bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Kings 7
1 Kings 7
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 8 →
1
ხოლო თავის სახლს ცამეტ წელიწადს აშენებდა სოლომონი და დაასრულა თავისი სახლი.
2
და ააშენა სახლი ლიბანის ხე-ტყით: სიგრძით – 100 წყრთა, სიგანით – 50 წყრთა, სიმაღლით – 30 წყრთა. ოთხ რიგ კედარის სვეტებზე იყო დადგმული, კედარისავე კოჭები იყო სვეტებზე გადებული.
3
კედარისა იყო ჭერი, 45 სვეტზე ეწყო კოჭები, 15 სვეტი იყო თითო რიგში.
4
სარკმლის წირთხლები სამ რიგად იყო; და სარკმლებიც სამ რიგად ისხდა, სარკმელი სარკმლის პირდაპირ.
5
ყველა კარი და მისი წირთხლი ოთხკუთხა ძელებით იყო ნაკეთები, ასევე სარკმლებიც, ერთმანეთის პირდაპირ რომ იყო, სამ წყებად.
6
სვეტებიანი კარიბჭე გააკეთა სიგრძით 50 წყრთა და სიგანით – 30, მის წინ სხვა კარიბჭე სვეტებითა და ზღურბლით.
7
ააგო სატახტო კარიბჭე, სადაც მსჯავრი გამოჰქონდა; სამსჯავრო კარიბჭე გააკეთა და კედრით მოაპირკეთა იატაკიან-ჭერიანად.
8
ასევე იყო აგებული მისი საცხოვრებელი სახლი მეორე ეზოში, კარიბჭის უკან. ფარაონის ასული რომ ჰყავდა ცოლად მოყვანილი სოლომონს, მის სახლსაც ასეთი კარიბჭე გაუკეთა.
9
ეს ყველაფერი ზომაზე გათლილი, ხერხით დახერხილი ძვირფასი ქვით იყო აგებული, როგორც შიგნით, ისე გარეთ – საძირკვლიდან თავხემდე, და გარეთ დიდ ეზომდე.
10
საძირკველში ეწყო ძვირფასი დიდი ქვები, ათწყრთიანი და რვაწყრთიანი.
11
ხოლო ზემოთ კედელი ზომაზე გათლილი ძვირფასი ქვებისა და კედარისა იყო.
12
დიდი ეზო შემოზღუდული იყო ირგვლივ სამი წყება თლილი ქვითა და ერთი წყება კედარის მორებით. ასევე უფლის ტაძრის შიდა ეზო და სახლის კარიბჭე.
13
და გაგზავნა კაცი მეფე სოლომონმა და მოაყვანინა ცორიდან ხირამი,
14
რომლის დედა ერთი ქვრივი ქალი იყო ნაფთალის შტოდან, ხოლო მამა – ცორელი ბრინჯაოს ოსტატი. მომადლებული ჰქონდა ხირამს სიბრძნე, გამჭრიახობა და ცოდნა ბრინჯაოს ნახელავის გასაკეთებლად. მივიდა სოლომონ მეფესთან და ყველა სამუშაო შეუსრულა.
15
და გააკეთა ბრინჯაოს ორი სვეტი – ერთის სიმაღლე 18 წყრთა იყო, 12 წყრთა ლარი სწვდებოდა გარშემო თვითეულ სვეტს.
16
ორი ბუღაური ჩამოასხა ბრინჯაოსგან სვეტების თავზე დასადგმელად, ერთი ბუღაურის სიმაღლე ხუთი წყრთა იყო, მეორე ბუღაურის სიმაღლეც ხუთი წყრთა იყო.
17
და გაუკეთა სვეტის თავზე დასადგმელ ბუღაურებს დაწნული ცხაურები და ჯაჭვისებური ჯინჯილები: შვიდი – ერთ ბუღაურს, შვიდი – მეორეს.
