bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Kings 5
2 Kings 5
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 6 →
1
ნაყამანი, არამის მეფის მხედართმთავარი, დიდად პატივდებულ კაცად ჰყავდა მიღებული თავის ბატონს, რადგან მისი წყალობით გაამარჯვებინა უფალმა არამელებს. მამაცი კაცი იყო ნაყამანი, მაგრამ კეთროვანი.
2
და როცა სათარეშოდ იყვნენ გასული არამელები, ტყვედ წაიყვანეს ისრაელის ქვეყნიდან პატარა გოგონა, რომელიც ნაყამანის ცოლს ემსახურებოდა.
3
და უთხრა მან თავის ქალბატონს: „ნეტავ მისულიყო ჩემი ბატონი წინასწარმეტყველთან სამარიაში, ის განკურნავდა მას კეთრისაგან.“
4
და მივიდა ნაყამანი და უამბო თავის ბატონს: ასე და ასე ამბობსო ისრაელის ქვეყნიდან ტყვედ წამოყვანილი გოგონა.
5
და უთხრა არამის მეფემ ნაყამანს: „წადი და მე წერილს გაგატან ისრაელის მეფესთან.“ წავიდა და თან წაიღო 10 ტალანტი ვერცხლი, 6 ათასი შეკელი ოქრო და 10 ხელი ტანსაცმელი.
6
და მიართვა ისრაელის მეფეს წერილი, რომელშიც ეწერა: „ამ წერილთან ერთად გიგზავნი ნაყამანს, ჩემს მსახურს, რომ განკურნო იგი კეთრისაგან.“
7
და როცა წაიკითხა ისრაელის მეფემ წერილი, სამოსელი დაიპო და თქვა: „ღმერთი ხომ არა ვარ, რომ ვკლავდე და ვაცოცხლებდე, რომ მითვლის: კეთრისგან განმიკურნეო ეს კაცი. იცოდეთ, საბაბს ეძებს იგი ჩემს წინააღმდეგ.“
8
და როცა გაიგო ელისემ, ღვთისკაცმა, სამოსელი დაიპოო ისრაელის მეფემ, შეუთვალა: „რისთვის დაიპე სამოსელი? მოვიდეს ჩემთან ნაყამანი და დარწმუნდება, რომ არის წინასწარმეტყველი ისრაელში.“
9
და მივიდა ნაყამანი თავისი ცხენებითა და თავისი ეტლით და ელისეს სახლის შესასვლელთან გაჩერდა.
10
გამოუგზავნა ელისემ მსახური და შემოუთვალა: წადი, შვიდგზის იბანე იორდანეში და გაგიახლდება ხორცი, და გაწმედილი იქნებიო.
11
და გაბრაზდა ნაყამანი, წავიდა და თქვა: „აჰა, ვიფიქრე, გარეთ გამოვა, დადგება და უფლის, თავისი ღმერთის, სახელს ახსენებს, ადგილზევე დამადებს ხელს და კეთრისგან განმკურნავს-მეთქი.
12
განა დამასკოს მდინარეები: აბანა და ფარფარი ისრაელის მთელს მდინარეებს არ სჯობია? განა იქ ვერ ვიბანებდი და ვერ გავსუფთავდებოდი?“ და გატრიალდა და წავიდა განრისხებული.
13
და მიეახლნენ მისი მსახურნი, დაელაპარაკნენ და უთხრეს: „ჩვენო მამავ, საძნელო რამე რომ მოეთხოვა შენგან მაგ წინასწარმეტყველს, ხომ შეასრულებდი? მით უფრო, უნდა შეასრულო, როცა გეუბნება: ‘იბანე და განიწმიდებიო.’“
14
და ჩავიდა, და შვიდგზის ჩაყვინთა იორდანეში, როგორც ღვთისკაცმა უთხრა, და ჩვილი ბავშვივით განუახლდა სხეული და განიწმიდა.
15
და დაბრუნდა ღვთისკაცთან ის და მთელი მისი ამალა. და მივიდა და გაჩერდა მის წინ და უთხრა: „აჰა, დავრწმუნდი, რომ მთელს ქვეყანაზე მხოლოდ ისრაელშია ღმერთი. ახლა მიიღე საჩუქარი შენი მსახურისგან.“
16
და თქვა: „ვფიცავ უფალს, რომლის წინაშეც ვდგავარ, რომ არ მივიღებ.“ და აიძულებდა აღებას, მაგრამ ვერ დაიყოლია.
17
და თქვა ნაყამანმა: „თუ ასეა, მომცენ შენს მსახურს იმდენი მიწა, რამდენსაც წყვილი ჯორი წაიღებს, რომ ამიერიდან უფლის გარდა სხვა ღმერთებს არ შესწიროს სრულადდასაწველი შენმა მსახურმა.
18
ეს ერთი რამ მაპატიოს უფალმა შენს მსახურს: როცა მივა ჩემი ბატონი რიმონის სახლში თაყვანის საცემად, დაეყრდნობა ჩემს ხელს და მეც მომიწევს თაყვანისცემა რიმონის სახლში, ჰოდა, რიმონის სახლში თაყვანისცემისას აპატიოს ეს შენს მსახურს.“
19
და უთხრა: „მშვიდობით იარე.“ წავიდა ის და მცირე მანძილზე გასცდა მას.
20
და თქვა გეხაზიმ, ელისეს მსახურმა: „აჰა, არ გამოართვა ჩემმა ბატონმა ნაყამანს, ამ არამელს, მისი მოტანილი ძღვენი. უფლის მადლმა, გავეკიდები და მე გამოვართმევ რამეს.“
21
და დაედევნა გეხაზი ნაყამანს. როცა დაინახა ნაყამანმა, რომ ვიღაც მისდევდა, ეტლიდან გადმოვიდა, შეეგება და ჰკითხა: „ხომ მშვიდობა არის?“
22
და უპასუხა: „მშვიდობა არის! ჩემმა ბატონმა შემოგითვალა: ‘ეფრემის მთიდან მესტუმრა ორი ყმაწვილი წინასწარმეტყველთაგან, იქნებ ერთი ტალანტი ვერცხლი და ორი ხელი ტანსაცმელი გეჩუქებინაო მათთვის.’“
23
და თქვა: ნაყამანმა: „ორი ტალანტი აიღე ბარემ.“ დაიყოლია და შეუხვია ორი ტალანტი ვერცხლი ორ ქისად და ორ ხელ ტანსაცმელთან ერთად მისცა წასაღებად თავის ორ მსახურს.
24
და როცა ის მივიდა ბორცვთან, გამოართვა მათ ეს ყველაფერი და სახლში გადამალა. და უკან გაისტუმრა მსახურები და წავიდნენ ისინიც.
25
ის კი მივიდა და გამოცხადდა ბატონთან. და უთხრა ელისემ: „საიდან მოდიხარ, გეხაზი?“ და თქვა: „არსად არ წასულა შენი მსახური.“
26
და უთხრა: „განა ჩემი გული შენ არ მოგყვებოდა, როცა ეტლიდან ჩამოხდა ის კაცი და შეგეგება? განა იმის დროა, რომ იხვეჭდე ვერცხლს, იხვეჭდე სამოსელს, ზეთისხილის ხეებსა და ვენახებს, ცხვარ-ძროხას, ყმებსა და მხევლებს?
27
დაე, შენ და შენს შთამომავლობას გადაგედოთ ნაყამანის კეთრი საუკუნოდ.“ და გამოვიდა მისგან გეხაზი კეთრით გათეთრებული, როგორც თოვლი.
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 6 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25