bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Deuteronomy 28
Deuteronomy 28
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 27
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 29 →
1
და თუ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის, ხმას, რათა დაიცვა და შეასრულო ყველა მისი მცნება, რომელსაც მე გიბრძანებ დღეს, დაგაყენებს შენ უფალი, შენი ღმერთი, ქვეყნიერების ყველა ხალხებზე მაღლა.
2
და გადმოვა შენზე ყველა ეს კურთხევა და აღსრულდება, თუ მოუსმენ უფლის, შენი ღმერთის, ხმას.
3
კურთხეულიმც იყავ ქალაქში და კურთხეულიმც იყავ მინდვრად.
4
კურთხეულიმც იყოს ნაყოფი მუცლისა შენისა და ნაყოფი შენი მიწისა, ნამატი შენი ცხვარ-ძროხისა.
5
კურთხეულიმც იყოს შენი ბეღლები და შენი მარნები.
6
კურთხეულიმც იყავ შინ შესული და კურთხეულიმც იყავ გარეთ გამოსული.
7
დასცემს უფალი შენს წინაშე შენს მტრებს, შენს წინააღმდგომთ. ერთი გზით წამოვლენ შენსკენ და შვიდი გზით გაიქცევიან უკან.
8
კურთხევით მოხედავს უფალი შენს ბეღლებსა და ყველა შენს საქმეს; და გაკურთხებს იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.
9
დაგაყენებს შენ უფალი თავის წმიდა ერად, როგორც შემოგფიცა, თუ დაიცავ უფლის, შენი ღმერთის, მცნებებს და ივლი მისი გზებით.
10
და დაინახავენ ქვეყნის ყველა ხალხები, რომ უფლის სახელია შენზე, და შეეშინდებათ შენი.
11
და გაგიმრავლებს უფალი სასიკეთოდ შენი მუცლის ნაყოფს იმ ქვეყანაში, რომლის მოცემაც ფიცით აღუთქვა შენს მამებს.
12
გაგიხსნის უფალი თავის მადლიან საუნჯეს – ზეცას, რათა აწვიმოს შენს მიწაზე თავის დროზე და აკურთხოს შენი ხელის ყოველი საქმე. შენ მრავალ ხალხებს მიასესხებ, შენ კი არ ისესხებ.
13
უფალი გაქცევს თავად, და არა ბოლოდ, და სულ მაღლა იქნები და ძირს არასდროს იქნები – თუ შეისმენ უფლის, შენი ღმერთის, მცნებებს, რომელთაც გიცხადებ დღეს დასაცავად და შესასრულებლად.
14
არ გადაუხვიო არცერთ სიტყვას, რომელთაც გიცხადებ დღეს, არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, არ იარო უცხო ღმერთების კვალზე და არ ემსახურო მათ.
15
თუ არ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის სიტყვას, არ დაიცავ და არ შეასრულებ ყველა მის მცნებას და წესებს, რომელთაც გიცხადებ დღეს, გადმოვა შენზე ყველა ეს წყევლა და გეწევა:
16
წყეულიმც იყავ ქალაქად და წყეულიმც იყავ მინდვრად.
17
წყეულიმც იყოს შენი ბეღლები და შენი მარნები.
18
წყეულიმც იყოს ნაყოფი შენი მუცლისა და ნაყოფი შენი მიწისა, ნამატი შენი ცხვარ-ძროხისა.
19
წყეულიმც იყავ შინ შესული და წყეულიმც იყავ გარეთ გამოსული.
20
მოგივლენს უფალი წყევლას, არეულობას და წარუმატებლობას შენი ხელის ყოველ საქმეში, რასაც კი გააკეთებ, ვიდრე არ მოისპობი და არ დაიღუპები ადრე და მალე შენი ბოროტი საქმეების გამო, რადგან მე მიმატოვე.
21
მოგივლენს უფალი შავ ჭირს, ვიდრე არ ამოიძირკვები იმ მიწიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ.
22
მოგსრავს უფალი ჭლექით და ციებ-ცხელებით, ანთებითა და ხურვებით, გვალვით, ხორშაკითა და სიყვითლით; და ეს უბედურებანი დევნას დაგიწყებენ, ვიდრე არ დაგღუპავენ.
23
ცა თავზე ბრინჯაოდ გექცევა, და მიწა, რომელიც შენს ფერხთ ქვეშაა – რკინად.
24
წვიმის წილ უფალი შენს მიწას მოსცემს ნაცარ-მტვერს ზეციდან და ზედ დაგივა, ვიდრე არ მოისპობი.
25
დაგამხობს უფალი შენი მტრების წინაშე. ერთი გზით გახვალ მათ წინააღმდეგ და შვიდი გზით გამოექცევი მათ; და გაიფანტები ქვეყნის ყველა სამეფოში.
