bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Genesis 31
Genesis 31
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 30
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 32 →
1
და მოისმინა იაკობმა ლაბანის ძეთა ნათქვამი, რომ ამბობდნენ: ყველაფერი წაართვა იაკობმა მამაჩვენს, მისი ქონებით გამდიდრდაო.
2
და სახეზე შეატყო იაკობმა ლაბანს, რომ იგი ისეთი აღარაა მის მიმართ, როგორიც უწინ იყო.
3
და უთხრა უფალმა იაკობს: „დაბრუნდი შენი მამა-პაპის ქვეყანაში, შენს სამშობლოში, და მეც შენთან ვიქნები.“
4
და გაგზავნა კაცი იაკობმა და მოუხმო რახელსა და ლეას ველად, თავის ფარასთან.
5
და უთხრა მათ: „ვხედავ, რომ მამათქვენს სახე შეეცვალა ჩემს მიმართ. მამაჩემის ღმერთი კი ჩემთან არის.
6
თქვენ იცით, რომ ძალ-ღონე არ დამიშურებია მამათქვენის სამსახურში.
7
მამათქვენმა კი მომატყუა და ათგზის შემიცვალა გასამრჯელო, მაგრამ არ დაანება ღმერთმა, ებოროტნა ჩემთვის.
8
და როცა იტყოდა, დაწინწკლულები იყოსო შენი გასამრჯელო, მთელი ფარა დაწინწკლულებს იგებდა. და თუ იტყოდა, ხატულები იყოსო შენი გასამრჯელო, ხატულებს იგებდა მთელი ფარა.
9
ასე წაართვა ღმერთმა ფარები მამათქვენს და მე მომცა.
10
ფარის ახურების დრო იყო და ავახილე თვალი სიზმარში და ვხედავ: ვაცები, ფარას რომ ნერბავენ, სულ ჭრელი, დაწინწკლულები და ხალებიანი იყვნენ.
11
და მითხრა ღვთის ანგელოზმა სიზმარში: ‘იაკობ!’ და მე ვუპასუხე: ‘აქა ვარ.’
12
და თქვა: ‘აახილე თვალი და შეხედე – ყველა ვაცი, ფარას რომ ახტება, ჭრელია, დაწინწკლული და ხალიანი, რადგან ვხედავ ყველაფერს, რასაც ლაბანი გიკეთებს შენ.
13
მე ვარ ღმერთი ბეთელისა, სადაც სვეტს სცხე ზეთი, სადაც აღთქმა მომეცი. ახლა კი, ადექი, გადი ამ ქვეყნიდან და დაუბრუნდი შენი შობის ქვეყანას.’“
14
და მიუგეს რახელმა და ლეამ მას: „ნუთუ კიდევ გვიძევს ჩვენ წილი და სამკვიდრო მამაჩვენის სახლში?
15
განა უკვე უცხოები არა ვართ მისთვის? ხომ გაგვყიდა და ჩვენი ვერცხლიც მთლიანად შეჭამა?
16
ამიტომაც მთელი ქონება, ღმერთმა რომ წაართვა მამაჩვენს, ჩვენი და ჩვენი შვილებისაა. ახლა კი ისე მოიქეცი, როგორც ღმერთს უბრძანებია შენთვის.“
17
და ადგა იაკობი და შესხა თავისი შვილები და თავისი ცოლები აქლემებზე,
18
და გზას გაუყენა მთელი თავისი სამწყსო და მთელი თავისი დოვლათი, რომელიც მოიხვეჭა, თავისი საკუთარი ფარა, რაც შეიძინა ფადან-არამში, რათა წასულიყო ისააკთან, თავის მამასთან, ქანაანის ქვეყანაში.
19
ლაბანი კი წასული იყო თავისი ცხვრის საპარსად; და რახელმა მოიპარა თავისი მამის საოჯახო კერპები.
20
ასე გააცურა იაკობმა ლაბან არამელი – არ გაუმხილა, რომ გაურბოდა მას.
21
და გაიქცა და ყველაფერი თან წაიღო, რაც კი ებადა. და ადგა და გავიდა მდინარის გაღმა და გალაადის მთისკენ ქნა პირი.
22
მესამე დღეს შეიტყო ლაბანმა იაკობის გაპარვა.
23
თან წაიყვანა თავისი თანამოძმენი და სდია მას შვიდი დღის სავალზე, ვიდრე გალაადის მთებში არ წამოეწია.
24
და გამოეცხდა ღმერთი ლაბან არამელს სიზმარში ღამით და უთხრა: „ფრთხილად იყავი, ნუ ეტყვი იაკობს ნურც კარგსა და ნურც ავს.“
25
და როცა დაეწია ლაბანი იაკობს, იაკობს გაშლილი ჰქონდა კარავი მთაზე, და ლაბანმაც გაშალა კარავი გალაადის მთაზე თავის თანამოძმეებთან ერთად.
26
და ლაბანმა უთხრა იაკობს: „ეს რა ჰქენი? მომატყუე და წაასხი ჩემი ასულები, თითქოს მახვილით ნაშოვარი ტყვეები ყოფილიყვნენ.
27
უჩუმრად რატომ გაიპარე, რატომ მიმუხთლე და არ გამიმხილე? ლხინითა და სიმღერით, დოლისა და ქნარის ხმაზე გაგისტუმრებდი.
28
არ დამაცადე, ჩემი ვაჟები და ასულები გადამეკოცნა. უგუნურად მოიქეცი.
29
გიბოროტებდი, მაგრამ თქვენი მამა-პაპის ღმერთმა მითხრა წუხელ სიზმარში: თავი შეიკავე. ნურც კარგს ეტყვი იაკობს, ნურც ავსო.
