bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Numbers 11
Numbers 11
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 12 →
1
და დაიწყო ხალხმა ბოროტად დრტვინავა უფლის გასაგონად, და ესმა ეს უფალს და აღეგზნო მისი რისხვა, და გაჩნდა იქ უფლის ცეცხლი, და შთანთქა ბანაკის განაპირი.
2
და შეჰღაღადა ხალხმა მოსეს; და ილოცა მოსემ უფლის მიმართ და დაცხრა ცეცხლი.
3
და უწოდეს სახელი იმ ადგილს თაბერაყი რადგან იქ აენთო უფლის ცეცხლი.
4
ჭრელი ბრბო, მათ რომ გამოჰყვა ეგვიპტიდან, აჰყვა გულისთქმას; და მათთან ერთად ისხდნენ ისრაელიანები ტიროდნენ და ამბობდნენ: „ვინ გვაჭმევს აქ ხორცს?
5
გვახსოვს თევზი, მუქთად რომ ვჭამდით ეგვიპტეში, აგრეთვე კიტრი და ნესვი, პრასი, ხახვი და ნიორი.
6
ახლა კი სული გვძვრება შიმშილით, არაფერია მანანის გარდა ჩვენს თვალწინ.“
7
მანანა იყო როგორც ქინძის თესლი და თეთრი, შესახედად ჭირხლივით იფინებოდა
8
ხალხი გადიოდა და აგროვებდა მას, და ფქვავდა დოლაბებზე, ან ნაყავდა როდინებში და ხარშავდა ქვაბებში, და მის კვერებს აცხობდა, გემო ზეთიანი კვერისა ჰქონდა.
9
და როცა ღამით ნამი დააწვებოდა ბანაკს, მანანაც მაშინ გადმოდიოდა.
10
მოსეს ესმოდა, რომ ხალხი ტიროდა თავიანთ ოჯახებში, თითოეული თავისი კარვის კართან. მაშინ აინთო რისხვა უფლისა ფრიად, და შეწუხდა მოსე.
11
და უთხრა მოსემ უფალს: „რად უბოროტე შენს მსახურს ასე? რად ვერ ვპოვე წყალობა შენს თვალში, მთელი ამ ხალხის ტვირთი რომ მე ამკიდე?
12
მე ხომ არ მიტარებია მთელი ეს ხალხი მუცლით? მე ხომ არ მიშვია ისინი, რომ მეუბნები, ძიძასავით უბით წაიყვანეო იმ ქვეყანაში, მათ მამებს რომ აღუთქვიო ფიცით?
13
სადა მაქვს ხორცი, რომ მივცე ამ ხალხს, რომ შემომტირიან და ამბობენ: ხორცი მოგვეცი, რომ ვჭამოთო?
14
არ ძალმიძს მე მარტოს მთელი ამ ხალხის ტარება, რადგან მძიმეა ეს ჩემთვის.
15
თუ შენს თვალში წყალობა მიპოვია, თუ ასე მექცევი, ბარემ მომკალი, რათა არ ვუყურებდე ჩემს გაჭირვებას.“
16
და უთხრა უფალმა მოსეს: „შემიკრიბე 70 უხუცესი ისრაელიანთაგან, რომელთაც ხალხის უხუცესებად და ზედამხედველებად იცნობ; მოიყვანე ისინი სადღესასწაულო კარავთან, რომ შენთან ერთად იდგნენ იქ.
17
ჩამოვალ და ვილაპარაკებ იქ შენთან, და ავიღებ იმ სულის ნაწილს, რომელიც შენზეა, და მათზე მოვავლენ, რათა ატარონ შენთან ერთად ხალხის ტვირთი, რომ შენ არ ატარო მარტომ.