26
და შენი გვამი ცის ფრინველთა და ტყის ნადირთა საჯიჯგნი გახდება, და არავინ გამოჩნდება მათი მომგერიებელი.
27
მოგსრავს უფალი ეგვიპტური წყლულით, ბუგრით, მუნით და ქეცით, რომელთაც ვერ გაექცევი.
28
მოგსრავს უფალი სიგიჟით და სიბრმავით, და შეშლილობით;
29
და ივლი ხელის ცეცებით შუადღის გულზე, როგორც ბრმა დადის წყვდიადში; ხელი მოგეცარება შენს გზებზე და იქნები დათრგუნული და გაძარცვული მთელი შენი დღე და მოსწრება, და არ გეყოლება შემწე;
30
ქალს დანიშნავ და სხვა კაცი დაწვება მასთან; სახლს აიშენებ და შიგ ვერ იცხოვრებ; ვაზს ჩაყრი და არ გეღირსება მისი მოსთვლა;
31
შენს ხარს თვალწინ დაგიკლავენ და შენ ვერ შეჭამ მის ხორცს; სახედარს მოგტაცებენ და აღარ დაგიბრუნებენ; შენს ფარას შენი მტერი გაირეკავს და შემწე არ გეყოლება;
32
შენს ძეთ და შენს ასულთ სხვა ხალხები, დაიმონებენ, თვალები დაგაწყდება დღედაღამ მათ გზაზე ყურებით და მკლავში აღარ გექნება ძალა;
33
შენი მიწის ნაყოფს და მთელ შენს ნაოფლარს სხვა ხალხი შეჭამს, რომელსაც არ იცნობდი. და იქნები დღენიადაგ დათრგუნული და დამსხვრეული;
34
და შეიშლები სანახავით, რასაც იხილავენ შენი თვალები;
35
დაგიწყლულებს უფალი მუხლებსა და წვივებს, რომლისგანაც ვერ განიკურნები; ის წყლულები დაგფარავს თავით ფეხთამდე;
36
და წაგიყვანთ უფალი შენ და შენს მეფეს, რომელსაც დაიდგენ, ხალხთან, რომელსაც არ იცნობდით შენ და შენი მამები, და ემსახურები იქ სხვა ღმერთებს – ქვასა და ხეს;
37
საფრთხობელად, თითით საჩვენებლად და სამასხროდ შეიქნები ყველა ხალხებში, სადაც კი წაგიყვანს უფალი.
38
მრავალ თესლს გაიტან მინდორში და ცოტას მოიმკი, რადგან კალია გადაჭამს მას;
39
ვენახს გააშენებ და დაამუშავებ, მაგრამ ვერ მოისთვლი და ღვინოს ვერ შესვამ, რადგან ყურძენს ჭია შეჭამს;
40
ზეთისხილი გექნება მთელ მიწა-წყალზე და ზეთით ვერ გაიპოხები, რადგან უჟამოდ გასცვივა ნაყოფი;
41
ძეებსა და ასულებს შობ და შენები არ იქნებიან, რადგან ტყვედ გაირეკავენ მათ;
42
ყოველ შენს ხეს და შენი მიწის ნაყოფს კალია გადაჭამს;
43
ხიზანი, რომელიც შენს წიაღშია, ამაღლდება, შენ კი დაბლა დაეშვები;
44
ის გასესხებს, შენ კი ვერ ასესხებ მას; ის თავი იქნება, შენ კი – ბოლო.
45
და მოგეწევა ყოველი ეს წყევლა, და დაგედევნება ვიდრე არ მოისპობი, რადგან არ ისმინე უფლის, შენი ღმერთის, ხმა და არ დაიცავი მისი მცნებები და მისი წესები, რომლებიც მან გამოგიცხადა.
46
ნიშნებად და სასწაულებად იქნება ეს უკუნისამდე შენთვის და შენი თესლისთვის.
47
და რაკი არ ემსახურებოდი უფალს, შენს ღმერთს, სიხარულითა და კეთილი გულით, როცა დოვლათით იყავი ჩაქცეული,
48
შენს მტრებს მოემსახურები, რომელთაც მოგისევს უფალი, შიმშილში, წყურვილში, სიშიშვლე-სიტიტვლესა და ყოველგვარ გასაჭირში მყოფს; და ქედზე დაგადგამს რკინის უღელს, რომ საბოლოოდ გაგანადგუროს.
49
უფალი მოგისევს ხალხს შორი ქვეყნის კიდეებიდან, რომლებიც ორბივით დაგაცხრებიან, და ეს იქნება ხალხი, რომლის ენასაც ვერ გაიგებ,
50
მოძალადე ხალხი იქნება, რომელიც მოხუცს პატივს არ სცემს და ჭაბუკები არ ებრალება.
