bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Jeremiah 51
Jeremiah 51
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 50
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 52 →
1
ასე ამბობს უფალი: აჰა, მე აღვძრავ ბაბილონსა და ქალდეაში მცხოვრებ ჩემს მტრებზე გამანადგურებელ ქარბორბალას.
2
უცხოტომელებს მივუსევ ბაბილონს და გაანიავებენ მას, და გააპარტახებენ მის მიწას, რადგან ყოველი მხრიდან შეესევიან მისი უბედურების ჟამს.
3
ნუ მოზიდავს მომზიდველი მშვილდს და ნუ გადიდგულდება თავის ჯავშანში; ნუ დაინდობთ მის ჭაბუკებს, გაანადგურეთ მთელი მისი ლაშქარი!
4
და დაეცემიან დახოცილნი ქალდეველთა ქვეყანაში და განგმირულნი მის ქუჩებში,
5
რადგან არ დაქვრივებულა ისრაელი და იუდეა მათი ღმერთის, ცაბაოთ უფლის მიერ, თუმცა კი მათი ქვეყანა დანაშაულითაა სავსე ისრაელის წმიდის წინაშე.
6
გაიქეცით ბაბილონიდან და ყველამ თავისი თავი გადაარჩინოს; ნუ დაიღუპებით მისი ურჯულოების გამო, რადგან შურისგების ჟამია უფლისათვის, მისაგებელს მიაგებს მას.
7
ოქროს თასი იყო ბაბილონი უფლის ხელში, დამათრობელი მთელი ქვეყნისა; იმით სვამდნენ ხალხები ღვინოს და უგუნურებდნენ.
8
უცებ დაეცა ბაბილონი და შეიმუსრა. ჰგოდებდეთ მასზე, ბალზამი დაადეთ მის ჭრილობებს, იქნებ განიკურნოს.
9
ვმკურნალობდით ბაბილონს და ვერ განიკურნა; დავტოვოთ იგი და წავიდეთ ჩვენ-ჩვენს ქვეყნებში, რადგან ცას მისწვდა მისი სასჯელი და ღრუბლებამდე აიწია.
10
უფალმა გამოიტანა სინათლეზე ჩვენი სიმართლე, წავიდეთ და მოვუთხროთ სიონზე საქმე უფლისა, ჩვენი ღმერთისა.
11
ალესეთ ისრები, გაივსეთ კაპარჭები! აღძრა უფალმა მიდიელ მეფეთა სული, რადგან ბაბილონის განადგურება განიზრახა, რადგან უფლის შურისგებაა ეს, შურისგება მისი ტაძრის გამო.
12
ბაბილონის გალავნის წინააღმდეგ აღმართეთ ბაირაღი, გაამაგრეთ დაცვა, დააყენეთ გუშაგნი, მოაწყვეთ საფრები, რადგან განიზრახა უფალმა და კიდეც შეასრულებს, რაც თქვა ბაბილონის მცხოვრებლებზე.
13
დიდ წყლებზე დასახლებულო, მრავალ საგანძურთა მფლობელო, მოვიდა შენი აღსასრული, შენი სიხარბისამებრ.
14
დაიფიცა ცაბაოთ უფალმა: როგორც კალიებით, ისე გაგავსებ ადამიანებით, და საომარ ყიჟინას დაგცემენ.
15
მან შექმნა ქვეყანა თავისი ძალით, სამყარო განამტკიცა თავისი სიბრძნით და თავისი გონებით ცა გარდაართხა.
16
მის ხმაზე წყლები ხმაურობენ ცაში; და ღრუბლებს მოელალება ქვეყნის კიდეებიდან; საწვიმრად აჩენს ელვას და ქარი გამოაქვს თავისი საგანძურებიდან.
17
უვიცობისგან გაბრიყვდა ადამიანი, შერცხვენილია ოქრომჭედელი თავისი კერპით, რადგან ფუჭია მისი ქანდაკი, სული არ უდგას.
18
არარაობანი არიან ისინი, ენით ასაგდები, მათი განკითხვის ჟამს გაქრებიან ისინი.
19
მათი მსგავსი არაა იაკობის წილხვედრი, რადგან მისი ღმერთი ყოველივეს შემოქმედია, და მათ შორის თავისი სამკვიდრებელი ტომისაც – ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
20
შენ ჩემი ურო ხარ – საბრძოლო იარაღი, შენით ვაცამტვერებდი ხალხებს და ვსპობდი სამეფოებს,
21
შენით ვაცამტვერებდი ცხენებსა და მათ მხედრებს, ეტლებსა და ეტლოსნებს;
22
შენით ვაცამტვერებდი კაცსა და ქალს, მოხუცსა და ყმაწვილს, ჭაბუკსა და ქალწულს;
23
შენით ვაცამტვერებდი მწყემსსა და მის ფარას, მხვნელ-მთესველსა და მის ხარ-კამეჩს, მთავრებსა და განმგებლებს.