18
ხალხს კი უთხარი: ‘განიწმიდეთ ხვალისათვის და ხორცი გექნებათ საჭმელად, რადგან ტიროდით უფლის გასაგონად და ამბობდით: ვინ მოგვცემსო ხორცს საჭმელად? რა კარგად ვიყავითო ეგვიპტეში. მოგცემთ უფალი ხორცს საჭმელად,
19
არა ერთ და ორ დღეს, არა ხუთ დღეს, და არა ათ დღეს, და არა ოც დღეს,
20
არამედ მთელ თვეს, სანამ ცხვირიდან არ გადმოანთხევთ და არ შეგეზიზღებათ, რადგან შეურაცხჰყავით უფალი, რომელიც თქვენს შორისაა, და მოსთქვამდით მის წინაშე და ამბობდით: რისთვის გამოვედითო ეგვიპტიდან?’“
21
და თქვა მოსემ: „600 ათასი ფეხოსანია ამ ხალხში, რომელთა შორისაც მე ვარ, და შენ ამბობ: მე მივცემო მათ ხორცს და მთელ თვეს ექნებათ საჭმელად.
22
რამდენი ცხვარი და ძროხა უნდა დაუკლა მათ, რომ ეყოთ? ან იქნებ მთელი ზღვის თევზი შეუგროვო მათ, რომ ეყოთ?“
23
უთხრა უფალმა მოსეს: „ნუთუ მოკლეა ხელი უფლისა? ახლა იხილავ, ასრულდება თუ არა ჩემი სიტყვა.“
24
და გამოვიდა მოსე და მოუთხრო ხალხს უფლის სიტყვები, და შეკრიბა 70 კაცი ხალხის უხუცესთაგან, და დააყენა ისინი კარავთან.
25
და ჩამოვიდა უფალი ღრუბელში, და ელაპარაკა მას და აიღო ნაწილი იმ სულისა, რომელიც იყო მასზე, და მოჰფინა იგი 70 უხუცესს. და როცა დაივანა მათზე სულმა, იწყეს წინასწარმეტყველება, მაგრამ შემდეგ შეწყვიტეს.
26
და დარჩა ორი კაცი ბანაკში; სახელი ერთისა იყო ელდადი, სახელი მეორისა – მედადი. და დაივანა მათზე სულმა. ისინი იყვნენ აღწერილთაგან, მაგრამ არ გასულან კარავთან. და ისინიც აწინასწარმეტყველდნენ ბანაკში.
27
და მოირბინა ერთმა ჭაბუკმა, და აუწყა მოსეს და უთხრა: ელდადი და მედადი წინასწარმეტყველებენო ბანაკში.
28
და მიუგო იესო ნავეს ძემ, რომელიც მოსეს მსახური იყო სიყრმიდან, და უთხრა: „ბატონო ჩემო, მოსე, შეაჩერე ისინი.“
29
და უთხრა მას მოსემ: „ხომ არ ეჭვიანობ ჩემს გამო? ნეტავ უფლის მთელი ხალხი წინასწარმეტყველი იყოს, და უფალი თავის სულს მათაც მოჰფენდეს.“
30
და დაბრუნდნენ მოსე და ისრაელის უხუცესნი ბანაკში.
31
და ამოვარდა ქარი უფლისაგან და მორეკა მწყერი ზღვიდან, და დაყარა იგი ბანაკთან ერთი დღის სავალზე იქით და ერთი დღის სავალზე აქეთ, ბანაკის ირგვლივ, თითქმის ორი წყრთის სისქეზე მიწის პირიდან.
32
და ადგა ხალხი და აგროვა მწყერი მთელ იმ დღეს და მთელ ღამეს, და მთელ მეორე დღეს. ვინც ცოტას აგროვებდა, ათი ხომერი შეაგროვა. და შემოიწყვეს თავისთვის ის ბანაკის გარშემო.
33
მაგრამ ხორცი ჯერ კიდევ კბილებში ჰქონდათ, ჯერ არ დაეღეჭათ, რომ უფლის რისხვა აინთო ხალხზე, და მუსრი გაავლო უფალმა ხალხს.
34
და უწოდეს იმ ადგილს სახელად კიბროთ-ჰათაავა, რადგან იქ დაასაფლავეს სულსწრაფი ხალხი.
35
და დაიძრა ხალხი კიბროთ-ჰათაავადან ხაცეროთისაკენ.
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 12 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36