bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Kings 8
1 Kings 8
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 9 →
1
მაშინ შეყარა სოლომონმა ისრაელის უხუცესობა და შტოთა ყველა თავკაცი, ისრაელიანთა მამისსახლების უფროსები თავისთან იერუსალიმში, რათა გადმოესვენებინათ უფლის აღთქმის კიდობანი დავითის ქალაქიდან, ანუ სიონიდან.
2
და შეიყარა მეფე სოლომონთან მთელი ისრაელი ეთანიმის, ანუ მეშვიდე თვეში, დღესასწაულის დროს.
3
და მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა; და ასწიეს მღვდლებმა კიდობანი,
4
და წაასვენეს უფლის კიდობანი და საკრებულო კარავი და საწმიდრის მთელი ჭურჭელი, რაც კარავში იყო; წაასვენეს ეს მღვდლებმა და ლევიანებმა.
5
მეფე სოლომონი და მასთან შეკრებილი ისრაელის მთელი საზოგადოება კიდობნის წინ მიდიოდნენ და მსხვერპლად სწირავდნენ ცხვარსა და ძროხას, რომლის დათვლა და აღრიცხვა შეუძლებელი იყო სიმრავლის გამო.
6
და დაასვენეს მღვდლებმა უფლის აღთქმის კიდობანი თავის განკუთვნილ ადგილას, ტაძრის დაბირში, წმიდათა წმიდაში, ქერუბიმთა ფრთებქვეშ,
7
რადგან ფრთები ჰქონდათ გაშლილი ქერუბიმებს კიდობნის ადგილას, და ზემოდან ფარავდნენ კიდობანსა და მის ხარიხებს.
8
კეტები იმ სიგრძისა იყო, რომ მათი თავები ჩანდა წმიდათა წმიდიდან, დაბირის წინ, და არ ჩანდა გარედან. ისინი დღემდე იქ არის.
9
სხვა არაფერი იყო კიდობანში, გარდა ქვის ორი დაფისა, მოსემ რომ შიგ ჩააწყო ხორებზე ყოფნისას, როცა უფალმა აღთქმა დადო ისრაელიანებთან ეგვიპტიდან მათი გამოსვლისას.
10
და როცა გამოვიდნენ მღვდლები საწმიდრიდან, ღრუბელმა აავსო უფლის სახლი.
11
და იქ ვეღარ დადგნენ მღვდლები მსახურებაზე ამ ღრუბლის გამო, რადგან უფლის დიდებამ დაფარა სახლი.
12
მაშინ თქვა სოლომონმა: „ბნელში დავანება ინება უფალმა;
13
მე სახლი აგიშენე სავანედ; ადგილი, სადაც სამარადისოდ დაიმკვიდრებ.“
14
პირი ხალხისკენ იბრუნა მეფემ და აკურთხა ისრაელის მთელი კრებული. ფეხზე იდგა ისრაელის მთელი კრებული.
15
და თქვა სოლომონმა: „კურთხეულია უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელიც თავისი პირით ელაპარაკა დავითს, მამაჩემს, და ახლა თავისი ხელით შეასრულა, რასაც ის ამბობდა:
16
‘იმ დღიდან, რაც ეგვიპტიდან გამოვიყვანე ჩემი ერი, ისრაელი, მის არც ერთ ტომში არ ამირჩევია ქალაქი სახლის ასაშენებლად, რათა იქ დამკვიდრებულიყო ჩემი სახელი; მე იერუსალიმი ავირჩიე, რათა იქ დამკვიდრებულიყო ჩემი სახელი; და ავირჩიე დავითი, რომ მას ემეფა ჩემს ერზე, ისრაელზე.’
17
გულში ჰქონდა მამაჩემს, დავითს, სახლის აშენება უფლის, ისრაელის ღმერთის სახელზე.
18
და უთხრა უფალმა დავითს, მამაჩემს: ‘შენ გულში გაქვს ჩემს სახელზე სახლის აშენება; კარგია, გულში რომ გაქვს;
19
ოღონდ შენ კი არ ააშენებ სახლს, არამედ შენი შვილი, შენი საზარდულიდან გამოსული, ის ააშენებს სახლს ჩემს სახელზე.’