30
ახლა, წასვლით კი მიდიხარ, რაკი მოგნატრებია მამაშენის სახლი, მაგრამ ღმერთები რაღად მომპარე?“
31
და პასუხად მიუგო იაკობმა ლაბანს: „შემეშინდა, ვიფიქრე წამართმევდი შენს ასულებს.
32
და ვისაც შენს ღმერთებს უპოვი, ცოცხალი არ გადარჩება! ჩვენს ძმათა წინაშე დაადე ხელი ყველაფერს, რაც შენია, და წაიღე.“ არ იცოდა იაკობმა, რომ რახელს ჰქონდა მოპარული კერპები.
33
და შევიდა ლაბანი იაკობის კარავში და ლეას კარავში და ორივე მხევლის კარავში, მაგრამ ვერაფერი იპოვა. და გამოვიდა ლეას კარვიდან და რახელის კარავში შევიდა.
34
და რახელმა აიღო საოჯახო ღმერთები და აქლემის უნაგირს ქვეშ ამოდო ისინი და ზედ დაჯდა. და გაჩხრიკა ლაბანმა მთელი კარავი, მაგრამ ვერ იპოვა.
35
და უთხრა რახელმა მამას: „ნუ გამირისხდება ჩემი ბატონი, რომ ვერ წამოვდგები შენს წინაშე, რადგან დედათა წესში ვდგავარ.“ და ეძება და ვერ იპოვა ლაბანმა კერპები.
36
და განრისხდა იაკობი და წაეკიდა ლაბანს. და მიუგო იაკობმა ლაბანს და უთხრა: „რა დავაშავე და რა შევცოდე, რომ ასე გაცეცხლებული დამდევნებიხარ?
37
ხომ გაჩხრიკე მთელი ჩემი ნივთები, რა იპოვნე შენი ნივთებიდან? დააწყვე აქ შენს და ჩემს ძმათა წინაშე და მათ განგვსაჯონ ჩვენ ორნი!
38
ეს 20 წელია შენთან ვარ და შენს ცხვრებსა და თხებს მკვდარი არ მოუგიათ, არც შენი ფარის ვერძები შემიჭამია.
39
ნამხეცავი შენთან არ მომიტანია – მე ვზარალობდი. მე მაზღვევინებდი დღისა და ღამის ნაქურდალს.
40
დღისით ხორშაკი მწვავდა და ღამით ყინვა, და არ მიკარებია ძილი ჩემს თვალებს.
41
ასე დავყავი 20 წელი შენს სახლში: გემსახურებოდი 14 წელი შენი ორი ასულისათვის, და ექვსი წელი შენი ცხვრებისათვის; შენ კი ათგზის შემიცვალე გასამრჯელო.
42
რომ არ ყოფილიყო ჩემთან ღმერთი მამაჩემისა, ღმერთი აბრაამისა და შიში ისააკისა, შენ ახლა ცარიელს გამისტუმრებდი. ჩემი ტანჯვა და ჩემი ხელების ჯაფა იხილა ღმერთმა და გამხილა წუხელ!“
43
და მიუგო ლაბანმა იაკობს: „ეს ქალები ჩემი ასულები არიან, და ეს ვაჟები ჩემი ძენი არიან, ეს ფარები ჩემი ფარებია. და ყოველივე, რასაც ხედავ, ჩემია. რა ვუყო ახლა ჩემს ასულებს ან ამ ვაჟებს, რომელნიც მათ შობეს?
44
მოდი, დავდოთ აღთქმა მე და შენ; და ის იყოს მოწმედ მე და შენს შორის.“
45
და აიღო იაკობმა ქვა და აღმართა იგი ძეგლად.
46
და უთხრა იაკობმა თავის ნათესავებს: „მოაგროვეთ ქვები.“ და აიღეს ქვები და აღმართეს ბორცვი, და ჭამეს იქ, ბორცვზე.
47
და უწოდა ლაბანმა იმ ბორცვს იეგარ-საჰადუთა. და იაკობმა უწოდა მას გილეყადი.
48
და თქვა ლაბანმა: „ეს ბორცვი იყოს მოწმედ დღეს ჩვენს შორის.“ და ამიტომ ეწოდა მას გილეყადი,
49
და აგრეთვე მიცფა, რადგან თქვა ლიბანმა: „მეთვალყურეობდეს უფალი მე და შენს შორის, როცა მივეფარებით ერთმანეთის თვალს.
50
თუ დაჩაგრავ ჩემს ასულებს, თუ მოიყვან სხვა ცოლებს ჩემი ასულების გვერდით, რომც არავინ იყოს ჩვენთან, იცოდე, ღმერთია მოწმე მე და შენს შორის.“
51
და უთხრა ლაბანმა იაკობს: „აჰა, ეს ბორცვი და ეს ძეგლი, რომლებიც აღვმართე მე და შენს შორის!
52
ეს ბორცვი იყოს მოწმე და ეს ძეგლი მოწმეა, რომ მე არასოდეს გადმოვლახავ შენკენ ამ ბორცვს, და არც შენ გადმოლახავ ჩემკენ ამ ბორცვს და ამ ძეგლს საბოროტოდ.
53
აბრაამის ღმერთმა და ნახორის ღმერთმა განსაჯოს ჩვენს შორის, მათი მამების ღმერთმა.“ და დაიფიცა იაკობმა თავისი მამის, ისააკის შიში.
54
და შეწირა იაკობმა მსხვერპლი მთაზე და მოუხმო თავის მოძმეებს პურის საჭმელად; და მათ ჭამეს პური და გაათიეს მთაზე.
55
და ადგა ლაბანი დილაადრიანად და აკოცა თავის შვილიშვილებს და თავის ასულებს, და აკურთხა ისინი, და წავიდა და დაუბრუნდა თავის მხარეს.
← Chapter 30
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 32 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50