bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Deuteronomy 4
Deuteronomy 4
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 5 →
1
და ახლა ისმინე, ისრაელ, წესები და კანონები, რომელთაც მე დღეს გასწავლით თქვენ შესასრულებლად, რათა იცოცხლოთ და მიხვიდეთ და დაიმკვიდროთ ის ქვეყანა, რომელსაც უფალი, თქვენი მამების ღმერთი, გაძლევთ თქვენ.
2
ნურაფერს დაამატებთ იმას, რასაც მე გამცნებთ თქვენ, და ნურც მოაკლებთ, რათა დაიცვათ მცნებანი უფლისა, თქვენი ღმერთისა, რომელთაც მე გაუწყებთ.
3
თქვენმა თვალებმა იხილეს, რაც უყო უფალმა ბაყალ-ფეღორს, რადგან ყოველი კაცი, რომელიც მიჰყვა ბაყალ-ფეღორს, მოსრა უფალმა, შენმა ღმერთმა, თქვენში.
4
ხოლო თქვენ, ვინც მიელტვით უფალს, თქვენს ღმერთს, ყველანი ცოცხლობთ დღემდე.
5
აჰა, მე გასწავლით თქვენ წესებსა და კანონებს, როგორც მიბრძანა უფალმა, ჩემმა ღმერთმა, აღსასრულებლად იმ ქვეყანაში, სადაც თქვენ მიდიხართ, რომ დაიმკვიდროთ;
6
დაიცავით და შეასრულეთ, რადგან ესაა თქვენი სიბრძნე და თქვენი გონიერება იმ ხალხების თვალწინ, რომელნიც მოისმენენ ამ წესებს და იტყვიან: „მხოლოდ ეს ხალხია დიდი, ბრძენი და გონიერი.“
7
რადგან რომელი დიდი ერია, რომელთანაც ისე ახლოს იდგნენ მისი ღმერთები, როგორც ახლოსაა ჩვენთან უფალი, ჩვენი ღმერთი, როცა კი მოვუხმობთ მას?
8
და განა არის სხვა დიდი ერი, რომელსაც ჰქონდეს ისეთი მართალი წესები და კანონები, როგორც მთელი ეს რჯულია, რომელსაც მე გაძლევთ თქვენ დღეს?
9
მხოლოდ გაფრთხილდი და გულისყურით დაიცავი შენი სული, ნუ დაივიწყებ იმ საქმეებს, რაც შენმა თვალებმა იხილეს, და გულიდან ნუ ამოგივარდება შენი სიცოცხლის მანძილზე. და აცოდინე იგი შენს ძეთ და შენს ძეთა ძეთ,
10
ის დღე, როდესაც უფლის, შენი ღმერთის, წინაშე იდექი ხორებთან, და მითხრა მე უფალმა: „შეკრიბე ხალხი ჩემს წინაშე, და გავაგონებ მათ ჩემს სიტყვებს, რათა ისწავლონ ჩემდამი შიში მთელი მათი სიცოცხლის მანძილზე, და ასწავლონ თავიანთ ძეებსაც.“
11
აჰა, თქვენ მიხვედით და დადექით მთის ძირას, მთა კი გიზგიზებდა ცეცხლის ალით, რომელიც ზეცამდე აღწევდა, და იყო წყვდიადი – ღრუბელი და კუნაპატი სიბნელე.
12
და გელაპარაკებოდათ უფალი შუაგული ცეცხლიდან. სიტყვები გესმოდათ, მაგრამ ვერავითარ სახეს ვერ ხედავდით – მხოლოდ ხმა ისმოდა.
13
და გამოგიცხადათ მან თავისი აღთქმა, ათი მცნება, რაც გიბრძანათ შესასრულებლად, და დაწერა ქვის ორ დაფაზე.
14
მე მიბრძანა უფალმა იმ დროს მესწავლებინა თქვენთვის წესები და კანონები, რათა დაიცვათ ისინი იმ ქვეყანაში, რომლის დასაუფლებლადაც მიდიხართ.
