bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Kings 18
1 Kings 18
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 17
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 19 →
1
კარგა ხანმა გაიარა და მესამე წელს იყო უფლის სიტყვა ელიას მიმართ: „წადი, ეჩვენე ახაბს, და მეც ვაწვიმებ დედამიწაზე.“
2
და წავიდა ელია, რომ სჩვენებოდა ახაბს. დიდი შიმშილობა იყო სამარიაში.
3
და დაუძახა ახაბმა ყობადიაჰუს, სასახლის მოურავს – ძალზე ღვთისმოშიში იყო ყობადიაჰუ.
4
როცა იეზებელი უფლის წინასწარმეტყველთ ჟლეტდა, წაიყვანა ყობადიაჰუმ 100 წინასწარმეტყველი და ორმოცდაათ-ორმოცდაათ კაცს მალავდა მღვიმეებში და პურითა და წყლით არჩენდა მათ.
5
და უთხრა ახაბმა ყობადიაჰუს: „წადი და მოიარე ქვეყნის წყაროები და ღელეები; იქნებ აღმოჩნდეს სადმე ბალახი, რომ როგორმე გამოვკვებო ცხენები და ჯორები და არ გაგვიწყდეს პირუტყვი.“
6
და დაინაწილეს ქვეყანა ერთმანეთში, ვინ სად უნდა წასულიყო: ახაბი მარტო წავიდა ერთი გზით, და ყობადიაჰუ მეორე გზით წავიდა მარტო.
7
გზად რომ იყო ყობადიაჰუ, აჰა, ელია შემოეყარა, იცნო და დაეცა მის წინაშე და უთხრა: „ნუთუ შენ ელია ხარ, ჩემო ბატონო?“
8
უთხრა: „მე ვარ. წადი და უთხარი შენს ბატონს: აქ ელია არის-თქო.“
9
და უთხრა ყობადიაჰუმ: „რა დავაშავე, რომ შენი მსახური ახაბის ხელში გინდა ჩააგდო მოსაკლავად?
10
უფალს, შენს ღმერთს გეფიცები, რომ არ დარჩენილა ხალხი ან სამეფო, სადაც შენს მოსაძებნად არ გაეგზავნოს კაცი ჩემს ბატონს. და როცა ეუბნებოდნენ, აქ არ არისო, ის იმ სამეფოსა და ხალხისგან ფიცით მოითხოვდა იმის დადასტურებას, რომ სინამდვილეში ვერ გიპოვეს.
11
ახლა კი მეუბნები, წადი და უთხარი შენს ბატონს, რომ ელია აქ არისო.
12
როცა გაგშორდები, მაშინ გაგიტაცებს უფლის სული, და არ მეცოდინება – საით; და თუ მივალ შესატყობინებლად ახაბთან, და ვერ გიპოვნის, მომკლავს შენს მსახურს; შენი მსახური კი ყმაწვილკაცობიდანვე ღვთის მოშიშია.
13
განა არ მოგითხრეს ჩემს ბატონს, რაც გავაკეთე, როცა იეზებელი უფლის წინასწარმეტყველთ ხოცავდა, როგორ ვმალავდი უფლის ას წინასწარმეტყველს, ორმოცდაათ-ორმოცდაათ კაცს მღვიმეებში და პურითა და წყლით ვარჩენდი?
14
ახლა მეუბნები: წადი და უთხარი შენს ბატონს, რომ ელია აქ არისო. ხომ მომკლავს!“
15
და თქვა ელიამ: „ვფიცავ ცაბაოთ უფალს, რომლის წინაშეც ვდგავარ, რომ დღესვე ვეჩვენები მას.“
16
და წავიდა ყობადიაჰუ ახაბის შესახვედრად და შეატყობინა. და წამოვიდა ახაბი ელიას შესახვედრად.
17
როცა დაინახა ახაბმა ელია, უთხრა: „შენ აქა ხარ, ისრაელის ამრევო?“
18
და თქვა ელიამ: „მე კი არ ვაშფოთებ ისრაელს, არამედ შენ და მამაშენის სახლი, იმით, რომ დაივიწყეთ უფლის მცნებანი და ბაყალებს გაჰყევით.
19
ახლა დაგზავნე ხალხი და შემიკრიბე ქარმელის მთაზე მთელი ისრაელი და ბაყალის წინასწარმეტყველნი – 450 კაცი და აშერას წინასწარმეტყველნი – 400 კაცი, იეზებელის სუფრაზე რომ ჭამენ.“
20
და დაგზავნა ახაბმა ხალხი მთელს ისრაელში და შეკრიბა წინასწარმეტყველნი ქარმელის მთაზე.
21
და მივიდა ხალხთან ელია და უთხრა: „როდემდის უნდა იცვლიდეთ აზრს? თუ უფალი არის ღმერთი, მას გაჰყევით, ხოლო თუ ბაყალია, მას გაჰყევით.“ სიტყვა არ დაუძრავს ხალხს.
22
და უთხრა ელიამ ხალხს: „მე ერთი დავრჩი უფლის წინასწარმეტყველი, ბაყალის წინასწარმეტყველნი კი 450 კაცია.
23
მოგვეცით ორი მოზვერი. ერთი მაგათ ამოირჩიონ; შუა გაკვეთონ და შეშაზე შემოაწყონ, ოღონდ ცეცხლს ნუ შეუნთებენ. მეც გავამზადებ მეორე მოზვერს, შეშაზე შემოვაწყობ და ცეცხლს არ შევუნთებ.