24
და თქვენს თვალწინ მივუზღავ ბაბილონსა და ყოველ ქალდეველს იმ ბოროტებათა გამო, რაც ჩაიდინეს სიონის მიმართ! – ამბობს უფალი.
25
აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ, დამღუპველო მთაო, – ამბობს უფალი, – გამანადგურებელო მთელი ქვეყნისა; ხელს მოგიღერებ და კლდეზე გადმოგანგრევ და გადაბუგულ მთად გაგხდი.
26
და ქვასაც ვერ აიღებენ შენი ნანგრევებიდან ქვაკუთხედისა და საძირკვლისათვის, რადგან საუკუნოდ გაუდაბურდები, – ამბობს უფალი.
27
ბაირაღი აღმართეთ ქვეყანაში, დაეცით ნაღარა, დარაზმეთ ხალხები მის წინააღმდეგ, მოუხმეთ მის წინააღმდეგ არარატის, მინისა და აშქენაზის სამეფოებს, დასვით მის წინააღმდეგ სპასპეტი, მიუშვით აქაფებული ცხენები – ურიცხვი, როგორც კალია.
28
გზა დაულოცეთ ხალხებს მის წინააღმდეგ, მიდიის მეფეებს და მის მთავრებს, და ყველა მის განმგებელს და მთელ მის სახელმწიფოს.
29
ირყევა მიწა და ტკივილით იხლართება, რადგან ბაბილონს უსრულდება უფლის მუქარა – უკაცრიელ უდაბნოდ აქციოს ბაბილონის ქვეყანა, სადაც კაცისშვილი არ გაიჭაჭანებს.
30
ბაბილონის მეომრებმა შეწყვიტეს ბრძოლა, ჩასხდნენ ციხესიმაგრეებში, დადნა მათი ძალა, ქალებს დაემსგავსნენ; გადაწვეს მათი სავანეები, დაილეწა მათი ურდულები.
31
მალემსრბოლი მალემსრბოლზეა და მაცნე – მაცნეზე, რათა აუწყონ ბაბილონის მეფეს, რომ დაპყრობილია მისი ქალაქი ყოველი მხრიდან;
32
რომ წყალზე ფონები დაკავებულია, ჩახერგილები ცეცხლით გადაწვეს, და შემდრკალნი გარბიან.
33
რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: ბაბილონის ასული არის გასალეწად გამზადებული კალო, ცოტაც და მოაწევს მისი გალეწვის ჟამი.
34
შემჭამა მე, დამღეჭა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა, ცარიელ ჭურჭლად მაქცია, როგორც გველეშაპმა, გაივსო სტომაქი ჩემი ნუგბარით და ამომანთხია.
35
ჩემი სიაბუჩე და ჩემი ხორცის თრევა ბაბილონზეა, – ამბობს სიონის ასული, და ჩემი სისხლი ქალდეის მცხოვრებთა საზღაურია, – ამბობს იერუსალიმი.
36
ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, მე განვსჯი შენს მომრევს და შურს ვიძიებ შენს გამო; ამოვუშრობ ზღვასა და დავუშრეტ წყლებს.
37
და იქცევა ბაბილონი ნანგრევების გორებად, ტურების ბუნაგად, საშინელებად, ასაგდებად და უკაცურად.
38
ლომებივით ერთად აბრდღვინდებიან ისინი და ლომის ბოკვერებივით აღრიალდებიან.
39
მადა აღძრულებს ნადიმს გავუმართავ და დავათრობ, რომ გახალისდნენ და დაიძინონ საუკუნო ძილით და აღარ გამოიღვიძონ, – ამბობს უფალი.
40
კრავებივით ჩამოვრეკავ მათ დასაკლავად, როგორც ვერძებსა და ვაცებს.
41
როგორ დაეცა შეშაქი, და როგორ დაიპყრეს ქვეყნიერების სიამაყე! როგორ გახდა ბაბილონი ხალხთა შესაზარად!
42
ზღვამ აიწია ბაბილონზე, მისმა ბობოქარმა ზვირთებმა შთანთქეს იგი.
43
გაუკაცურდა მისი ქალაქები, ურწყულ და ტრამალ მიწებად იქცა, სადაც კაციშვილი აღარ დასახლდება და ადამის ძე არ გაივლის.
44
და მე მივაკითხავ ბელს ბაბილონში და პირიდან ამოვანთხევინებ, რაც გადაყლაპა. და აღარ ივლიან მისკენ ხალხები, ბაბილონის გალავანიც ჩამოიქცევა.