15
ფრთხილად იყავით, რაკი არ გინახავთ არავითარი სახე, როცა უფალი გელაპარაკებოდათ ხორებში ცეცხლის შუაგულიდან,
16
რათა არ წახდეთ და არ გაიკეთოთ ქანდაკება, მსგავსება რაიმე კერპისა, კაცს ან ქალს სახით,
17
მსგავსება რაიმე ცხოველისა, რაც მიწაზეა, რაიმე ფრინველის გამოსახულება, რაც ცაში დაფრინავს,
18
მსგავსება მიწაზე მხოხავი ყოველგვარი ქვეწარმავლისა, სახე ყოველგვარი თევზისა, რაც წყალში ცურავს, მიწის სიღრმეში;
19
რათა, როცა თვალს აღაპყრობთ ზეცისკენ და იხილავთ მზეს, მთვარესა და ვარსკვლავებს – მთელ ციურ ლაშქარს – არ შეცდეთ, თაყვანი არ სცეთ და არ ემსახუროთ მათ, რადგან ისინი უფალმა, თქვენმა ღმერთმა, შეუქმნა ყველა ხალხებს მთელს ცისქვეშეთში.
20
ხოლო თქვენ აგიყვანათ უფალმა და გამოგიყვანათ რკინის ბრძმედიდან – ეგვიპტიდან – რათა ყოფილიყავით მისი წილხვედრი ხალხი, როგორც აღსრულდა კიდეც.
21
და უფალი მე გამირისხდა თქვენს გამო, და დაიფიცა, რომ მე ვერ გადავლახავ იორდანეს და ვერ შევალ იმ მშვენიერ ქვეყანაში, რომელსაც თქვენი ღმერთი გაძლევთ სამკვიდროდ.
22
მე მოვკვდები ამ ქვეყანაში. მე ვერ გადავალ მდინარე იორდანეს გაღმა. ხოლო თქვენ გადახვალთ და დაიმკვიდრებთ იმ მშვენიერ ქვეყანას.
23
გაფრთხილდით, რომ არ დაივიწყოთ უფლის, თქვენი ღმერთის, აღთქმა, რომელიც დაგიდოთ თქვენ, და არ გაიკეთოთ კერპები, რაიმე გამოსახულებანი, როგორც გიბრძანათ თქვენ უფალმა, თქვენმა ღმერთმა.
24
რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, მშთანთქმელი ცეცხლია, შურისმგებელი ღმერთია იგი.
25
თუ გეყოლებათ შვილები და შვილიშვილები, და დაბერდებით ქვეყანაზე, და გაირყვნებით და გაიკეთებთ კერპს, რომელიც რაიმეს მიმსგავსება იქნება, და ჩაიდენთ ბოროტებას უფლის, თქვენი ღმერთის, თვალწინ მის გასარისხებლად,
26
თქვენს წინაშე ვიმოწმებ ცასა და მიწას, რომ ამის გამო მალე გადაშენდებით, იმ ქვეყნიდან, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეზე; ვერ გაიხანგრძლივებთ დღეებს იმ მიწაზე, არამედ გადაშენდებით.
27
და გაგფანტავთ უფალი ხალხებში, და დარჩებით მცირერიცხოვან ხალხად იმ ხალხებში, ვისთანაც მიგიყვანთ უფალი.
28
და მოემსახურებით იქ კაცის ხელით ხისგან და ქვისგან გაკეთებულ ღმერთებს, რომლებიც ვერც ხედავენ, ვერც ესმით, ვერც ჭამენ და ვრც იყნოსენ.
29
და როცა იქ დაუწყებ ძებნას უფალს, შენს ღმერთს, იპოვი მას, თუ მოძებნი მას მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით.
30
როცა გაგიჭირდება, როცა შორეულ მომავალ დღეებში, ყოველივე ეს გეწევა – მაშინ დაბრუნდები უფალთან, შენს ღმერთთან, და გაიგონებ მის ხმას.
31
რადგან მოწყალეა უფალი, შენი ღმერთი; არ მიგატოვებს და არ დაგღუპავს, და არ დაივიწყებს შენს მამებთან დადებულ აღთქმას, რომელიც ფიცით აღუთქვა მათ.
32
აბა ჰკითხე გარდასულ დღეებს, შენამდე რომ იყო, იმ დღიდან, რაც ღმერთმა შექმნა ადამიანი მიწაზე, თუ მომხდარა ცის კიდით კიდემდე, რაიმე მსგავსი ამ დიდი საქმისა, ან თუ გაგონილა მისი სადარი?
