bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Samuel 20
1 Samuel 20
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 21 →
1
და გაიქცა დავითი ნაიოთიდან რამას, მივიდა და უთხრა იონათანს: „რა გავაკეთე, რა დავაშავე, რა შევცოდე მამაშენს, მოსაკლავად რომ დამდევს?“
2
და უთხრა მას იონათანმა: „შორს შენგან! შენ არ მოკვდები! ყური მიგდე: დიდი საქმე იქნება თუ მცირე, მამაჩემი ისე არ აკეთებს, მე თუ არ გამიმხილა. რატომ დამიმალავდა მამაჩემი ამას? ეს არ მოხდება.“
3
და კვლავ ფიცულობდა დავითი და ამბობდა: „კარგად იცის მამაშენმა, რომ მადლი ვპოვე შენს თვალში და ამიტომ იფიქრა, ნუ გაიგებს იონათანი, რომ არ შეწუხდესო. ისე დღეგრძელობა უფალს და დღეგრძელობა შენ, რომ ერთი ნაბიჯიღა არ იყოს ჩემსა და სიკვდილს შორის.“
4
და უთხრა იონათანმა დავითს: „რასაც შენი გული იტყვის, იმას გავაკეთებ შენთვის.“
5
და უთხრა დავითმა იონათანს: „აჰა, ხვალ ახალმთვარობაა, მე მევალება პურობაზე მეფესთან ჯდომა. გამიშვი, რომ ველად დავიმალო ზეგ საღამომდე.
6
და თუ მომიკითხა მამაშენმა, უთხარი: დავითმა წასვლა მთხოვა ბეთლემში, თავის ქალაქში, რადგან ყოველწლიური მსხვერპლთშეწირვა აქვს-თქო მის საგვარეულოს.
7
თუ თქვა: კეთილიო, მაშინ მშვიდობით იქნება შენი მსახური, ხოლო თუ განრისხდა, იცოდე, ცუდი საქმე აქვს გადაწყვეტილი.
8
წყალობა უყავ შენს მსახურს, რაკი უფლის აღთქმით მიგიღივარ შენი მორჩილი: თუ დანაშაული ჩამიდენია, ბარემ შენ მომკალ, რისთვის უნდა მიმიყვანო მამაშენთან?“
9
და თქვა იონათანმა: „შორს შენგან! როგორ არ გაგაგებინებ, თუ შევიტყვე, რომ ცუდ საქმეს გიპირებს მამაჩემი?“
10
და უთხრა დავითმა იონათანს: „ვინ მეტყვის, მრისხანე პასუხი თუ გაგცა მამაშენმა?“
11
და უთხრა იონათანმა დავითს: „წამოდი, ველად გავიდეთ.“ და გავიდა ორივე მინდვრად.
12
და უთხრა იონათანმა დავითს: „უფალი, ისრაელის ღმერთი იყოს მოწმე, რომ ხვალ ან ზეგ ამ დროს შევიტყობ მამაჩემისაგან, როგორი თვალით გიყურებს, ხოლო თუ არავინ გამოვგზავნე შენთან და ცხადად არ გაგიმხილე,
13
ასე და ასე უყოს უფალმა იონათანს და უარესიც. თუ ნებავს მამაჩემს ბოროტება შენთვის, გაგიმხელ და გაგიშვებ, რომ მშვიდობით წახვიდე. უფალი იყოს შენთან, როგორც მამაჩემთან იყო.
14
და თუ ცოცხალი ვიქნები, მადლი მიყავი შენც უფლის გულისათვის და თუ მოვკვდი,
15
უკუნისამდე ნუ მოაკლებ შენს წყალობას ჩემს სახლს; ნურც მაშინ, როცა აღგვის უფალი სათითაოდ დავითის მტრებს პირისაგან მიწისა.“
16
და დადო აღთქმა იონათანმა დავითის სახლთან და თქვა: „დავითის მტრებს მოსთხოვოს პასუხი უფალმა!“
17
და კვლავ დაიფიცა იონათანმა თავისი სიყვარული დავითისადმი, რადგან საკუთარი თავივით უყვარდა იგი.
18
და უთხრა იონათანმა: „ხვალ ახალმთვარობაა, მოგისაკლისებენ, რადგან ცარიელი იქნება სუფრასთან შენი ადგილი.
19
ამიტომ ზეგამდე მოიცადე და მერე წადი იქითკენ, სადაც ადრე იმალებოდი, და ეზელის ლოდთან ჩაჯექი.
20
სამ ისარს გამოვტყორცნი იმ მხარეს, ვითომც მიზანში ვისვრი.
21
და ბიჭს გამოვგზავნი და ვეტყვი: წადი, ისრები მოძებნე-მეთქი. თუ გამოვძახებ ბიჭს: აჰა, შენთან ახლოს ყრია ისრები, აიღე და მომიტანე-მეთქი, მშვიდობა ყოფილა შენს თავს, ცუდი არაფერი არ მოხდება, უფალს გეფიცები!
