაური. ღვინით იყო მთვრალი ელა თირცას სასახლის მოურავის, არცას სახლში,
10
და როცა შემოვიდა ზიმრი, ჩასცა მახვილი და მოკლა იგი იუდას მეფე ასას ოცდამეშვიდე წელს და მის ნაცვლად გამეფდა.
11
როგორც კი გამეფდა და დაჯდა მის ტახტზე, მუსრი გაავლო ბაყაშას მთელ სახლს, ერთი კაციც არ დაუტოვა ცოცხალი, არც მისი ნათესავი და არც მისი მეგობარი.
12
და მოსპო ზიმრიმ ბაყაშას მთელი სახლი, უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნათქვამი ჰქონდა ბაყაშაზე იეჰუ წინასწარმეტყველის პირით,
13
ყველა იმ ცოდვის გამო, რაც ბაყაშამ და ელამ ჩაიდინეს, და იმის გამოც, რომ აცდუნებდნენ ისრაელს და თავიანთი კერპებით აბოროტებდნენ უფალს, ისრაელის ღმერთს.
14
ელას დანარჩენი საქმენი და ყველაფერი, რაც მან გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
15
იუდას მეფის, ასას ოცდამეშვიდე წელს გამეფდა ზიმრი და იმეფა შვიდ დღეს თირცაში. ამ დროს იყო, რომ შემოადგა ხალხი ფილისტიმის გიბეთონს.
16
როცა შეიტყო მოალყე ხალხმა, რომ ზიმრი აჯანყდა და მეფე მოკლაო, ბანაკად მყოფმა ისრაელიანებმა იმავე დღეს ისრაელზე მხედართმთავარი ყომრი გაამეფეს.
17
და დაიძრა ყომრი და მთელი ისრაელი მასთან ერთად გიბეთონიდან და ალყა შემოარტყეს თირცას.
18
როცა დაინახა ზიმრიმ, რომ აღებულია ქალაქი, შევიდა სამეფო სახლის პალატში და თავზე გადაიწვა სამეფო სახლი, და ასე მოკვდა იგი,
19
იმ ცოდვების გამო, რასაც სჩადიოდა, ბოროტს რომ აკეთებდა უფლის თვალში, რომ მიჰყვებოდა იერობოყამის გზას და მის ცოდვებს, რომელთაც იერობოყამი აკეთებდა ისრაელის საცდუნებლად.
20
ზიმრის დანარჩენი საქმენი და შეთქმულება, რომელიც მან მოაწყო, ჩაწერილია ისრაელის მეფეთა მატიანეში.
21
მაშინ გაიყო ისრაელის ერი ორ ნაწილად: ხალხის ერთი ნაწილი თიბნის, გინათის ძის მხარეზე იყო, რათა გაემეფებინათ იგი, მეორე ნაწილი ყომრის უჭერდა მხარს.
22
და სძლია ყომრის მომხრე ხალხმა თიბნი გინათის ძის მომხრე ხალხს. მოკვდა თიბნი და გამეფდა ყომრი.
23
იუდას მეფე ასას ოცდამეთერთმეტე წელს გამეფდა ყომრი ისრაელზე და თორმეტ წელს იმეფა. ექვს წელს თირცაში მეფობდა იგი.
24
და იყიდა ყომრიმ სამარიის მთა შემერისგან ორ ტალანტ ვერცხლად და გააშენა ეს მთა, და მთის პატრონის, შემერის სახელზე, თავის გაშენებულ ქალაქს სამარია უწოდა.
25
ბოროტებას სჩადიოდა ყომრი უფლის თვალში და გადაამეტა ბოროტებაში ყველას, ვინც მის წინ იყო.
26
და მიჰყვებოდა იერობოყამ ნებატის ძის გზას და მის ცოდვებს, რომლითაც აცდუნა იერობოყამმა ისრაელი და თავისი კერპებით გააბოროტა უფალი, ისრაელის ღმერთი.
27
ყომრის დანარჩენი საქმენი, რაც გააკეთა, და გმირობანი, რაც ჩაიდინა, ჩაწერილია ისრაელის მეფეთა მატიანეში.
28
და განისვენა ყომრიმ თავის მამებთან. და დაიმარხა სამარიაში. მის ნაცვლად მისი ძე ახაბი გამეფდა.
29
და გამეფდა ისრაელზე ახაბი, ყომრის ძე, იუდას მეფის, ასას ოცდამეთვრამეტე წელს. იმეფა ახაბ ყომრის ძემ ისრაელზე სამარიაში 22 წელი.
30
ბოროტებას სჩადიოდა ახაბ ყომრის ძე უფლის თვალში, ყველაზე უარესად, ვინც მის წინ იყო.
31
და არ იკმარა იერობოყამ ნებატის ძის ცოდვილ გზაზე სიარული და მოიყვანა ცოლად იეზებელი, ციდონელთა მეფის – ეთბაყალის ასული, და დაუწყო ბაყალს მსახურება და თაყვანისცემა.
32
და აღუმართა სამსხვერპლო ბაყალს ბაყალის ბომონში, რომელიც სამარიაში ააშენა.
33
და მოაწყო ახაბმა აშერა, და თავის წინამორბედ ისრაელის მეფეებზე უფრო მეტად აბოროტებდა ახაბი უფალს, ისრაელის ღმერთს.
34
მის დროს ააშენა ხიელ ბეთელელმა იერიხო. თავის პირმშოზე, აბირამზე დაუდო საფუძველი და სეგუბზე, უმცროს ვაჟზე, დაადგინა მისი კარიბჭე, უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მას იესო ნავეს ძის პირით.
← Chapter 15
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 17 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22