20
და აღასრულა უფალმა თავისი ნათქვამი სიტყვა. და აჰა, მე დავდექ დავითის, მამაჩემის ადგილზე, ავედი ისრაელის ტახტზე, როგორც ბრძანა უფალმა, და უფლის, ისრაელის ღმერთის სახელზე ავაშენე ტაძარი.
21
და მივუჩინე იქ ადგილი კიდობანს, რომელშიც ინახება უფლის აღთქმა, ჩვენს მამებთან დადებული, როცა ეგვიპტიდან გამოიყვანა ისინი უფალმა.“
22
და დადგა სოლომონი უფლის სამსხვერპლოს წინ, ისრაელის მთელი კრებულის წინაშე, ზეცისკენ აღაპყრო ხელები
23
და თქვა: „უფალო, ღმერთო ისრაელისა! არ არსებობს შენი მსგავსი ღმერთი არც მაღლა ზეცაში და არც დაბლა დედამიწაზე. შენ ინახავ აღთქმას და სიყვარულს შენს მსახურთა მიმართ, რომელნიც მთელი გულით დადიან შენს წინაშე;
24
შენ შეუსრულე სიტყვა შენს მსახურს, მამაჩემ დავითს, და დღეს აღასრულა შენმა ხელმა, რაც შენმა ბაგეებმა ბრძანეს.
25
ახლაც შეუნახე, უფალო, ღმერთო ისრაელისა, შენს მსახურს, მამაჩემ დავითს შენი ნათქვამი სიტყვა, რაც უთხარი: ‘არ დაგელევა მემკვიდრე ჩემს წინაშე, ისრაელის ტახტზე მჯდომი, ოღონდ დაიცვან შენმა შვილებმა წესი და რიგი და იარონ ჩემს წინაშე, როგორც შენ დადიხარ ჩემს წინაშე.’
26
ახლაც მტკიცე იყოს, უფალო, ღმერთო ისრაელისა, შენი სიტყვა, შენს მსახურს, მამაჩემ დავითს რომ უბრძანე.
27
ნუთუ ნამდვილად დაიმკვიდრებს მიწაზე ღმერთი? აჰა, ვერ გიტევენ შენ ცანი და ცანი ცათანი, მაშ როგორღა დაგიტევს ეს ჩემი აშენებული ტაძარი?
28
მოხედე შენი მსახურის ლოცვა-ვედრებას, უფალო, ღმერთო ჩემო, ისმინე ღაღადი და ლოცვა, რომლითაც მოგმართავს დღეს შენი მსახური.
29
თვალი გეჭიროს ამ სახლზე დღისით და ღამით, ამ ადგილზე, რომლის გამოც ნათქვამი გაქვს, აქ იქნებაო ჩემი სახლი; რომ ისმინო ლოცვა, რომელსაც იტყვის ამ ადგილას შენი მსახური.
30
ისმინე შენი მსახურისა და შენი ერის, ისრაელიანთა ვედრება, როცა დადგებიან ლოცვად ამ ადგილას. ისმინე შენს სამყოფელ ადგილზე, ცათა შინა, ისმინე და შეგვიწყალე.
31
როცა შესცოდავს ვინმე თავის მოძმეს და ფიცით დააფიცებენ მას, და მივა ეს ფიცი შენს სამსხვერპლოსთან ამ სახლში,
32
მაშინ მოუსმინე ზეციდან და სამართალი გაუჩინე შენს მსახურთ; მტყუანი გაამტყუნე, რომ მის თავზე იყოს მისი საქციელი; და მართალი გაამართლე, რომ მისი სიმართლისამებრ მიეზღოს.
33
როცა დამარცხდება მტერთან შენი ერი, ისრაელი, იმის გამო, რომ შეგცოდეს, და როცა მობრუნდება შენსკენ, ქებას შეასხამს შენს სახელს და დაგიწყებს ლოცვა-ვედრებას ამ სახლში,
34
მაშინ მოუსმინე ზეციდან და მიუტევე შეცოდება შენს ერს, ისრაელს, და დააბრუნე იმ მიწაზე, რომელიც მის მამებს მიეცი.