51
და შეჭამს იგი შენი საქონლის ნამატს და შენი მიწის ნაყოფს, სანამ არ მოისპობი ისე, რომ არ დაგიტოვებს არც პურს, არც ღვინოს, არც ზეთს, არც შენი ნახირისა და ფარების ნამატს, რომ საბოლოოდ გაგანადგუროს.
52
და შეგავიწროვებს ყველა შენს კარიბჭეში, სანამ არ დაამხობს შენს მაღალ და მტკიცე გალავნებს, რომელთა იმედიცა გაქვს. მთელს შენს ქვეყანას მოიქცევს ალყაში და ყველა შენს კარიბჭეს, მთელს შენს ქვეყანაში, რომელიც მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა.
53
და შეჭამ შენი მუცლის ნაყოფს, შენი ვაჟებისა და ასულების ხორცს, რომელიც მოგცა უფალმა, შენმა ღმერთმა, ალყაში და გასაჭირში, რომლითაც შეგავიწროვებს შენი მტერი.
54
თქვენში ნაფოფინები და ნებივრად გაზრდილი კაცი უმოწყალო თვალით დაუწყებს ყურებას თავის ძმას, თავის უბეში მყოფ ცოლს და თავის შვილებს, რომლებიც მას კიდევ შერჩა.
55
არ მისცემს არც ერთ მათგანს თავისი შვილების ხორცს, რომელსაც თავად ჭამს, რადგან არ დარჩება მას არაფერი ალყასა და გასაჭირში, რომლითაც შეგავიწროვებს შენი მტერი ყველა შენს კარიბჭეში.
56
თქვენში ნაზად და ნანებივრები ქალი, რომელსაც ნებივრობისა და სინაზის გამო მიწაზე ფეხი არ დაუკარებია, უწყალო თვალით შეხედავს თავის თანამეცხედრეს, თავის ძეს და თავის ასულს,
57
და თავის მომყოლს, რომელიც გამოდის მისი წიაღიდან, და თავის შვილებს, რომელთაც გააჩენს, რადგან ფარულად შეჭამს ყველაფერს გაჭირვებისას, როცა შეგავიწროვებს მტერი შენს კარიბჭეებში.
58
თუ არ დაიცავ და არ შეასრულებ ამ რჯულის ყოველ სიტყვას, რომელიც ამ წიგნშია ჩაწერილი, რათა გაშინებდეს ეს დიდი და მრისხანე სახელი – უფალი, შენი ღმერთი,
59
უფალი შეგყრით შენ და შენს შთამომავლობას გაუგონარ სატკივრებს, დიდ და უკურნებელ წყლულებს, ბოროტ და უკურნებელ სნეულებებს.
60
და შემოგიქცევს ეგვიპტის ყველა სნეულებას, რომლისაც გეშინოდა, და შეგეყრება.
61
აგრეთვე ყველა სნეულებასა და წყლულს, რომელიც არ სწერია ამ რჯულის წიგნში, მოგივლენს უფალი, სანამ არ მოისპობი.
62
და მცირედნი დარჩებით, ცის ვარსკვლავებივით მრავალრიცხოვანი რომ იყავით, რადგან არ გაიგონე უფლის, შენი ღმერთის, ხმა.
63
და როგორც ხარობდა უფალი თქვენს გამო, როცა სიკეთეს გიკეთებდათ და გამრავლებდათ, ასევე გაიხარებს უფალი, როცა დაგღუპავთ და მოგსრავთ და აღმოიფხვრებით იმ მიწიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ.
64
და გაგფანტავთ უფალი ყველა ხალხებში ქვეყნის კიდიდან ქვეყნის კიდემდე, და დაუწყებთ მსახურებას იქ სხვა ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდით შენ და შენი მამები – ქვასა და ხეს.
65
და იმ ხალხშიც ვერ იგრძნობთ შვებას და ფეხს ვერ დაასვენებთ; და მოგცემს უფალი იქ მწუხარე გულს, თვალთა კლებას და სულის ჭმუნვას.
66
ბეწვზე ეკიდება შენს წინ შენი სიცოცხლე, შიშში იქნები დღისით და ღამით და დაგეკარგება სიცოცხლის სასო.
67
დილით იტყვი: ოჰ, ნეტავ საღამო იყოსო! და საღამოს იტყვი: ოჰ, ნეტავ დილა იყოსო! იმ შიშის გამო, რითაც სავსე გექნება გული და იმ სანახავის გამო, რასაც დაინახავ.
68
და დაგაბრუნებს უფალი ეგვიპტეში გემებით იმ გზაზე, რომელზეც გითხარი: აღარ იხილავ-მეთქი მას! და იქ თავს შეაძლევთ თქვენს მტრებს მსახურებად და მხევლებად, მაგრამ მყიდველი არავინ იქნება.“
← Chapter 27
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 29 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34