24
მოუხმეთ თქვენი ღმერთის სახელს, და მეც მოვუხმობ უფლის სახელს. და ღმერთი, რომელიც ცეცხლით გაგვცემს პასუხს, ღმერთი ის იქნება.“ და მიუგო მთელმა ხალხმა და თქვა: „კეთილი.“
25
და უთხრა ელიამ ბაყალის წინასწარმეტყველთ: „ამოირჩიეთ რომელიმე მოზვერი, პირველად თქვენ გაამზადეთ, რადგან ბევრნი ხართ. ახსენეთ თქვენი ღმერთის სახელი, ოღონდ ცეცხლი არ შეუნთოთ.“
26
და გამოიყვანეს მათ მოზვერი, რომელიც ერგოთ და გაამზადეს. დილიდან შუადღემდე მოუწოდებდნენ ბაყალის სახელს და ეძახდნენ: „ხმა გაგვეცი, ბაყალ!“ მაგრამ არც ხმა იყო საიდანმე და არც – პასუხი. და ხტოდნენ ისინი სამსხვერპლოს წინ, რომელიც მათ ააგეს.
27
შუადღისას დაცინვა დაუწყო მათ ელიამ: „მაგრად უყვირეთ! რადგან ღმერთია იგი; ალბათ ფიქრებშია ან რაიმე უჭირს, ან გზაშია. იქნებ სძინავს კიდეც და ეგრე გაიღვიძებს!“
28
დიდი ხმით გაჰყვიროდნენ და თავიანთი ჩვეულებისამებრ, ისე ისერავდნენ კანს მახვილებითა და ლახვრებით, რომ სისხლი ჩამოსდიოდათ ტანზე.
29
შუადღე გადავიდა, ისინი კი ისევ ქადაგებდნენ საღამოს მსხვერპლშეწირვამდე; მაგრამ არც ხმა ისმოდა, არც პასუხი, არც ჩქამი.
30
და უთხრა ელიამ მთელ ხალხს: „ახლოს მოდით.“ და მივიდა მასთან მთელი ხალხი. და დაიწყო მან უფლის დანგრეული სამსხვერპლოს აღდგენა.
31
აიღო ელიამ 12 ლოდი, იაკობის ძეთა შტოების რიცხვის მიხედვით, რომლის მიმართაც იყო უფლის სიტყვა: ისრაელი იყოსო სახელი შენი.
32
და ააშენა ლოდებისგან სამსხვერპლო უფლის სახელზე. სამსხვერპლოს გარს შემოავლო ორი საწყაო მარცვლის ტევადობის თხრილი
33
და დააწყო შეშა, შუა გაკვეთა მოზვერი და შეშაზე დააწყო.
34
და თქვა: „აავსეთ წყლით ოთხი ჩაფი და გადაასხით სრულადდასაწველ მსხვერპლსა და შეშას.“ და თქვა: „გაიმეორეთ.“ და გაიმეორეს. და თქვა: „მესამედ გადაასხით.“ მათაც გადაასხეს მესამედ.
35
და ჩამოედინა წყალი ირგვლივ სამსხვერპლოს და წყლით აივსო თხრილი.
36
მსხვერპლშეწირვის დრომ რომ მოაწია, ახლოს მოდგა ელია წინასწარმეტყველი და თქვა: „უფალო, ღმერთო აბრაამისა, ისააკისა და ისრაელისა! გაცხადდეს დღევანდელ დღეს, რომ შენა ხარ ერთი ღმერთი ისრაელში, მე კი შენი მსახური ვარ და შენი სიტყვისამებრ გავაკეთე ეს ყველაფერი.
37
ხმა გამეცი, უფალო, ხმა გამეცი, რათა გაიგოს ამ ხალხმა, რომ შენ ღმერთი ხარ, უფალო, და შეგიძლია უკუმოაქციო მათი გულები.“
38
და გადმოვარდა უფლის ცეცხლი და შთანთქა სრულადდასაწველი მსხვერპლი, შეშა, ქვები და ტალახი, ამოაშრო წყალი, თხრილში რომ იდგა.
39
და როცა ეს დაინახა მთელმა ხალხმა, პირქვე დაემხო და შესძახა: „ჭეშმარიტად ეს არის უფალი ღმერთი!“
40
და უთხრა მათ ელიამ: „შეიპყარით ბაყალის წინასწარეტყველნი! არავინ გაგექცეთ.“ და შეიპყრეს, და ჩაიყვანა ისინი ელიამ კიშონის ხევში და იქ დახოცა.
41
და უთხრა ელიამ ახაბს: „წადი, ჭამე და სვი, რადგან წვიმის ხმაური ისმის უკვე.“
42
და წავიდა ახაბი, რომ ეჭამა და ესვა, ხოლო ელია ქარმელის თავზე ავიდა, მიწაზე დაიხარა და სახე მუხლებში ჩარგო.
43
და უთხრა თავის მსახურს: „წადი, ზღვისკენ გაიხედე.“ წავიდა ის და გაიხედა. და თქვა: „არაფერი ჩანს.“ და უთხრა ელიამ: „შვიდგზის გააკეთე ასე.“
44
მეშვიდე ჯერზე თქვა: „აჰა, მუშტისოდენა პატარა ღრუბელი ამოდის ზღვიდან.“ და თქვა ელიამ: „წადი, უთხარი ახაბს: შეაბი ეტლი და გაბრუნდი, წვიმამ არ მოგისწროს-თქო.“
45
ამასობაში ცა მოიქუფრა ღრუბლისა და ქარისაგან და წამოვიდა ხშირი წვიმა. და ჩაჯდა ეტლში ახაბი და იზრეყელისკენ გაემართა.
46
და იყო ხელი უფლისა ელიასთან. და შეისარტყლა წელი და ახაბის წინ მირბოდა იზრეყელამდე.
← Chapter 17
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 19 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22