35
როცა დაიხურება ცა და აღარ იწვიმებს მათი შეცოდების გამო შენს წინაშე, და დაიწყებენ ლოცვას ამ ადგილას, განადიდებენ შენს სახელს და განერიდებიან ცოდვებს, რადგან უკვე დასჯილი გეყოლება ისინი,
36
მაშინ მოუსმინე ზეციდან და მიუტევე შეცოდებები შენს მსახურთ და შენს ერს, ისრაელს, დააყენე ის სასიკეთო გზაზე, რომელზედაც მართებთ სიარული, აწვიმე წვიმა შენს მიწაზე, რომელიც სამკვიდრებლად მიეცი შენს ერს.
37
შიმშილობა იქნება ქვეყანაზე, შავი ჭირი, მწველი ხორშაკი, სიყვითლე, კალია თუ მატლი, ან თუ მტერი შემოადგება ქვეყნის კარიბჭეებს, უბედურება მოხდება რამე თუ სნეულება,
38
ყოველ ლოცვას, ყოველ ვედრებას თითოეული ადამიანისა, მთელი შენი ერის, ისრაელისა, როცა იგრძნობს გასაჭირს თითოეული თავის გულში და ხელს გაიშვერს ამ სახლისკენ,
39
შენ მოუსმინე ზეციდან, შენი სამყოფლიდან, და მიუტევე და მიაგე თითოეულს თავისი საქციელისამებრ, რომელმაც უწყი მათი გულები, რადგან შენ ერთმა უწყი მთელი ადამის მოდგმის გული,
40
რათა მუდამ ეშინოდეთ შენი, ვიდრე ცხოვრობენ ამ მიწაზე, რომელიც ჩვენი მამებისთვის მიგიცია.
41
უცხოელსაც, რომელიც არ არის შენი ერისაგანი, ისრაელიანთაგანი, მაგრამ შორი ქვეყნიდან მოვა შენი სახელის გამო,
42
რადგან გაგებული ექნება შენი დიდი სახელის, მაგარი ხელისა და მოღერებული მკლავის ამბავი, მოვა და ილოცებს ამ სახლში,
43
მოუსმინე ზეციდან, შენი სამყოფლიდან, და აუსრულე ყველაფერი, რასაც შემოგღაღადებს უცხოელი, რათა იცოდეს ქვეყნიერების ყველა ხალხმა შენი სახელი და ეშინოდეს შენი, როგორც შენს ერს, ისრაელს; იცოდეს ყველამ, რომ შენი სახელით იწოდება ეს სახლი, მე რომ ავაშენე.
44
როცა გავა მტერთან საომრად შენი ერი, იმ გზით, რომელზედაც შენ დააყენებ, და დაიწყებს ლოცვას უფლისადმი იმ ქალაქისკენ პირშექცეული, შენ რომ აირჩიე, და იმ სახლისაკენ, შენს სახელზე რომ ავაშენე,
45
მაშინ მოუსმინე ზეციდან მათ ლოცვასა და ღაღადისს და სამართალი გაუჩინე.
46
როცა შეგცოდავენ, რადგან არ არსებობს უცოდველი კაცი, და განურისხდები, მტრების ხელში ჩააგდებ და ტყვედ წაასხამენ მტრის ქვეყანაში, შორს იქნება თუ ახლოს,
47
და გონს მოვლენ იმ ქვეყანაში, სადაც იქნებიან ტყვედ, მოიქცევიან და შემოგღაღადებენ მათი ტყვეობის ქვეყანაში და იტყვიან: შევცოდეთ, დავაშავეთ, ბოროტება ჩავიდინეთო,
48
როცა მთელი სულითა და გულით მოიქცევიან შენსკენ მათი მტრების ქვეყანაში, რომელთაც ტყვედ წაასხეს, და დაიწყებენ ლოცვას შენდამი იმ ქვეყნისაკენ პირშექცეულნი, მათ მამებს რომ მიეცი, იმ ქალაქისკენ, შენ რომ აირჩიე, იმ სახლისკენ, მე რომ ავაშენე შენს სახელზე,
49
მაშინ მოუსმინე ზეციდან, შენი სამყოფლიდან, მათ ლოცვა-ვედრებას და სამართალი გაუჩინე.