45
გამოდი მისი წიაღიდან, ჩემო ერო, და იხსენით თითოეულმა თავისი სული უფლის გაცეცხლებული რისხვისაგან.
46
ნუ შეგიდრკებათ გული, ნუ წაგახდენთ ამბის გაგონება, ქვეყანაზე რომ ისმის; და მოვა ის ამბავი ერთ წელს, და მას შემდეგ სხვა ამბავიც მოვა მომდევნო წელს; და იქნება ძალადობა ქვეყანაზე, და აღდგება ხელმწიფე ხელმწიფის წინააღმდეგ.
47
ამიტომ აჰა, მოდის დღეები, როდესაც დავსჯი ბაბილონის კერპებს, და მთელი მისი ქვეყანა შერცხვება და ყველა მისი დაცემულნი მის მიწაზე ეყრებიან.
48
და იზეიმებენ ბაბილონზე ცა და ქვეყანა და ყოველივე, რაც მათშია, რადგან ჩრდილოეთიდან დაესხმიან მძარცველნი, – ამბობს უფალი.
49
როგორც ბაბილონმა დახოცა ისრაელიანები და დასცა, ბაბილონშიც დაეცემიან მათი დახოცილნი.
50
მახვილს თავდაღწეულნო, წადით, ნუ შეჩერდებით! შორიდან გაიხსენეთ უფალი, და იერუსალიმი მოიგონეთ თქვენს გულში.
51
გვრცხვენოდა, როცა ჩვენს გინებას ვისმენდით; გინებამ დაფარა ჩვენი სახე, როცა უცხოთესლი მოადგა უფლის ტაძრის სიწმიდეებს.
52
ამიტომ მოდის დღეები, – ამბობს უფალი, – და მე შურს ვიძიებ მის კერპებზე და მთელ მის ქვეყანაში იკვნესებენ სასიკვდილოდ დაჭრილნი.
53
კიდევაც რომ აღზევდეს ბაბილონი ცამდე და კიდევაც რომ გაამაგროს ზეცაში თავისი ძლიერება, მიუვლენ მას მაოხარნი ჩემგან, – ამბობს უფალი.
54
გოდების ხმა ისმის ბაბილონიდან და დიდი დაქცევისა ქალდეველთა ქვეყნიდან.
55
რადგან უფალი მოარბევს ბაბილონს და ჩააწყვეტინებს გაამპარტავნებულ ხმას; და ახმაურდებიან მისი ტალღები დიდი წყლებივით და გაისმება მათი გრიალის ხმა.
56
რადგან დაესხმის მას, ბაბილონს, მაოხარი და შეიპყრობიან მისი მამაცნი, დაილეწება მათი მშვილდები, რადგან ღმერთი, შურისგების უფალი, მიუზღავს მათ.
57
დავათრობ მის მთავრებსა და მის ბრძენთ, მის განმგებლებს და მის ნაცვლებს, და მის მებრძოლებს და დაიძინებენ საუკუნო ძილით და აღარ გაიღვიძებენ, – ამბობს მეფე, ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
58
ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: ბაბილონის განიერი გალავნები საძირკვლამდე დაინგრევა და მისი მაღალი კარიბჭენი ცეცხლში დაიწვება; ამაოდ უშრომიათ ხალხებს და მხოლოდ ცეცხლისათვის დამაშვრალან ერები.
59
სიტყვა, რომელიც იერემია წინასწარმეტყველმა უანდერძა სერაიას ნერიას ძეს, მახსეიას ძეს, როდესაც ის იუდეის მეფე ცედეკიასთან ერთად წავიდა ბაბილონში, მისი მეფობის მეოთხე წელს (სერაია მესაწოლეთუხუცესი იყო).
60
და ჩაწერა იერემიამ ერთ წიგნში ყველა ის უბედურება, რაც ბაბილონს უნდა დასტყდომოდა თავს, ბაბილონზე დაწერილი ყველა ის სიტყვა.
61
და უთხრა იერემიამ სერაიას: როდესაც ბაბილონში მიხვალ, მაშინ ნახავ და წაიკითხავ ყველა ამ სიტყვას.
62
და თქვი: უფალო, შენ წარმოთქვი ამ ადგილას, რომ ისე გაანადგურებ მას, რომ ვერავინ იცხოვრებს მასში კაციდან პირუტყვამდე, რადგან საუკუნო უდაბნოდ იქცევა იგი.
63
და როდესაც შენ დაასრულებ ამ წიგნის კითხვას, შეაბი მას ქვა და ჩააგდე შუაგულ ევფრატში.
64
და თქვი: ასე ჩაიძირება ბაბილონი და აღარ წამოდგება იმ უბედურების გამო, რომელსაც მე მოვაწევ მას, და ქანცი გაუწყდებათ! აქ წყდება იერემიას სიტყვები.
← Chapter 50
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 52 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52