18
და გააკეთა სვეტები და შემოავლო ირგვლივ თითო ცხაურს ორ წყებად ბროწეულები სვეტების თავზე დადგმული ბუღაურების მოსართავად.
19
კარიბჭის სვეტების ბუღაურები შროშანის სახის იყო, ზომით ოთხ-ოთხი წყრთა.
20
ორ სვეტზე შედგმულ ბუღაურებს შემოვლებული ჰქონდა 200 ბროწეული, ზემოთკენ, მუცლის პირდაპირ, რომელიც ცხაურის მხარეს იყო.
21
და აღმართა სვეტები ტაძრის კარიბჭეში. აღმართა მარჯვენა სვეტი და უწოდა სახელად იაქინი; აღმართა მარცხენა სვეტი და უწოდა სახელად ბოყაზი.
22
სვეტის თავებზე შროშნები იყო გამოსახული. და დასრულდა სვეტების სამუშაო.
23
და ჩამოასხა ბრინჯაოს ზღვა, მთლიანად მრგვალი, გარედან გარე ათი წყრთა იყო, სიმაღლე ხუთი წყრთა ჰქონდა, 30 წყრთის სიგრძის ლარი სწვდებოდა ირგვლივ.
24
ირგვლივ კიდეზე, ქვემოდან, კიტრის ჩუქურთმები ჰქონდა გარშემო შემოვლებული ათ-ათი თითო წყრთაზე, და ორ წყებად გარს ერტყა. კიტრები ერთად იყო ჩამოსხმული.
25
თორმეტ ხარზე იყო შედგმული. სამი ჩრდილოეთით იყურებოდა, სამი – დასავლეთით, სამი – სამხრეთით და სამი – აღმოსავლეთით. ზღვა ზედ ედგათ და ზურგები შიგნით ჰქონდათ მიქცეული.
26
კედლის სისქე მტკაველი ჰქონდა, მისი კიდეები თასის კიდესავით იყო გაკეთებული და გაშლილ შროშანს ჰგავდა. 2 ათას ბათს იტევდა.
27
და გააკეთა მან ბრინჯაოს ათი კვარცხლბეკი, თითოეული კვარცხლბეკის სიგრძე ოთხი წყრთა იყო, სიგანე – ოთხი წყრთა, სიმაღლე – სამი წყრთა.
28
კვარცხლბეკი ამგვარად იყო გაკეთებული: დაფები ჰქონდა მათ, ჩარჩოში ჩატანებული.
29
ჩარჩოებში ჩასმულ დაფებზე ლომები, ხარები და ქერუბიმები იყო გამოსახული, ასევე ჩარჩოებზე – ლომებსა და ხარებს ქვემოთ და ზემოთ – ყვავილების ასხმული კონები.
30
ბრინჯაოს ოთხ-ოთხი ბორბალი და ბრინჯაოს ღერძები ჰქონდა თითო კვარცხლბეკს. მის ოთხსავე კუთხეზე იყო შვერილები. საბანელის ქვეშაც ჩამოსხმული შვერილები იყო, ხოლო ყოველ გვერდზე – ყვავილწნულები.
31
მისი ჭრილი შიდა გვირგვინიდან მაღლითამდე ერთ წყრთას შეადგენდა, ჭრილი მრგვალი იყო, როგორც ამგვარი ნაკეთობა არის ხოლმე – წყრთა-ნახევარი. ჭრილზე ჩუქურთმები იყო. მისი კედლები ოთხკუთხედი იყო, არა მრგვალი.
32
ოთხი ბორბალი ჰქონდა კედლებს ქვემოთ, და ბორბლების ღერძები კვარცხლბეკზე იყო დამაგრებული; თითო ბორბლის სიმაღლე – ერთ-ნახევარი წყრთა იყო.
33
ბორბლები ეტლის ბორბლებივით იყო გაკეთებული, ღერძები, სალტეები, მანები და მორგვები მთლიანად ბრინჯაოთი იყო ჩამოსხმული.