33
თუ სმენია რომელიმე ხალხს ცეცხლის შუაგულიდან მოლაპარაკე ღმერთის ხმა, როგორც შენ გაიგონე, და ცოცხალი გადარჩი?
34
თუ უცდია რომელიმე ღმერთს, მისულიყო და გამოეყვანა თავისთვის ხალხი სხვა ხალხის წიაღიდან განსაცდელებით, ნიშნებითა და სასწაულებით, ბრძოლით, და ძლიერი ხელით, და აღმართული მკლავით, და დიდი საშინელებებით, როგორც მოიმოქმედა ყოველივე თქვენთვის უფალმა, თქვენმა ღმერთმა ეგვიპტეში თქვენს თვალწინ?
35
შენ გახილვინა, რათა გცოდნოდა, რომ მხოლოდ უფალია ღმერთი, და სხვა არავინ არის მის გარდა.
36
ზეციდან მოგასმენინა თავისი ხმა, რათა განესწავლე, და მიწაზე გიჩვენა თავისი დიდი ცეცხლი, და მისი სიტყვები ისმინე ცეცხლის შუაგულიდან;
37
და რაკი შეიყვარა მან შენი მამები და გამოირჩია მათი შთამომავალი მათ შემდეგ, და გამოგიყვანა თავისი დიადი ძალით ეგვიპტიდან,
38
რათა განედევნა შენზე უფრო მრავალრიცხოვანი და ძლიერი ხალხები შენი პირისაგან, რათა მიეყვანე და მოეცა შენთვის მათი ქვეყანა სამკვიდროდ.
39
დღეს შეიცანი და გულში ჩაიბეჭდე, რომ უფალი ღმერთია მაღლა ზეცაში და დაბლა მიწაზე, და სხვა არავინაა მის გარდა.
40
დაიცავი მისი კანონები და მისი მცნებები, რომელთაც მე გიცხადებ დღეს, რათა კარგად იყოთ შენ და შენი ძენი შენს შემდგომ, და რათა გაიხანგრძლივო დღენი იმ მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს სამარადისოდ.
41
მაშინ გამოყო მოსემ სამი ქალაქი იორდანეს გამოღმა, მზის აღმოსავლეთით,
42
რათა იქ გაიქცეს მკვლელი, რომელსაც უნებლიეთ შემოაკვდა თავისი მოყვასი, ვისი სიძულვილიც არ ჰქონია არც გუშინ და არც გუშინწინ; გაიქცეს ერთ-ერთ მათგანში იმ ქალაქთაგან, და იქ გადარჩეს:
43
ბეცერი უდაბნოში, ვაკეზე – რეუბენისა იყო, რამოთი გალაადში – გადისა, ხოლო გოლანი ბაშანში – მანაშესი.
44
ეს არის რჯული, რომელიც დაუდგინა მოსემ ისრაელიანთ.
45
ესენია მოწმობანი, წესები და სამართალი, რომელნიც გამოუცხადა მოსემ ისრაელის ძეთ ეგვიპტიდან გამოსვლისას,
46
იორდანეს გაღმა, ველზე, ბეთ-ფეღორის ახლოს, ამორეველთა მეფის, სიხონის, ქვეყანაში, რომელიც ცხოვრობდა ხეშბონში, და რომელიც შემუსრეს მოსემ და ისრაელიანებმა ეგვიპტიდან გამოსვლისას.
47
და დაიმკვიდრეს მისი ქვეყანა და ქვეყანა ყოგისა, ბაშანის მეფისა, ამორეველთა ორი მეფისა, რომელნიც იყვნენ იორდანეს გაღმა მხარეს, მზის აღმოსავლეთით,
48
ყაროყერიდან, რომელიც არნონის სანაპიროზე მდებარეობს, და მიდის სირიონის მთამდე (ეს არის ხერმონი).
49
და ასევე მთელ იორდანეს გაღმა, აღმოსავლეთით, და ყარაბას ზღვამდე, ფისგას მთის ძირას.
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 5 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
Recommended Reading
Commentary
Deuteronomy Commentaries
→
Devotional
Deuteronomy Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→