50
და მიუტევე შენს ერს შეცოდება და დანაშაული, რაც კი შეუცოდავს შენთვის, და სიბრალული აღუძარ მათ დამატყვევებლებს, რომ შეიბრალონ ისინი,
51
რადგან შენი ერია ის და შენი სამკვიდრო, რომელიც ეგვიპტიდან, რკინის ღუმლიდან გამოიყვანე.
52
თვალღია იყავ შენი მსახურის ვედრების მიმართ და შენი ერის, ისრაელის ვედრების მიმართ, რომ გესმოდეს მათი, როცა კი შემოგღაღადებენ.
53
რადგან შენ განიკუთვნე ისინი შენს სამკვიდროდ დედამიწის ყველა ერისგან, როგორც უბრძანე შენი მსახურის, მოსეს პირით, როცა ეგვიპტიდან გამოგყავდა ჩვენი მამები, უფალო ღმერთო!“
54
როცა დაასრულა სოლომონმა უფლისადმი ეს ლოცვა-ვედრება, წამოდგა სამსხვერპლოდან, რომლის წინაც დაჩოქილი იყო ზეცისკენ ხელაპყრობილი.
55
იდგა და აკურთხებდა ისრაელიანთა მთელ კრებულს და ხმამაღლა ამბობდა:
56
„კურთხეულია უფალი, რომელმაც სიმშვიდე მიანიჭა თავის ერს, ისრაელს, როგორც დაპირებული იყო; ერთი სიტყვაც არ დარჩენილა აღუსრულებელი იმ სასიკეთო სიტყვებიდან, თავისი მსახურის, მოსეს პირით რომ ბრძანა.
57
ჩვენთან იყოს უფალი, ჩვენი ღმერთი, როგორც ჩვენს მამებთან იყო, ნუ მიგვატოვებს და ნუ გაგვწირავს;
58
და მიიზიდოს თავისკენ ჩვენი გულები, რათა ვიაროთ მის ყოველ გზაზე და დავიცვათ მისი შეგონებები, წესები და კანონები, რომელნიც ჩვენი მამებისთვის დაუდგენია.
59
ახლოს იყოს ეს ჩემი სიტყვები, რომლითაც უფალს ვევედრები, უფალთან, ჩვენს ღმერთთან, დღითა და ღამით, რომ მარადღე აჩენდეს სამართალს მისი მსახურისთვის და მისი ერისთვის, ისრაელისთვის,
60
რათა გაიგოს დედამიწის ყოველმა ხალხმა, რომ ღმერთია უფალი და სხვა არვინაა მის მეტი.
61
იყავით გულწრფელნი უფლისადმი, ჩვენი ღმერთისადმი, როგორც დღესა ხართ, რომ იაროთ მის წესებზე და დაიცვათ მისი შეგონებები.“
62
და შესწირა მსხვერპლი უფალს მეფემ და მასთან ერთად მთელმა ისრაელმა.
63
და სამშვიდობო მსხვერპლად შესწირა უფალს სოლომონმა 22 ათასი ხარი და 120 ათასი ცხვარი. აკურთხა უფლის სახლი მეფემ და მთელმა ისრაელმა.
64
ამავე დღეს აკურთხა მეფემ შუა ეზო უფლის ტაძრის წინ. რადგან აღავლინა სრულადდასაწველი, შესწირა პურეულის ძღვენი და სამშვიდობო მსხვერპლის ქონები, რადგან უფლის წინ მდგარი ბრინჯაოს სამსხვერპლო სიმცირის გამო ვერ დაიტევდა აღსავლენს, პურეულის ძღვენსა და სამშვიდობო მსხვერპლის ქონებს.
65
და დღესასწაულობდა იმჟამად უფლის, ჩვენი ღმერთის წინაშე სოლომონი და მასთან ერთად მთელი ისრაელი – დიდი კრებული ხამათიდან ვიდრე ეგვიპტის ხევამდე – შვიდ დღესა და კიდევ შვიდ დღეს, სულ 14 დღე.
66
და მერვე დღეს გაისტუმრა ხალხი, და დალოცეს მეფე და წავიდ-წამოვიდნენ თავ-თავიანთ კარვებში მხიარულნი და გულსავსენი იმ სიკეთის გამო, რაც გაუკეთა უფალმა დავითს, თავის მსახურს, და ისრაელს, თავის ერს.
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 9 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22