34
ოთხი შვერილი ჰქონდა ყოველი კვარცხლბეკის ოთხსავე კუთხეს, კვარცხლბეკთან ერთად იყო ჩამოსხმული.
35
კვარცხლბეკის თავზე იყო წრე ნახევარი წყრთა სიმაღლისა, კვარცხლბეკის სახელურები და კედლები მისივე მასალისგან იყო.
36
და ამოკვეთა სახელურების ფიცრებსა და მის კედლებზე ქერუბიმები, ლომები და ფინიკის ხეები ერთმანეთის დაშორებით, ირგვლივ – ყვავილწნულები.
37
ასეთი ათი კვარცხლბეკი გააკეთა, ყველა ერთიანად იყო ჩამოსხმული, ერთი ზომა ჰქონდა, ერთი სახე.
38
და გააკეთა ბრინჯაოს ათი საბანელი, თითოეული ორმოც ბათს იტევდა, ოთხი წყრთა იყო თითოეული საბანელი, ყოველი საბანელი კვარცხლბეკზე იდგა.
39
ხუთი კვარცხლბეკი სახლის მარჯვენა ფრთაზე დადგა, ხუთი – სახლის მარცხენა ფრთაზე, ზღვა სამხრეთ-აღმოსავლეთით, სახლის მარჯვენა მხარეს მოათავსა.
40
გააკეთა ხირამმა საბანლები, აქანდაზები და სასხურებლები, და მოათავა ყველა სამუშაო, რასაც უკეთებდა იგი მეფე სოლომონს უფლის სახლში.
41
ორი სვეტი და სვეტების თავზე დასადგმელი ბუღაურები მისი ორი ბალიშითურთ, ორი ცხაური სვეტებზე დასადგმელი ბუღაურების მოსართავად.
42
400 ბროწეული ორი ცხაურისთვის, ბროწეულების ორი რიგი თითოეულ ცხაურს, სვეტებზე დასადგმელი ბუღაურის ბალიშების მოსართავად.
43
ათი კვარცხლბეკი, ათი საბანელი კვარცხლბეკებზე შესადგმელი.
44
ერთი ზღვა და 12 ხარი ზღვის ქვეშ.
45
ქვაბები, აქანდაზები და სასხურებლები – ყველა ეს ჭურჭელი, რომელიც ხირამმა გაუკეთა მეფე სოლომონს უფლის სახლში, გაპრიალებულ ბრინჯაოს წარმოადგენდა.
46
იორდანეს მხარეში ჩამოასხმევინა ისინი მეფემ, აყალო მიწაში, სუქოთსა და ცართანს შორის.
47
და დააწყო სოლომონმა ყველა ეს ჭურჭელი თავ-თავის ადგილას. ვერ გაირკვა ბრინჯაოს წონა მათი სიმრავლის გამო.
48
და გააკეთა სოლომონმა ყოველი ჭურჭელი, რაც უფლის ტაძრისთვის იყო განკუთვნილი: ოქროს სამსხვერპლო და ოქროსავე ტაბლა, რომელზედაც საწინაშეო პურები ეწყო.
49
ბაჯაღლო ოქროს სასანთლეები: ხუთი მარჯვენა მხარეს, ხუთიც მარცხენა მხარეს, დაბირის წინ, ყვავილებით, სანთურებითა და ოქროს მაშებითურთ.
50
ბაჯაღლო ოქროს ტაშტები, დანები, სასხურებლები, საჭდეები, საცეცხლურები; და ოქროსავე ანჯამები შიდა სახლიდან წმიდათა წმიდაში შესასვლელი კარებისთვის, ტაძარში შესასვლელი კარებისთვის.
51
და მოთავდა ყოველი სამუშაო, რაც უფლის სახლში შეასრულა მეფე სოლომონმა; და მოიტანა სოლომონმა მამამისის, დავითის შემოწირულობა: ოქრო-ვერცხლი და ჭურჭელი და დააწყო უფლის ტაძრის საგანძურებში.
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 8 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22