22
და თუ ვეტყვი ბიჭს: აჰა, შენს იქით ყრია-მეთქი ისრები! წადი, რადგან უფალი გიშვებს.
23
იმ საქმეში კი, რაზეც მე და შენ ვილაპარაკეთ, უფალი იყოს ჩვენს შორის უკუნისამდე.“
24
დაიმალა დავითი მინდორში. და დადგა ახალმთვარობა, და დაჯდა პურობად მეფე.
25
და იჯდა მეფე თავის ადგილზე, კედელთან, როგორც ყოველთვის. და ადგა იონათანი და საულის გვერდით აბნერი დაჯდა. დავითის ადგილი კი თავისუფალი იყო.
26
არაფერი უთქვამს მეფეს იმ დღეს, რადგან იფიქრა, შემთხვევა არისო, რომ განუწმედელი იქნებაო დავითი, ალბათ არ განწმედილაო.
27
ახალმთვარობის მეორე დღესაც თავისუფალი იყო დავითის ადგილი. და უთხრა საულმა იონათანს, თავის ძეს: „რატომ არ მოვიდა პურობად იესეს ძე არც გუშინ და არც დღეს?“
28
და მიუგო იონათანმა საულს: „ბეთლემში წასასვლელად დამეთხოვა დავითი.
29
და მითხრა: ‘გამიშვი, რადგან საგვარეულო მსხვერპლშეწირვა გვაქვს ქალაქში. ძმამ მიმიწვია და, თუ მადლი მიპოვია შენს თვალში, წავალ, რომ მოვინახულო ჩემი ძმები.’ და ამიტომ არ მოსულა მეფის პურობაზე.“
30
და განურისხდა საული იონათანს და უთხრა: „უკუღმართო და ურჩო ძეო, განა არ ვიცი, რომ მეგობრად მოჰკიდებიხარ იესეს ძეს შენდა სამარცხვინოდ და დედაშენის შესარცხვენად,
31
რადგან, ვიდრე ცოცხალია იესეს ძე ამქვეყნად, ვერც შენ განმტკიცდები და ვერც შენი მეფობა. ახლა გააგზავნე მასთან და აქ მომიყვანე, რადგან უნდა მოკვდეს!“
32
და მიუგო იონათანმა საულს, თავის მამას, და უთხრა: „რისთვის უნდა მოკვდეს, რა გააკეთა?“
33
და სტყორცნა საულმა მას შუბი მოსაკლავად. და მიხვდა იონათანი, რომ მამამისს მტკიცედა აქვს გადაწყვეტილი დავითის მოკვლა.
34
და ადგა იონათანი სუფრიდან განრისხებული და ლუკმა არ უჭამია ახალმთვარობის მეორე დღეს, რადგან წუხდა დავითზე, ასე რომ შეურაცხყო მამამისმა.
35
დილით, დათქმულ დროს, გავიდა იონათანი მინდორში დავითთან, ყმაწვილი მსახურიც თან იახლა.
36
და უთხრა ყმაწვილს: „გაიქეცი და მომიძებნე ისრები, მე რომ ვისვრი.“ და გაიქცა ბიჭი. და ისროლა იონათანმა ისრები ისე, რომ ყმაწვილს გადააცილა.
37
და მივიდა ყმაწვილი იმ ადგილას, სადამდისაც მიაწვდინა იონათანმა ისრები, და დაუყვირა იონათანმა ბიჭს და უთხრა: „ცხვირწინ გიგდია ისარი, რას უდგეხარ?“
38
და კვლავ დაუძახა იონათანმა ყმაწვილს და უთხრა: „სწრაფად! იჩქარე! რასა დგახარ!“ და აკრიფა ყმაწვილმა იონათანის ისრები და მივიდა თავის ბატონთან.
39
ბიჭი ვერაფერს მიხვდა. მხოლოდ იონათანისა და დავითისთვის იყო მისახვედრი ეს ამბავი.
40
და მისცა იონათანმა ბიჭს თავისი საჭურველი, თან რომ ჰქონდა, და უთხრა: „წადი, ქალაქში წაიღე!“
41
ბიჭი წავიდა, ხოლო დავითი ადგა სამხრეთის მხრიდან, და პირქვე დაეცა და სამგზის თაყვანი სცა. მერე გადაკოცნეს ერთმანეთი და ატირდნენ ერთად. დავითი უფრო მეტად ტიროდა.
42
და უთხრა იონათანმა დავითს: „მშვიდობით იარე! როგორც ჩვენ ორივემ დავიფიცეთ უფლის სახელით: უფალი იყოს ჩვენს შორის, ჩემსა და შენს შთამომავლობას შორის, უკუნისამდე!“ და ადგა და წავიდა, ხოლო იონათანი ქალაქში დაბრუნდა.
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 21 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31