bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Kings 13
1 Kings 13
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 14 →
1
და აჰა, იუდადან ბეთელში მოვიდა ღვთისკაცი უფლის შეგონებით, როცა იერობოყამი სამსხვერპლოსთან იდგა საკმევლის საკმევად.
2
და მიმართა უფლის სიტყვა სამსხვერპლოს და თქვა: „სამსხვერპლო, სამსხვერპლო! ასე ამბობს უფალი: ‘აჰა, დაებადება ძე დავითის სახლს და იოშია იქნება მისი სახელი, და მსხვერპლად შეგწირავს ის გორაკთა მღვდლებს, რომლებიც საკმეველს აკმევენ შენზე, და შენზე დაწვავს ადამიანთა ძვლებს.’“
3
და იმავე დღეს ნიშანიც გაუცხადა და უთხრა: „აი, ნიშანი იმისა, რომ უფლის ნაბრძანებია ეს სიტყვები: ‘აჰა, დაიშლება ეს სამსხვერპლო და გაიფანტება ნაცარი, ზედ რომ ყრია.’“
4
როცა გაიგონა მეფემ ღვთისკაცის სიტყვები, სამსხვერპლოს რომ უთხრა ბეთელში, ხელი გამოიშვირა იერობოყამმა სამსხვერპლოდან და ბრძანა: შეიპყარითო! და უმალ გაუშეშდა გაშვერილი ხელი და ვეღარ შეძლო მოხრა.
5
და დაინგრა სამსხვერპლო და ნაცარიც გაიფანტა იმ ნიშნის თანახმად, ღვთისკაცმა რომ გააცხადა უფლის სიტყვით.
6
და მიუგო მეფემ და უთხრა ღვთისკაცს: „შეევედრე უფალს, შენს ღმერთს, და ილოცე ჩემთვის, რომ ხელის მოხრა შევძლო.“ შეევედრა ღვთისკაცი უფალს და შეძლო მეფემ ხელის მოხრა ძველებურად.
7
და უთხრა მეფემ ღვთისკაცს: „შინ წამომყევი და დანაყრდი; თან საჩუქარიც მინდა მოგცე.“
8
და უთხრა ღვთისკაცმა მეფეს: „ნახევარი სახლიც რომ მომცე, არ წამოგყვები, არც პურს შევჭამ და არც წყალს დავლევ ამ ადგილას,
9
რადგან ასე მაქვს ნაბრძანები უფლის სიტყვით: პურს ნუ შეჭამ იქ და წყალს ნუ დალევ, და ნურც იმ გზით დაბრუნდები, რომლითაც მოხვედიო.“
10
და სხვა გზით დაბრუნდა უკან. იმ გზით არ წასულა, რომლითაც მოვიდა ბეთელში.
11
ერთი მოხუცი წინასწარმეტყველი ცხოვრობდა ბეთელში. მოვიდნენ მისი შვილები და უამბეს ყველაფერი, რაც ღვთისკაცმა გააკეთა იმ დღეს ბეთელში. და მეფესთან მისი ნალაპარაკევიც უამბეს მამას.
12
შეეკითხა მამა: რომელი გზით წავიდაო? და დაანახეს შვილებმა ის გზა, რომლითაც იუდადან მოსული ღვთისკაცი წავიდა.
13
და უთხრა შვილებს: „შემიკაზმეთ სახედარი.“ და შეუკაზმეს სახედარი და ზედ შეჯდა
14
და გაჰყვა ღვთისკაცს. მუხის ქვეშ მჯდომარე იპოვა იგი და უთხრა: „შენა ხარ ის ღვთისკაცი, იუდადან რომ იყო მოსული?“ და მიუგო: „მე ვარ.“
15
და უთხრა: „შინ წამომყევი და ჭამე პური.“
16
და თქვა: „ვერ დავბრუნდები შენთან ერთად და ვერც შენთან მოვალ, ვერც პურს შევჭამ და ვერც წყალს დავლევ ამ ადგილას,
17
რადგან უფლის სიტყვით მაქვს ნაბრძანები: ნურც პურს შეჭამ და ნურც წყალს დალევ იქ, და ნურც იმ გზით გაბრუნდები, რომლითაც მიხვედიო.“
18
და უთხრა: „მეც შენსავით წინასწარმეტყველი ვარ. ანგელოზი მელაპარაკა უფლის ბრძანებით და მითხრა: შენი სახლისკენ გააბრუნე ეს კაცი, პურიც ჭამოს და წყალიც დალიოსო,“ – იცრუა მან.
19
და დაბრუნდა იგი მასთან ერთად, პურიც ჭამა მის სახლში და წყალიც დალია.
20
სუფრას რომ უსხდნენ, უფლის სიტყვა გამოეცხადა წინასწარმეტყველს, რომელმაც გამოაბრუნა იგი,
21
და უთხრა მან იუდადან მოსულ ღვთისკაცს: „ასე ამბობს უფალი: რაკი უფლის სიტყვას გადახვედი და არ შეასრულე მისი ბრძანება, რაც უფალს, შენს ღმერთს, ჰქონდა შენთვის ნაბრძანები,
22
არამედ გაბრუნდი, პური ჭამე და წყალი დალიე იმ ადგილას, რომელზეც გიბრძანა: ნურც პურს შეჭამ და ნურც წყალს დალევო, ამიტომ არ ჩავა შენი გვამი შენი მამების სამარხებში.“
23
შემდეგ კი, როცა პური ჭამა და წყალი დალია მან, სახედარი შეუკაზმა წინასწარმეტყველს, რომელიც წეღან გზიდან გამოაბრუნა.
24
და წავიდა და შემოეყარა გზად ლომი და მოკლა იგი ლომმა. გზაზე ეგდო მისი გვამი და სახედარი ედგა გვერდით, და ლომიც იდგა გვამთან.
25
დაინახა ჩამვლელმა ხალხმა გზაზე დაგდებული გვამი და იქვე მდგომი ლომი, მივიდნენ და მიიტანეს ამბავი ქალაქში, სადაც ის მოხუცი წინასწარმეტყველი ცხოვრობდა.
26
და გაიგო ეს ამბავი წინასწარმეტყველმა, რომელმაც გზიდან გამოაბრუნა ის კაცი და თქვა: „ეს ის ღვთისკაცია, უფლის ბრძანებას რომ გადავიდა; უფალმა მისცა ლომს, რომელსაც დაუტორავს და მოუკლავს, უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნათქვამი ჰქონდა მისთვის.“
27
და თავის შვილებს უთხრა: „შემიკაზმეთ სახედარი.“ და შეუკაზმეს.
28
და წავიდა და იპოვა გზაზე დაგდებული მისი გვამი, სახედარი და ლომი იდგნენ გვამთან. ლომს არც გვამი შეუჭამია და არც სახედარი დაუტორავს.
29
და აიღო წინასწარმეტყველმა ღვთისკაცის გვამი, გადაჰკიდა სახედარს და უკან წამოიღო. და მოვიდა ქალაქში მოხუცი წინასწარმეტყველი, რათა დაეტირა და დაემარხა იგი.
30
და ჩაასვენა გვამი თავის სამარხში და დასტიროდა მას: ვაი, ძმაო ჩემოო!
31
და როცა დამარხა, უთხრა თავის შვილებს: „როცა მოვკვდები, დამმარხეთ სამარხში, სადაც ღვთისკაცი მარხია, მისი ძვლების გვერდით დაასვენეთ ჩემი ძვლები,
32
რადგან ახდება სიტყვა, რაც უფლის ჩაგონებით მიმართა მან ბეთელში მდგარ სამსხვერპლოს და გორაკთა სახლებს, სამარიის ქალაქებში რომ არის აღმართული.“
33
ამ ამბების შემდეგაც არ მიუტოვებია იერობოყამს ბოროტ გზაზე სიარული, და კვლავ განაწესებდა ხალხიდან გორაკთა მღვდლებს; ვინც მოეწონებოდა, იმას აუვსებდა ხელს და ის ხდებოდა გორაკთა ქურუმი.
34
ეს იყო მიზეზი, რომ ცოდვაში ჩავარდა იერობოყამის სახლი, რომ მოისპო და წარიხოცა პირისაგან მიწისა.
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 14 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22